ფუტსალის ეროვნული ნაკრები მოლდოვასთან მატჩებისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. 8 და 9 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩვენი გუნდი მოლდოვის ნაკრებს დაუპირისპირდება.

6 თებერვალს მატჩების მასპინძელ არენაზე საქართველოს ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდი მოახლოებული თამაშებისთვის ლეგიონერების გარეშე, საქართველოს ფუტსალის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებით ემზადება.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „მოლდოვასთან ამხანაგური მატჩები არ არის უეფას მიერ გამოყოფილ სანაკრებო ფანჯარაში. როდესაც შემოთავაზება მივიღეთ, ბევრი არ გვიფიქრია, რადგან საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე გამორჩეული ფეხბურთელები იმსახურებენ სანაკრებო შანსის მიცემას. ასეთი თამაშები ყოველთვის კარგია,
რათა, რაც შეიძლება მეტ ფეხბურთელს დავაკვირდეთ. ეს გაზრდის კონკურენციას და ყოველთვის დადებითად აისახება ეროვნულ ნაკრებზე“.

ნიკოლოზ გაბრიჩიძე (საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრი): „ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ყოველთვის განსაკუთრებული შეგრძნება და დიდი პასუხისმგებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩია, მაინც მნიშვნელოვანია. ეროვნული გუნდის მაისურით ყველა თამაშზე მოსაგებად უნდა გავიდეთ და გუნდში შესაბამისი განწყობაა“.

დავით ხეჩიკაშვილი (საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრი):
„ნაკრები ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის და გუნდში მყოფი თითოეული ფეხბურთელისთვის ბევრს ნიშნავს ეროვნულ გუნდში მოხვედრა. პროფესიონალური გარემოა და თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. იმედია, ღირსეულად დავიცავ ნაკრების ღირსებას. მეტოქე შევისწავლეთ, ძალიან კარგი გუნდია და მიუხედავად გადახალისებული შემადგენლობისა, ვეცდებით, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ“.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თორნიკე ბუკია (კსუ, თბილისი), ვახტანგ ტარუნაშვილი (არმია, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი) ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), გიორგი ქურდაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ნიკა გაბრიჩიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი) დავით ხეჩიკაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), ჯანიკო გიორგაია (თსუ, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ, თბილისი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, თბილისი).

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგი

8 თებერვალი | 18:00 | საქართველო - მოლდოვა

9 თებერვალი | 18:00 | საქართველო - მოლდოვა

nakrebi.ge