დღის მატჩი: დორტმუნდი-რეალი
სამშაბათის მატჩებიდან ყურადღების ცენტრში "სიგნალ იდუნა პარკზე" გასამართავი შეხვედრაა - "დორტმუნდი" "რეალს" მასპინძლობს. ცუდი სტარტის შემდეგ "სამეფო კლუბთან" დაპირისპირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანული გრანდისთვის, რომელმაც ბუნდესლიგაში ბოლო სამი მატჩი ისე მოიგო, 14 გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი
შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი გუნდი ბოლო წლებში ერთმანეთს "შეაბერდა" ლიგაზე - ბოლო 6 ტურნირიდან 5-ში "დორტმუნდისა" და "რეალის" დაპირისპირება ვიხილეთ.
ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს ნური შაჰინი, უკვე ჯგუფში ვარჯიშობს. პეტერ ბოშმა მსუბუქად ავარჯიშა გუნდი. მწვრთნელს ყველა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს, მარკო როისის გარდა. მარიო გიოტცემაც გუნდთან ერთად ივარჯიშა და მას აშკარად ეტყობა, რომ უკეთეს ფორმაშია და ხასიათიც გამოუკეთდა. რა თქმა უნდა, ზინედინ ზიდანის გუნდისთვის მთავარი პრობლემა პიერ-ემერიკ ობამეიანგისა და კრისტიან პულიშიჩის "დაჭერა" იქნება. ძალზე საეჭვოა, რომ ტონი კროოსმა სამშობლოში თამაში შეძლოს, თუმცა იგი გუნდთან ერთად გაფრინდა დორტმუნდში. ბუნებრივია, არ ითამაშებს მატეო კოვაჩიჩი, რომელიც აღდგენით პროცესს გადის. ვერ ითამაშებენ ვერც ქარიმ ბენზემა და მარსელო. ზიდანმა მესამე მეკარედ თავისი ვაჟი ლუკა წაიყვანა.
სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-3-3): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, თოფრაქი, ზაგადუ - კასტრო, შაჰინი, გიოტცე - იარმოლენკო, ობამეიანგი, პულიშიჩი
რეალი (4-4-2): ნავასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, ნაჩო - კაზემირო, ისკო, მოდრიჩი, კროოსი - ბეილი, რონალდო
ტრავმა: ბარტრა, შმელცერი, გერეირო, დურმი, როდე, როისი - მარსელო, ტ. ერნანდესი, კოვაჩიჩი, ბენზემა.
პრესკონფერენცია
მატჩი დიდ ინტერესს იწვევს, საპრესკონფერენციო დარბაზი საკმარისი არ აღმოჩნდა დაახლოებით 30 სატელევიზიო კამერისა და უამრავი ჟურნალისტისთვის. მასპინძელთა მხრიდან პრესკონფერენციაზე პეტერ ბოში და მარიო გიოტცე მივიდნენ, სტუმართა მხრიდან კი - ზინედინ ზიდანი და დანი კარვახალი.
პეტერ ბოში (დორტმუნდი): "რეალის" თამაშის ყურება სასიამოვნოა. მეტოქეს ჰყავს ტექნიკურად ბწყინვალე ფეხბურთელები. "რეალი" კარგ, თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობს".
მარიო გიოტცე (დორტმუნდი): "რეალთან" მუდამ დიდებული თამაშები გამოდის. ჩემპიონთა ლიგაზე ვერაფერს დაგეგმავ წინასწარ, ეს "რეალსაც" არ შეუძლია. მეტოქემ ბოლო ორი ტურნირი მოიგო და, რა თქმა უნდა, მას პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენც დიდებულ ფორმაში ვართ და საკუთარი ძალების გვწამს".
დანი კარვახალი (რეალი): "გერმანიაში თამაში მომიწია, მაგრამ ამ სტადიონზე ვერც მაშინ გავიმარჯვე და ვერც "რეალის" მაისურით. ხვალ "დორტმუნდი" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შედეგის მიღწევა გაგვიჭირდეს. ლა ლიგაში ბოლოს ვერ ვითამაშეთ კარგად, ცოტა დრო კიდევ გვჭირდება საუკეთესო ფორმის მისაღწევად. ბევრ გოლს ვუშვებთ. რატომ? ეს რომ ვიცოდე, მწვრთნელს ვეტყოდი და გოლებსაც აღარ გავუშვებდით".
ზინედინ ზიდანი (რეალი): "ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე ვთამაშობთ. აქ, ამ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის სუნთქვას იგრძნობთ. სტუმრად თამაში ზოგადად უფრო რთულია, მაგრამ ისიც მართალია, რომ აქ ყველაზე მეტად გვიჭირს. აქ არასოდეს მოგვიგია და ეს საუკეთესო გამოწვევაა ჩვენთვის ამ დაპირისპირებაში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფორვარდები გატანას შეძლებენ, თუმცა ყოველთვის ვიმეორებ, რომ მთავარია საგოლე შანსების შექმნა".
ურთიერთშეხვედრები
12 ურთიერთშეხვედრიდან უპირატესობა... "დორტმუნდს" აქვს. 4 მოგება 3 მარცხის წილ (5 ფრე). ბურთებშიც გერმანელები იგებენ - 18:16. მეტიც, "ბორუსია" შინ "რეალთან" დაუმარცხებელია, სამი მოგება სამი ფრის წილ.
ფაქტები
- დორტმუნდში "ბორუსია" "რეალთან" დაპირისპირებაში დაუმარცხებელია (3 მოგება, 3 ფრე).
- ჩემპიონთა ლიგაზე სულ 8 კლუბია, რომელთათვისაც "რეალს" არ მოუგია სტუმრად: "იუვენტუსი", "დორტმუნდი", "ოლიმპიაკოსი", "მილანი", "სპარტაკი", "ატლეტიკო", "ლაციო" და "მანჩესტერ სიტი". პირველ ხუთთან კი უარყოფითი ბალანსიც აქვს.
- კრიშტიანო რონალდო (რეალი) ევროთასებზე 150-ე მატჩს თამაშობს.
- "რეალმა" ზედიზედ 37 მატჩში გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე.
- პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (დორტმუნდი) ბოლო 3 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
- თუკი დანი კარვახალი (რეალი) სასტარტოში იქნება, ეს მისი ზედიზედ მე-11 მატჩი გამოვა სასტარტო შემადგენლობაში. ამ მაჩვენებლით ის გუნდში პირველია.
- თუკი დანი კარვახალი მატჩს ბოლომდე ჩაამთავრებს, მას "რეალის" მაისურით ზედიზედ 990 წუთის თამაში გამოუვა.
- ზინედინ ზიდანი "იუვენტუსში" თამაშობდა, როცა 1997 წლის ლიგის ფინალში "დორტმუნდმა" იტალიურ კლუბს ფინალში 3:1 მოუგო.
- "დორტმუნდმა" ბოლო 4 სეზონში ზედიზედ დაძლია ჯგუფური ეტაპი.
- მატჩს ბიორნ კუიპერსის (ჰოლანდია) ბრიგადა მოემსახურება.
ქართველები ლიგაზე
ჯანო ანანიძის "სპარტაკი" "ლივერპულს" მასპინძლობს და მოსკოვში დიდი აჟიოტაჟია, მაგრამ სამწუხაროდ, ქართველი ნახევარმცველი ვერც ამ შეხვედრაში ითამაშებს - მიზეზი მისი ახალი ტრავმაა, რომელიც რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში მიიღო. მასიმო კარერამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისთვის უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში გუნდს ქართველი ლეგიონერი ნამდვილად ვერ დაეხმარება.
სამაგიეროდ, "შახტართან" ერთად მანჩესტერში გაფრინდა დავით ხოჭოლავა. მწვრთნელი ამ სამეულიდან (ხოჭოლავა, რაკიცკი, ორდეცი) ორ ცენტრალურ მცველს აირჩევს სასტარტოსთვის.
სხვა ფაქტები
- "ბეშიქთაში" ევროთასებზე შინ 9 მატჩია დაუმარცხებელია.
- "ლივერპულმა" მოსკოვის "სპარტაკს" 2002 წელს სტუმრადაც მოუგო და შინაც.
- სერხიო აგუერო "მანჩესტერ სიტის" მაისურით ყველა შეჯიბრებაში - 260 თამაში, 176 გოლი.
- ტიმო ვერნერი (ლაიპციგი) ამ სეზონში (კლუბი და ქვეყანა) - 10 თამაში, 9 გოლი.
- რადამელ ფალკაო (მონაკო) ამ სეზონში (კლუბი და ქვეყანა) - 12 თამაში, 11 გოლი.
- "მარიბორმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 7 მატჩი ითამაშა და აქედან 4 ფრედ დაასრულა.
- 7 წელი და 13 თამაშია, რაც "სპარტაკს" ლიგაზე კარი "მშრალად" არ შეუნახავს.
- გასულ სეზონში "ლივერპულმა" ლიგაზე სტუმრად სულ 1 ქულა აიღო.
- "სიტის" 9 თამაშია, შინ არ წაუგია ევროთასებზე.
- ფერნანდინიომ "შახტართან" ერთად 6 ტიტული მოიგო, სანამ "სიტიში" გადავიდოდა.
- 15 წელია, რაც "ფეიენოორდს" ლიგაზე სტუმრად არ მოუგია.
- "ლაიპციგი" ევროთასებზე პირველად თამაშობს სტუმრად.
- "მონაკოსა" და "პორტუს" თამაში 2004 წლის ლიგის ფინალის რემატჩია, რომელიც "პორტუმ" ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით 3:0 მოიგო.
- ჟოაო მოუტინიომ 2010-13 წლებში "პორტუში" ითამაშა და მერე გადავიდა "მონაკოში".
- "ტოტენჰემმა" ბოლო 8 საგარეო მატჩიდან ევროთასებზე მხოლოდ 2 მოიგო.
სამშაბათი, 26 სექტემბერი
E ჯგუფი
სევილია-მარიბორი 22:45
სპარტაკი-ლივერპული 22:45
F ჯგუფი
ნაპოლი-ფეიენოორდი 22:45
მან. სიტი-შახტარი 22:45
G ჯგუფი
ბეშიქთაში-ლაიპციგი 22:45
მონაკო-პორტუ 22:45
H ჯგუფი
დორტმუნდი-რეალი 22:45
აპოელ-ტოტენჰემი 22:45
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"