"გია გეგუჩაძემ თამაშის შემდეგ თქვა: "რესურსი და ძალები არ გვეყო, ჩვენი ძლიერი მხარე, ბურთის ფლობა დავკარგეთ და ამან დაღი დაასვა ბათუმის "დინამოს" თამაშს. ბოლოს შეხვედრა უფრო ჩვენს ნახევარზე მიმდინარეობდა, კონტრშეტევებზე ვთამაშობდით.“
ეს ნათქვამი ყველამ ისე გაიგო, რომ ესაა წაგების მთავარი მიზეზი. თუმცა ამ აზრს არ ვეთანხმები. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მიზეზია და ჩვენ ისევ რომ მოგვეხერხებინა უპირატესობის შენარჩუნება, მეტოქეს შეიძლება ის ორი მომენტიც არ შექმნოდა, მაგრამ
თუმცა იყო სხვა მიზეზებიც. დავიწყოთ მსაჯით. მსაჯზე გადაბრალება ცუდ ტონად ითვლება და ეს სწორიცაა, მაგრამ გუშინ ორი ასპროცენტიანი პენალტი არ დაგვიდეს. მე არ ვამბობ, რომ მსაჯი შეგნებულად გვმტრობდა. შეიძლება ეს შეცდომა იყო, მაგრამ VAR-ი რომ ყოფილიყო, ხომ ორივე პენალტი იქნებოდა? ესეც ორი დაკარგული ასპროცენტიანი მომენტი.
გავაგრძელოთ დაკარგული მომენტების ჩამოთვლა: ფლამარიონმა პირველი ტაიმის ბოლოს ისეთი "ღორობა“ ჩაიდინა, ეზოში რომ არ იზამს არავინ. იმ მომენტში ზურიკო დავითაშვილისთვის რომ მიეცა პასი, კიდევ ერთი ასპროცენტიანი მომენტი გვექნებოდა. იმედია, უბრალოდ ვერ დაინახა, თუმცა არც ესაა შეღავათი. ასეთ დროს თავს რომ არ ასწევ, ეს შენზე კარგად არ მეტყველებს. მამუჩაშვილმა კი რამდენიმე მეტრიდან ისეთი ბურთი ააცილა, რომელზეც იტყვიან, აცილება უფრო რთული იყო, ვიდრე გატანაო. ეს კიდევ ორი გაშვებული ასპროცენტიანი მომენტი. არაფერს ვამბობ ჯიღაურის მომენტზე. ნუ, იქ ერთი შეხებით ურტყამდა და შეიძლება უფრო მივუტევოთ შეცდომა.
მესმის, რომ თამაშში ყველა ასპროცენტიან მომენტს გოლად ვერ აქცევ, ზოგჯერ მსაჯიც შეცდება, მაგრამ ამ ხუთი მომენტიდან ერთიც რომ გოლით დასრულებულიყო, ხომ ხვდებით, რომ სულ სხვა ვითარება იქნებოდა? და ორი რომ დასრულებულიყო?
იმათიც მესმის, ვინც იტყვის, რა აზრი აქვს იმაზე ლაპარაკს, რაც არ მოხდაო, მაგრამ მატჩის შესაფასებლად და გუნდის თამაშის შესაფასებლად ეს აუცილებელია. შესაბამისად, წაგების მიზეზიც ბევრი გამოგვივა და არაერთი: 1) ის, რაც გეგუჩაძემ თქვა, 2) უიღბლობა, 3) მსაჯის შეგნებული თუ შეუგნებელი სიბრმავე, 4) რამდენიმე ფეხბურთელის (და არამხოლოდ ლაზარე კუპატაძის) შეცდომა გადამწყვეტ მომენტში.
დასკვნის სახით ვიტყვი, რომ "სლოვანი“, რა თქმა უნდა კარგი გუნდია, ზოგადად შეიძლება ჩვენზე უკეთესიც, მაგრამ გუშინ მას ფორტუნაც და მსაჯიც ეხმარებოდა. ვაისის სიტყვებიც ნუ დაგვავიწყდება, "დინამო“ უკეთესი გუნდი იყოო. ამიტომ ბათუმის "დინამოსთვის“ სასაყვედურო არაფერი მაქვს. მშვენიერი გუნდია და თუ ასე გააგრძელებენ, წარმატებაც მოვა. იმისთვის, რომ ფორტუნამ ერთხელაც შენც გაგიღიმოს, ბევრჯერ უნდა სცადო. თუ ბათუმი მინიმუმ დონეს შეინარჩუნებს, ეს დღეც დადგება და იმ ხალხს, ვინც ნაკრების ან კლუბების ყოველი წაგების მერე ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს დასცინის, ხმას ჩააკმენდინებს.
p.s. რაც ვნახე, ჩემი აზრით, რეხვიაშვილი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და გაუგებარია, გეგუჩაძე მას ძირითადში რატომ არ ათამაშებს (ახლა კობახიძის წითელი ბარათის გამო მოხვდა ძირითადში) ან ნაკრებში რატომ არაა. ასევე, ბოლო თამაშებიდან გამომდინარე, მგონია, რომ ალთუნაშვილისნაირი საყრდენი, ართმევაც და შეტევის გამწვავებაც ერთნაირად კარგად რომ შეუძლია, ბევრი არ გვყავს და ნაკრებშიც მეტი შანსი უნდა მისცენ."
შეგახსენებთ, ბათუმელებმა კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლეს, სადაც პოლონურ "ლეხს" დაუპირისპირდებიან.