კუპერიდან ქეცბაიამდე, წარსულზე, მომავალზე - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული  ნაკრების ყოფილი ფორვარდი, ლადო დვალიშვილი დღეს, ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორია. ბათუმურ კლუბს დიდი მიზნები აქვს და მატზე საუბარი საინტერესოა. გუნდი, 17 აპრილს, ეროვნული ლიგის  მე-9 ტურში პირველად დამარცხდა (1:2 გორის "დილასთან"). მანამდე კი თავდამსხმელის საფეხბურთო კარიერაც გავიხსენეთ...

კუპერიდან ქეცბაიამდე....

ლადო დვალიშვილის სანაკრებო დებიუტი არგენტინელი ექტორ რაულ კუპერის მწვრთნელობის დროს შედგა. დასაწყისი მართლაც მშვენიერი იყო, გარკვეული პაუზის შემდეგ გამოჩნდა ფორვარდი, რომელსაც მეტოქის კარის აღება შეეძლო. თუმცა, ეს სტატისტიკა ასევე წარმატებით არ გაგრძელებულა:

-კუპერმა შანსი მომცა და მისი მადლობელი ვარ.
მოგვიანებით, თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას უფრო მეტად დაცვითი სტილის ფეხბურთს ვთამაშობდით, მეტოქეებიც ძლიერი გვყავდა და ეს ჩემს შედეგიანობაზეც უარყოფითად აისახა, - იხსენებს "დინამოს" სპორტული დირექტორი.

ხორვატიასტან გამარჯვების შემდეგ...

თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდში საქართველოს ეროვნულ გუნდს წაუგებელი სერია ჰქონდა, ხორვატიასთან თბილისში გამარჯვების შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე გასვლა რეალურად ვირწმუნეთ, თუმცა სამ დღეში, ისრაელში მარცხს ცუდად შედგენილმა კალენდარმაც ხელი შეუწყო, შემდეგ კი... ამის ახსნა იმდროინდელი ნაკრების ერთერთ ყველაზე სტაბილურ წევრთან ვცადეთ:

"რა თქმა უნდა, ჩვენთვის სახარბიელო გრაფიკი არ ყოფილა, თუმცა ბოლომდე გამართული სისტემა ერთმა თამაშმა და მარცხმა ვერ უნდა ჩამოშალოს....

როცა შემტევი ფეხბურთის თამაშს არც ისე ხშირად ცდილობ, წარმატების გარანტია ვერასდროს გექნება. გარდა ამისა, ბევრი დასანანი ქულა დავკარგეთ, მაგალითად ლატვიის ნაკრებთან როგორც სტუმრად, ასევე თბილისში..."

ჰაიფას "მაკაბი" და ჩემპიონთა ლიგა

ლადო დვალიშვილი გოლებითა და დაეხმარა ისრაელის ჰაიფას "მაკაბის""ჩემპიონთა ლიგის"ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრილიყო. ამის შემდეგ იყო პოლონეთი და  "ლეგიაში" მშვენიერი დებიუტი. ქართველი ფორვარდისგან ისევ გოლებს შევეჩვიეთ.

"საკლუბო კარიერაშიც მართლაც ბევრი დასამახსოვრებელი შეხვედრა, გოლი და გამარჯვება მახსოვს. რა თქმა უნდა, მქონდა კიდევ უფრო დიდი წარმატების სურვილი, მაგრამ წარსულზე საუბარს ვერიდები, რადგან ყოველთვის შეგიძლია თქვა, უკეთ მოქმედება გმართებდა"- ამბობს ლადო.

როცა კარისკენ 18 დარტყმა გაქვს....

გასული სეზონის ევროტურნირების დროს დვალიშვილი ამჟამინდელ კლუბში როგორც ფეხბურთელი, ისე ირიცხებოდა. ბათუმელებს ისრაელის "აპოელთან" ცუდი შეხვედრა არ ჰქონიათ, თუმცა ეს შედეგში არ ასახულა. ჩვენს რესპონდენტს წელს  დიდი იმედები აქვს:

"გუნდმა დიდი გამოცდილება დაგროვა და ახალ ევროსეზონზე უფრო თავდაჯერებულები ვიასპარეზებთ. რაც შეეხება შარშანდელ შეხვედრას, პანდემიის გამო როცა ერთ თამაშიანი დაპირისპირების  სტუმრად გამართვა გიწევს გუნდთან, რომელიც ამ ტურნირზე ძალიან გამოცდილია, ეს  მარტივი ვერ იქნებოდა. მეტოქეს საკმაოდ ბევრი პრობლემა შევუქმენით, მაგრამ წარმატებას მაინც ვერ მივაღწიეთ“...

ბირთვის შენარჩუნება

"მაქსიმალურად ვცდილობთ, გუნდის ძირითადი ბირთვი შევინარჩუნოთ. რა თქმა უნდა, თუკი ვინმე უკეთეს ჩემპიონატში გადასვლას მოინდომებს, ხელი არ უნდა შევუშალოთ....

რაც შეეხება გაძლიერებას, მათ შორის, ქართველი ლეგიონერებით - დიდი სურვილი გვქონდა, ჩვენს გუნდში ჯაბა კანკავას ეასპარეზა, ამისთვის ბევრი ვეცადეთ.. მასთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იქნება, მაგრამ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სხვა არჩევანი გააკეთა და წარმატებებს მთელი გულით ვუსურვებ...

ევროტურნირების წინ დიდი მნიშვნელობა ექნება, ვინ როგორ ფორმაში შეხვდება, ტრავმირებულები რომელ რგოლში შესაძლოა იყვნენ და გაძლიერებაც ამის მიხედვით უნდა მოხდეს".

საფეხბურთო აკადემიის როლი!

ბათუმის "დინამო" არაერთ ტრანსფერს ახორციელებს, თუმცა დიდი და წარმატებული კლუბები მხოლოდ ახალი ფეხბურთელების იმედად როდი არიან, "დინამოში" კი ფაქტობრივად, არ ირიცხება მოთამაშე, რომელსაც  კლუბის აკადემია გაევლოს. დვალიშვილთან ამ საკითხითაც დავინტერესდით:

"ეს პრობლემა ესერიოზულად იდგა, მაგრამ აწ გარდაცვლილი ჯონი ბაკურიძის, არჩილ ბერიძისა და გია გეგუჩაძის გუნდში მოსვლის შემდეგ, თემამ აქტუალობა შეიძინა. ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო აკადემია აუცილებლად გვექნება!

ბათუმის "დინამოს" მიზანი ეროვნული ლიგისა და თასის გათამაშებისკენაა მიმართული, ევროტურნირეს კი ბოლომდე მზად უნდა შევხვდეთ!"

altპრაგმატულმა და ჩინებულად ორგანიზებულმა "დილამ"ბათუმის "დინამო"დაამარცხა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 2 /
ლადო ძამიკო წარმატებები ! ვარშავაში ყველას ახსოვხარ !!!
გიორგი ვარშავიდან
16:47 18-04-2021
1
წარმატებები ლადოს და ბათუმს
შაკო
12:23 18-04-2021
0

სიახლეები პოპულარული