ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველოს ნაკრები გრონინგენში გამართავს. ჯგუფურ ეტაპზე ავთანდილ ასათიანის გუნდი აზერბაიჯანს, ბოსნია-ჰერცეგოვინას და ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩები 22, 26 და 29 იანვარს გაიმართება.
ევროპის მთავარ სანაკრებო ფორუმზე წასვლამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გუნდთან ერთად გავლილი გზა გაიხსენა და თავისი გუნდის მიზნების შესახებ ისაუბრა.
ავთანდილ ასათიანი: „ამდენი წელია ამ სპორტში ვარ და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩემი ნატვრა იყო. ეს მომენტი რომ ახლოვდება.
გადამწყვეტი მომენტი
"როდესაც მწვრთნელი ხარ, ბევრ რამეს გრძნობ. იმასაც გრძნობ, როდესაც თამაში წაგებულია, მაგრამ მაინც ბოლომდე იბრძვი. გადამწყვეტი იყო ის ეტაპი, როდესაც პლეი-ოფში გავედით და რუმინეთის ნაკრებთან გვქონდა სასწაული თამაში, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ. სწორედ მაგ წაგებამ დაგვანახა, რომ გვაქვს რესურსი და შეგვიძლია ვითამაშოთ იქ, სადაც მოვხვდით. ამიტომ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი. მართალია, ვერ გავედით, მაგრამ გავაკეთეთ სწორი ანალიზი. დიდი როლი ითამაშა ფეხბურთის ფედერაციამ, რადგან ის მოთხოვნები, რაც მწვრთნელებს გვქონდა, შეგვისრულეს და რეალობად ვაქციეთ ჩვენი მიზანი".
მარცხის შიში
"როდესაც ნაკრების მწვრთნელად დავინიშნე, ფუტსალს ძალიან რთული პერიოდი ედგა. ეს სპორტი თითქმის არავინ იცოდა და სულ წაგებები გვქონდა. სწორედ ამ წაგებებით გადავლახეთ მარცხის შიში და კომპლექსი, წნეხი მოგვეხსნა. დავიწყეთ სხვა ეტაპზე გადასვლა. ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ ეს ყველაფერი შენარჩუნდეს და მოგება სენსაციად აღარ ჩაითვალოს".
ევროპის ჩემპიონატის საგზური
"ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა საფრანგეთში პირველმა გასვლამ მოგვიტანა - ფრე 4:4, რომელიც ყველას ახსოვს და მოპოვებული ქულა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სულ ვეუბნებოდი ბიჭებს, რომ საფრანგეთში არწაგება ბოლო ტურში ევროპის ჩემპიონატისთვის ბრძოლის შანსს მოგვიტანდა. ფინალამდე მისვლა ვისწავლეთ და სწორედ იმ ქულამ მიგვიყვანა გადამწყვეტ მატჩამდე თბილისში".
მეტოქეები და მიზნები ევროპის ჩემპიონატზე
"ესპანეთზე საუბარი და დროის დაკარგვა არც ღირს... სამივე ნაკრებს საკმაოდ კარგად ვიცნობთ, თუმცა მთავარი დატვირთვა დანარჩენ სამ გუნდზე იქნება. ბოსნია და ჰერცეგოვინა საკვალიფიკაციო ეტაპის მთავარი აღმოჩენა იყო, რადგან ურთულეს ჯგუფში დაიკავა პირველი ადგილი, რაც წარმოუდგენელია, რომ შემთხვევით მოხდეს ფუტსალში. აზერბაიჯანის ნაკრები უმაღლეს დონეზეა ინდივიდუალური თამაშით, რადგან ძალიან მაღალი დონის ბრაზილიელი მოთამაშეები ჰყავთ. ვფიქრობ, რომ რთული ჯგუფია, თუმცა არც გვქონია ილუზია, რომ ევროპის ჩემპიონატზე იოლი მეტოქეები გვეყოლებოდა.
არასერიოზული დაპირება იქნება, თუ ვიტყვი, რომ გავალთ და სამივე თამაშს მოვიგებთ, თუმცა გულშემატკივარს ვპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის. წარმატების მისაღწევად თავი გვაქვს გადადებული. გვესმის, რომ ძალიან რთული პროცესია, თუმცა, ამავდროულად, საინტერესო და სასიამოვნოა. ვფიქრობ, ბიჭებისთვის იქნება ყველაზე მაგარი, რადგან ამდენი წვალების შემდეგ აღმოჩნდნენ იქ, სადაც დიდი ხანია გვინდა მოხვედრა მთელ ქვეყანას. რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი მაქსიმუმს გააკეთებს. დიდი როლი ექნება ფსიქოლოგიურ ფაქტორს, განსაკუთრებით, პირველ თამაშში, თუმცა აზერბაიჯანს ეს წნეხი არ ექნება, რადგან მეტოქე რეგულარულად თამაშობს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე".
გუნდის შემადგენლობა
"ძალიან გაგვიმართლა ამ მოთამაშეებში [ნატურალიზებული ფეხბურთელები]. გარდა იმისა, რომ პროფესიონალები არიან, ძალიან კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ და ისე შემოვიდნენ ჩვენს ოჯახში, რომ საერთოდ არ გვქონია პრობლემა. ამაში დიდი როლი მიუძღვით ჩვენს მოთამაშეებს, რომლებმაც ამ ბიჭებს არ აგრძნობინეს, რომ სხვა გუნდში, სხვა ქვეყანაში მოვიდნენ.
ვფიქრობ, სწორად შერჩეული რგოლები იყო გაძლიერებული და ამ ბიჭებმაც გაამართლეს, რისთვისაც აუცილებელია მათ კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა. მინდა გავიხსენო საფრანგეთთან მატჩის მომენტი, როდესაც საოცარი თამაშის შემდეგ ბინიო დროშას კოცნიდა... უბრალოდ შეუძლებელია ეს ითამაშო, აუცილებლად გულიდან უნდა მოდიოდეს და ძალიან დასაფასებელია".
გულშემატკივარი
"ძალიან ბევრ გულშემატკივარს უნდა საქართველოს ქომაგობა ნიდერლანდებში და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გულშემატკივარი მწვრთნელის პირველი დამხმარეა, რადგან ფეხბურთელების მოტივირებაზე იმ მომენტში მწვრთნელს დროის დახარჯვა აღარ სჭირდება. საფრანგეთთან მოგებულ გადამწყვეტ მატჩზე ტრიბუნები 33 პროცენტით იყო შევსებული, თუმცა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. როდესაც ქომაგების ხმა გვესმოდა, იმხელა მუხტი მოდიოდა, რომ სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა გამარჯვება. არ ვიცით, რა იქნებოდა, გულშემატკივარი რომ არ მოსულიყო. ძალიან მომთხოვნები არიან, სამაგიეროდ, საოცარ სიყვარულს გვიბრუნებენ ტრიბუნიდან“.
nakrebi.ge