შალამბერიძე "აპოლონთან" მატჩზე: გადაულახავი ბარიერი არ არსებობს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" ლიმასოლის "აპოლონს" შეხვდება. მომავალი დაპირისპირების შესახებ კომენტარი "საბურთალოს" მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ გააკეთა:

"კვიპროსის "აპოლონი" ტრადიციული და გამოცდილი კლუბია, რომელიც სისტემატურად თამაშობს ევროტურნირებზე. ამ დროისთვის რა ინფორმაციაც მოვიძიე, არის ის, რომ მეტოქე კლუბში 16 ლეგიონერი ირიცხება. კვიპროსში სეზონი მიმდინარეობდა, თუმცა კორონავირუსის გამო შეწყდა. გუნდებიც იმ პოზიციით გავიდნენ ევროტურნირებზე, რა ადგილიც იმ დროისთვის ეკავათ. "აპოლონი" მეოთხეზე იყო.

მართალია, ახალი სეზონი კვიპროსში 22 აგვისტოს იწყება, თუმცა მოწინააღმდეგე სისტემატურად თამაშობს ამხანაგურ მატჩებს. თვალი რომ გადავავლოთ შეხვედრებს, ვნახავთ, რომ 6
მატჩიდან პირველი წააგეს, შემდეგ კი ყველა  გამარჯვებით დაასრულეს. რა თქმა უნდა, რთულ მეტოქესთან გვაქვს საქმე, ამავადროულად, სტუმრად გვიწევს თამაში, თუმცა ჩემი ფეხბურთელების მეიმედება. ბოლომდე ვიბრძოლებთ, დანარჩენს კი თამაში დაგვანახებს. გადაულახავი ბარიერი არ არსებობს. ერთ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვინც უკეთ მოემზადება, ის გაიმარჯვებს. მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.

თუმცა ევროპა ლიგამდე ჩვენი მთავარი საზრუნავი ეროვნულ ჩემპიონატში ორი უახლოესი მატჩია. სამშაბათს "სამტრედიას" ვეთამაშებით, შემდეგ კი - "ჩიხურას". ამ თამაშების შემდეგ უკვე სრულად ევროტურნირებზე გადავერთვებით".

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით