ლაშა ნოზაძემ და ლევან კაკუბავამ რუმინელებთან მატჩზე ისაუბრეს

AutoSharing Option
დღეს “დინამო-არენის” საპრესკონფერენციო დარბაზში “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ და გუნდის კაპიტანმა ლევან კაკუბავამ პრესკონფერენცია გამართეს და "სტიაუასთან" მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრეს:

ლაშა ნოზაძე: "ტიტულოვან კლუბს ვეთამაშებით, რომელსაც ჩემი წარდგენა არ სჭირდება. რუმინელები სისტემატურად თამაშობენ ევროტურნირებზე, წარმატებები აქვთ როგორც შინაურ ასპარეზზე, ისე ევროსარბიელზე. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძლიერი გვყავს, არ გვეშინია. გამოვალთ მინდორზე და ბოლომდე ვიბრძოლებთ. მაქსიმუმს გავიღებთ გამარჯვებისთვის, რათა გავახაროთ როგორც ჩვენი გულშემატკივრები, ასევე ქვეყანა.

გორში “პარტიზანთან” თამაშისას კუნთი გაიჭიმა და დაახლოებით ერთი თვე დაგვაკლდება გიორგი ჯგერენაია. დანარჩენები მწყობრში
არიან და ემზადებიან მოახლოებული მატჩისთვის. სასიამოვნოა, რომ დავიმატეთ მეკარე ბექა ქურდაძე, რომელიც ჩვენი აკადემიის აღზრდილია. ვფიქრობ, ორი კარგი მეკარე გვყავს და ვინც უკეთ წარმოაჩენს თავს, ის ითამაშებს. ახალგაზრდა მეკარეებიც საკმაოდ პერსპექტიულები გვყავს, რომლებისაც მეიმედება.

შევისწავლეთ მეტოქე, მაგრამ თუ რამდენად კარგად და სწორად შევისწავლეთ, თამაშის დღეს გამოჩნდება. გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ, აქვთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. ვეცდებით, სისუსტეები კარგად გამოვიყენოთ და პრობლემები შევუქმნათ.

შანსებზე მსჯელობა არ მიყვარს, მაგრამ მიმაჩნია, რომ “დინამო არენაზე” თამაში გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. მადლობა გორელებს, რომ კარგი მასპინძლობა გაგვიწიეს. თბილისის გუნდი ვართ და ვფიქრობ, რომ დედაქალაქში უნდა ვითამაშოთ".

ლევან კაკუბავა: "მთავარმა მწვრთნელმა სწორად აღნიშნა, რომ ტიტულოვანი კლუბია და ბევრი წარმატება აქვს. თუმცა ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ყველას გაცნობიერებული აქვს მატჩის მნიშვნელობა. გამოვალთ მინდორზე და ვიბრძოლებთ. ვეცდებით, სანახაობრივი და საინტერესო ფეხბურთი ვითამაშოთ.

რაც შეეხება მეტოქის პოტენციალს შეტევით ხაზში - საკმაოდ კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ჰყავთ ნაკრების ფეხბურთელები, ასევე, მათი წარმომადგენლები სხვადასხვა ნაკრებში თამაშობენ. უნდა გავანეიტრალოთ მოწინააღმდეგე და დაცვაში ყურადღებით უნდა ვითამაშოთ".

fcsaburtalo.ge