რუსეთთან მატჩის წინ კაპიტანმა ისაუბრა: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ფავორიტები არიან, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა რუსეთთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩის წინ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრეს.

"გუნდში საბრძოლო განწყობაა. ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში არ არსებობს გუნდი, რომლის წინააღმდეგ ღირსეულად თამაში არ შეგვიძლია. რუსეთის ნაკრები არა მხოლოდ ჩვენი ჯგუფის ფავორიტი, არამედ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია.

​სამწუხაროდ, შეხვედრა მსოფლიოში არსებული ვითარების გამო მაყურებლის გარეშე გაიმართება და გულშემატკივრების ემოცია ნამდვილად დაგვაკლდება. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ საინტერესო მატჩს ვიხილავთ", - განაცხადა ზვიად კუპატაძემ.

"რუსეთის წინააღმდეგ რთული თამაში
გველის, თუმცა ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყველა გუნდს აქვს მინუსები და ჩვენ სწორედ ისინი უნდა ვიპოვოთ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის თამაშში. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ საკუთარ მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ.

სამწუხაროდ, საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში ვერ დაგვეხმარება სიმი საიოტი, რომელიც ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და მძიმე ტრავმის გამო გამოგვაკლდა. ვეცდებით, რომ სიმი ღირსეულად შევცვალოთ", - აღნიშნა ავთანდილ ასათიანმა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: ირაკლი თოდუა (აელი, ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ფ.კ.პეტროვი, ლატვია), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), თეიმურაზ ექიზაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი ), რონინიო (ხერსონი, უკრაინა).

საქართველოსა და რუსეთის ფუტსალის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 2 თებერვალს, 18:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ. პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი:

2 თებერვალი
საქართველო - რუსეთი

5 მარტი
საქართველო - სომხეთი

10 მარტი
სომხეთი - საქართველო

9 აპრილი
საქართველო - საფრანგეთი

12 აპრილი
რუსეთი - საქართველო

ევრო 2022-ის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეი-ოფის სისტემით გაირკვევა. ფუტსალში ევრო 2022-ს ნიდერლანდები უმასპინძლებს. აღნიშნული ქვეყნის ნაკრებმა ევროსაგზური საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე, მასპინძლის სტატუსით უკვე მოიპოვა.

წყარო: GFF.ge