"ინტერის აკადემიის" პრეზიდენტი და "ტორპედოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - ქართველი ქალი ფეხბურთში

AutoSharing Option
ხშირად გვსმენია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების გზა მაღალი დონის საბავშვო აკადემიებსა და ახალი ტიპის საკლუბო მენეჯერებზე გადის. sportall.ge-ს მკითხველებს ამ მიმართულებით ერთ საინტერესო ადამიანს, ანა წერეთელს გავაცნობთ, რომელიც ერთგვარად სტერეოტიპებსაც ანგრევს - ჩვენს ქვეყანაში რომ სპორტული ფუნქციონერი ქალები ნაკლებად არიან. დანარჩენს კი ინტერვიუდან გაიგებთ...

- ქართველ ქალებს სპორტის მენეჯმენტში იშვიათად ვაწყდებით, თქვენ კი უკვე "ინტერის აკადემიის" დირექტორი ხართ. როგორ მიიღეთ ეს გამოწვევა და რამდენად მოგწონთ?
- "ინტერის აკადემიის" საქართველოში გახსნა ჩემი დიდი სურვილი იყო. როგორც ცნობილია, სერია "ა"-ში ის საუკეთესოა. პირადი
კონტაქტებით, მილანში დავუკავშირდი მათ ხელმძღვანელობას და დავითანხმე, საქართველოში, თბილისში - "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" ბაზაზე აკადემია გაგვეხსნა. "ინტერის" ლიცენზია გვაქვს საქართველოს მასშტაბით და ვგეგმავთ რეგიონებში გაფართოებას. ძალიან მიყვარს და მომწონს ჩემი საქმიანობა, არ ვზოგავ ენერგიას.

- ფეხბურთი თქვენთან დიდი დოზითაა. ქუთაისის "ტორპედოს" სამეთვალყურეო საბჭოში ხართ და "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში" სპორტის მიმართულებით მოღვაწეობთ. რამდენად ახერხებთ ძალების გადანაწილებას და თქვენი ამ საქმიანობებისადმი დამოკიდებულებებზე რომ გვიამბოთ?
- ძალების გადანაწილებას თავისუფლად ვახერხებ. ეს ის სფეროა, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. ქუთაისის "ტორპედოს“ ყველა თამაშზე დავდივარ.

დანარჩენ დროს "ინტერის აკადემიის" ფორმირებაში ვატარებ. თებერვლიდან ვიწყებთ 12-დან 15 წლამდე მოზარდების შერჩევას - ვალერიო რინოლი უკვე საქართველოშია, რომელიც თბილისში იცხოვრებს და ჩვენს აკადემიას უხელმძღვანელებს. შევარჩიეთ 12 ქართველი სპეციალისტი, რომლებმაც გაიარეს გადამზადება და იტალიური სისტემით, მათივე მეთვალყურეობის ქვეშ ავარჯიშებენ ქართველ და უცხოელ ბავშვებს.

- ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 2007 წელს, ნოდარ ახალკაცი-უმცროსის დროს იყავით. რა მიმართულებით მუშაობდით და იმ პერიოდს როგორ შეაფასებდით?
- პროფესიით იურისტი ვარ, 2006 წელს დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა და 2007 წელს დავიწყე ფეხბურთის ფედერაციაში, კერძოდ, საკლუბო ლიცენზირების მიმართულებით მუშაობა, სადაც ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე.

- ქართული კლუბები განსაკუთრებული შედეგებით ვერ გამოირჩევიან, რის გამოც მთელი დარტყმა მფლობელებზე მოდის. ხართ თუ არა მზად, ამ გამოწვევას გაუმკლავდეთ?
- ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, სწორი მენეჯმენტით ყველაფრის დალაგება შესაძლებელია. ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს, საკმაოდ კარგი ტრანსფერები განვახორციელეთ და დიდი იმედი მაქვს, ჩვენი ბიჭები გულშემატკივრების მოლოდინებს გაამართლებენ. ჩემთვის "ტორპედოს" უფრო ღრმა დატვირთვა აქვს, ვიდრე უბრალოდ გუნდი, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვარ ან რომელსაც ვგულშემატკივრობ.

Sportall.Ge

- რამდენად გგონიათ, რომ სტერეოტიპებს ანგრევთ?
ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ფეხბურთი შვილების შემდეგ ყველაზე მეტად გიყვართ...
- ჩემი აზრით, ნებისმიერი სფერო შეგიძლია მართო როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა, თუ ის შენია და ფეხბურთი ჩემი სამყაროს დიდი ნაწილია.

- ქართულ ფეხბურთზე თქვენი აზრი საინტერესო იქნება - რესურსებზე, შესაძლებლობებზე. ამბობენ, რომ უკეთესი შედეგების მისაღწევად მხოლოდ ფინანსები გვაკლდება...
- ვფიქრობ, რომ ქართულ ფეხბურთს რაღაც ახალი სჭირდება, განსაკუთრებით, ბავშვთა ფეხბურთიდან არის დასაწყები ცვლილებები. ევროპული აკადემიის იდეა და სურვილიც აქედან წამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ პატარაობიდან იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ. მხოლოდ ფინანსები არ არის პრობლემა, უფრო სწორ მართვასა და მენტალიტეტში ვხედავ სირთულეებს.

- როგორც ვიცი, "იუვენტუსის" გულშემატკივარი ხართ. როგორ გაჩნდა "ინტერის აკადემიის" ვარიანტი და უფრო ვრცლად რომ გვიამბოთ თქვენს საქმიანობაზე, შედეგებსა და უახლოეს გეგმებზე...
- დიახ, "იუვეს" გულშემატკივარი ვარ და მეგობრებიც მყავს გუნდში, მაგრამ როგორც გავარკვიე, "ინტერს" აქვს ყველაზე მაღალი დონის აკადემიები მსოფლიოს მასშტაბით, თბილისის არის "ინტერის" მე-20 აკადემია მსოფლიოში. მარტის შუა რიცხვებში ველოდებით ამ კლუბის ვარსკვლავის საქართველოში ჩამოსვლას. იმედი მაქვს, რომ პანდემიის მხრივ უკეთესი სიტუაცია იქნება და ეს ვიზიტი აღარ გადაიდება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელებაში გვერდში გვიდგას და გვგულშემატკივრობს იტალიის საელჩო საქართველოში.

- სად წარმოგიდგენიათ თავი 20 წლის შემდეგ?

- 20 წლის შემდეგაც, დარწმუნებული ვარ, ისევ ასე მეყვარება ფეხბურთი და ალბათ, ისევ ამ სამყაროში ვიქნები.

Sportall.Ge

-
თქვენი მამა, ზურაბ წერეთელი, ცნობილი ფეხბურთელი იყო. "ფახთაქორის" გულშემატკივრების მის მიმართ დამოკიდებულებაც ვიცით. რამდენად დიდია მისი როლი, დღეს რომ ფეხბურთში ხართ?
- 7 წლის ვიყავი, მამა რომ დამეღუპა, მაგრამ კარგად მახსოვს. როდესაც წამოვიზარდე, მომინდა მის კვალს გავყოლოდი. გავხდი იურისტი, როგორც მამა და დავიწყე მის საყვარელ სფეროში მოღვაწეობა. მამა თამაშობდა "დინამო თბილისში", მოსკოვის "დინამოში", ქუთაისის "ტორპედოში" და სწორედ აქედან წავიდა თავისი ინიციატივით ტაშკენტში, "ფახთაქორის" დასახმარებლად, რომელიც 1979 წლის 11 აგვისტოს ავიაკატასტროფაში მოყვა და სადაც მისი მეგობრები თამაშობდნენ. 3 წელი იცხოვრა ამ ქალაქში და ეხმარებოდა გუნდის აღდგენაში. თამაშის გარდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ასწავლიდა. ყოველგვარ ანაზღაურებაზე უთქვამს უარი, არც ბინაში გადასულა, ცხოვრობდა "კიბრაის“ ბაზაზე, იმ ოთახში, სადაც მისი დაღუპული მეგობარი ცხოვრობდა. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, არ ივიწყებენ მის ღვაწლს, უდიდეს პატივს სცემენ უზბეკეთში მამას და არამარტო უზბეკეთში, სადაც წავედი, ყველგან მისი მეგობრები მხვდებიან და განსაკუთრებულად იხსენებენ.

თქვენი შვილების ჰობიზე რას იტყვით და რამდენად წარმოგიდგენიათ, რომელიმე  სპორტში რომ ვიხილოთ?
- სამი გოგონა მყავს.  უფროსი - ელენიკო 19 წლის, პატარები - მარიამი 9 და ანასტასია 7 წლის. ელენე სამხატვრო აკადემიის სტუდენტია, დაზგურ გრაფიკას სწავლობს. პატარები მეოთხე და მეორე კლასში არიან. მარიამს უნდა ტანმოვარჯიშე გამოვიდეს და საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს, ანასტასიას ბალერინობა სურს.

altქართული ბანერი იტალიურ დერბიში - ინტერვიუ "ინტერის" ქართული აკადემიის დირექტორთან