"გენტმა" ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე ბელგიის ჩემპიონატის მეექვსე ტურში გასვლაზე 1:0 მოუგო "მუსკრონს".
გამარჯვების გოლი მე-14 წუთზე გუნდის გერმანელმა ახალწვეულმა ნილას დორშმა გაიტანა, რომელმაც ოთხიოდ დღის წინ "რაპიდის" კარიც დალაშქრა.
აღსანიშნავია, რომ "გენტის" თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა 22-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
ახალი მწვრთნელის, ვიმ დე დეკერის ხელმძღვანელობით "გენტმა" ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა და 23 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში კიევის "დინამოს" უმასპინძლებს. ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 29 სექტემბერს უკრაინის დედაქალაქში გაიმართება და შესაძლოა, იქამდე ჩაკვეტაძე მწყობრში ჩადგეს.