ჩემპიონთა ლიგაზე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩები იმართება. ბათუმის "დინამო", ერთი შეხედვით, შეუძლებელი მისიის წინაშე სულაც არაა - ბრატისლავის "სლოვანის" დამარცხება და შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია, თუმცა შეხვედრა ძალიან რთული, დაძაბული და საინტერესო უნდა გამოდგეს.
ამინდი და არენა
აღმოსავლეთ საქართველოში ძალიან ცხელა, ბათუმური ამინდი კი ზაფხულისგან შორსაა. სლოვაკური გუნდის თავკაცი ვლადიმირ ვაისი მატჩის წინ გაკვირვებული იყო, ამ ქალაქში მაღალი ტემპერატურა მახსოვსო. ვისთვის გამოვა ეს უკეთესი და უარესი, საღამოს გამოჩნდება. სასიხარულო ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ, ისტორიული სარაგბო მატჩის ჩატარების მიუხედავად,
ბათუმური არენის მინდვრის საფარი მშვენივრად გამოიყურება. გულშემატკივრობა რომ საოცარი იქნება, ამაზე საუბარიც ზედმეტია, ეს კი ქართულ კლუბს მნიშვნელოვან მუხტს მისცემს.
საკადრო საკითხები
გია გეგუჩაძის გუნდი კაპიტან მამუკა კობახიძეს რომ მოისაკლისებს, ეს კარგად მოგეხსენებათ, რომელიც ბრატისლავურ დაპირისპირებაში (0:0) გააძევეს. ცენტრალური მცველის პოზიციას გიორგი რეხვიაშვილი რომ დაიკავებს, ესეც ვიცით. პირველი მატჩისგან გასხვავებით, ბათუმელთა რიგებში კიდევ ერთ ცვლილებას ველით - ირაკლი ბიძინაშვილის ნაცვლად ტრავმამოშუშებული ჯაბა ჯიღაური უნდა ვიხილოთ. კარგია, რომ გუნდს გუგა ფალავანდიშვილი უბრუნდება. მას მინდვრის ცენტრში შემოქმედებითი ელემენტების შეტანა ნამდვილად შეუძლია.
რაც შეეხება ვაისის არჩევანს, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცისგან სასტარტოში ცვლილებებს ნაკლებად ველით. გიორგი ჩაკვეტაძის ძირითადში მოაზრება ჯერ ნაადრევი გვგონია. გურამ კაშიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ თუკი "ჯვაროსნების" ნახევარმცველი ასე გააგრძელებს, ჩვეულ ფორმას მალე დაუბრუნდება.
მკაცრი არბიტრი
ამ გუნდების პირველი მატჩის შემდეგ აღვნიშნეთ, რომ ბათუმელებს დისციპლინის მხრივ სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, მეტოქეზე სამჯერ მეტი (6) გაფრთხილება მიიღეს და ტაიმზე მეტი 10 ფეხბურთელით ითამაშეს. გვჯერა, ამ საკითხზე გია გეგუჩაძე ბევრს იმუშავებდა, თანაც "სლოვანთან" დაპირისპირების მთავარი მსაჯი, 33 წლის პორტუგალიელი ანტონიო ემანუელ კარვალიო ნობრი მკაცრ რეფერად მიიჩნევა. თავად განსაჯეთ, ცოტა ხნის წინ ის 19-წლამდელთა მატჩებს უძღვებოდა და ისრაელი-ინგლისის დაპირისპირებაში 10 ყვითელი ბარათი გამოიყენა, საფრანგეთ-იტალიის შეხვედრაში ეს რიცხვი 7 იყო.
ბათუმელთა რიგებში მომდევნო მატჩის გამოტოვების საფრთხის მეკარე კუპატაძეს, ჩაბრაძეს, რეხვიაშვილს და ტეიდს უდგათ. სტუმართა შორის ასეთები გასულ მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული, სომეხი ბარსეგიანი და სერბი ფორვარდი საპონჯიჩი არიან.
მომდევნო მეტოქე
იმედია, ბათუმის "დინამო" ასპარეზობას ისევ ჩემპიონთა ლიგაზე განაგრძობს, სადაც 19-27 ივლისს უნგრულ "ფერენცვაროშს" ან ყაზახურ "ტობოლს" შეხვდება. ამ წყვილის პირველი მატჩიც უგოლო ფრით დასრულდა. "დინამო" - "სლოვანს" შორის უარესი კი კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს და პოლონურ "ლეხს" დაუპირისპირდება. ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის გუნდი აზერბაიჯანულ "ყარაბაღთან" (1:5) განადგურდა და უეფას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს დაემშვიდობა.
ასე რომ, მთელი ყურადღება ბათუმისკენ, სადაც დღევანდელი დაპირისპირება 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი "აჭარის ტელევიზიაზე" იხილავთ.
ვაისი: ბოდიში იმ ფინალური მატჩის შედეგისთვის
სლოვაკები ბათუმელი გულშემატკივრებით აღფრთოვანდნენ - თბილი დახვედრა აეროპორტში ვაისს, კაშიას, კანკავასა და ჩაკვეტაძეს