ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები ბელგიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში პირველი მატჩი გამართა. ბესარიონ არველაძის გუნდი ბელგიასთან 2:4 დამარცხდა.

მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 2:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრების რიგებში ერთი გოლი ზაზა იაშვილმა გაიტანა, მეორე გოლი კი ბელგიელებმა საკუთარ კარში გაიტანეს. მეორე ტაიმის დასაწყისში, საქართველოს ნაკრების ძირითადმა მეკარემ, გიგი ლომაიამ, წითელი ბარათი მიიღო. გადამწყვეტი უპირატესობა მეტოქემ მატჩის დასკვნით 5 წუთში მოიპოვა.

მეინ რაუნდის მომდევნო მატჩს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 23 მარტს, ტურნირის მასპინძელ ლატვიასთან გამართავს. 25 მარტს ჩვენი გუნდი ტურნირის დასკვნით შეხვედრას
ფინეთთან ჩაატარებს.

ფუტსალის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეინ რაუნდის შვიდ საუკეთესო ნაკრებს ტურნირის მასპინძელი ხორვატია შეუერთდება. ჩემპიონობისთვის სულ რვა გუნდი იბრძოლებს. ხორვატიაში მატჩები 2023 წლის 3-10 სექტემბერს შედგება.

nakrebi.ge