ჩემპიონთა ლიგა. II ტური: მატჩი, რომლის მერეც გასახსენებელი ბევრი იქნება

AutoSharing Option
დღევანდელი მატჩები ბევრ საინტერესო ორთაბრძოლას გვპირდება, თუმცა ჩვენ ორი სუპერდაპირისპირება გამოვარჩიეთ პარიზსა და მადრიდში.

დღის მატჩი: პსჟ-ბაიერნი
პსჟ ჰედლაინებიდან არ ჩამოდის - ჯერ იყო მეგა-ტრანსფერები (ნეიმარი, მბაპე), რომლებმაც საფეხბურთო სამყარო ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა, შემდეგ კი არეულება თავად გუნდში - პსჟ-ის ალფა-მამრებმა, ედინსონ კავანიმ და ნეიმარმა ლიდერობა ვერ გაიყვეს (რაც პენალტის დარტყმის უფლებისთვის დავაში გამოიხატა).

ამას ბევრი ჭორ-მართალი მოჰყვა ფრანგულ და არამარტო ფრანგულ პრესაში. ფაქტია, რომ ნეიმარის გარეშე გუნდმა "მონპელიესთან" ვერაფერი გააწყო და ესეც ერთგვარი სიგნალია. ახლა "ბაიერნთან" თამაშში ბრაზილიელი
ბრუნდება. ერთ-ერთი მედიასაშუალების ვერსიით, კავანიმ ერთხელ ისიც კი უთხრა ბრაზილიელს, თავი მესი ნუ გგონიაო. ვნახოთ, რას უპასუხებს ნეიმარი ურუგვაელს მოედანზე. "მესობა" კი, მოგეხსენებათ, ძნელია.

ამ თამაშამდე ორივე გუნდს ერთნაირი რეკორდი აქვს ბოლო 4 დაპირისპირებაში - პსჟ-მა და "ბაიერნმა" ზედიზედ სამ-სამი მატჩი მოიგეს და ბოლოს ფრედ ითამაშეს. პსჟ-ის შესახებ უკვე მოგახსენეთ, "ბაიერნი" კი "ვოლფსბურგს" შინ დაუზავდა, მატჩში, რომელშიც "რეკორდმაისტერს" მანუელ ნოიერი აკლდა, მისმა შემცვლელმა კი სერიოზული შეცდომები დაუშვა.

ნოიერი დღესაც ვერ ითამაშებს, ისევე, როგორც ესპანელი ხუან ბერნატი და დიდი შანსია, მისი თანამემამულე ტიაგო ალკანტარაც. უნაი ემერიმ კი თქვა, რომ ანხელ დი მარია მწყობრშია და თამაში შეუძლია. დიდი ალბათობით, არგენტინელი სათადარიგოს როლით დაკმაყოფილდება. აი, მისი თანამემამულე ხავიერ პასტორე კი ნამდვილად ვერ დაეხმარება პსჟ-ს.

სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, კურზავა - ვერატი, დრაქსლერი, რაბიო - მბაპე, კავანი, ნეიმარი
ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, რაფინია - ტიაგო ალკანტარა, ვიდალი - რიბერი, ხ. როდრიგესი, რობენი - ლევანდოვსკი
ტრავმა: პასტორე, დი მარია (?) - ბერნატი, ტიაგო ალკანტარა (?), ნოიერი.

ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში პსჟ-ს უპირატესობა აქვს - 6 მატჩიდან 4 მოიგო და 2 დათმო, ბურთების შეფარდება კი თანაბარია - 8:8.

პრესკონფერენცია
კარლო ანჩელოტი (ბაიერნი): "ასეთ თამაშში თავი ძალიან კარგად უნდა დაიცვა, თუმცა ასევე კარგად უნდა შეუტიო. ბალანსის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია, რადგან სხვანაირად პარიზელთა კონტრშეტევებს რა დაიჭერს. პსჟ ძალიან კარგი გუნდია. მათ ფანტასტიკური კლასის ახალი ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა მათ სისტემაში უკეთ შესათამაშებლად დრო ესაჭიროებათ. ვფიქრობ, პსჟ ლიგის წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტია. ფაქტია, სეზონის დასაწყისი ისეთი ვერ გამოგვივიდა, როგორსაც ველოდით. ხვალინდელი მატჩი ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანი მოგებაა, არა მარტო ამ თამაშის, არამედ ჯგუფისაც".

უნაი ემერი (პსჟ): "ანჩელოტის შორიდან ვიცნობ. ის ძალიან კარგი ადამიანია და მუდამ პირდაპირია. ის მწვრთნელობის ეტალონია. ხვალ ისეთი თამაში იქნება, რომ ორივე გუნდის ფანებს ბევრი რამ ექნებათ გასახსენებელი. ძალიან მშვიდად ვართ, სეზონი კარგად დავიწყეთ. ხვალ კი მოგება და ლიდერობა გვსურს. პენალტებს კავანი და ნეიმარი იმის მიხედვით დაარტყავენ, ვინ უფრო უკეთ იქნება ამისთვის მომზადებული. პსჟ-ს ახლა ბევრი მტერი გაუჩნდა, რადგან დაინახეს, რომ გრანდების სერიოზული მეტოქეები ვართ".

ფაქტები
  • "პარი სენ-ჟერმენი" და "ბაიერნი" ერთმანეთს პირველად ხვდებიან 2000 წლის შემდეგ.
  • პსჟ-მა "ბაიერნს" სამივე საშინაო მატჩი მოუგო.
  • პსჟ 9 მატჩია, რაც ევროთასებზე შინ დაუმარცხებელია.
  • პარიზში დაბადებული კინგსლი კომანი (ბაიერნი) პროფესიულ კარიერას პსჟ-ში იწყებდა.
  • რობერტ ლევანდოვსკიმ (ბაიერნი) ამ სეზონში 11 გოლი გაიტანა.
  • როცა 2000 წელს "ბაიერნმა" "ოლიმპიაშტადიონზე" პსჟ 2:0 დაამარცხა, ერთ-ერთი გოლი ჰასან სალიჰამიჯიჩმა გაიტანა, ვინც ახლა "ბაიერნის" სპორტული დირექტორია.
  • "ბაიერნის" ბოლო სამი ვიზიტი საფრანგეთში მომგებიანი იყო.
  • პსჟ-მა ევროთასებზე 43 მატჩიდან მხოლოდ ერთი დათმო "პარკ დე პრენსზე".

"ვანდას" ევროდებიუტი
მადრიდის "ატლეტიკო" პირველად უმასპინძლებს ევროთასებზე მეტოქეს ახალ სტადიონზე - "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ჩელსი" ითამაშებს. სხვათა შორის, ამ თამაშმა არც ისე დიდი ინტერესი გამოიწვია ლონდონში, რის გამოც "ჩელსიმ" თავისი კვოტიდან ათასი ბილეთი დაუბრუნა "ატლეტიკოს". რა თქმა უნდა, მათი რეალიზება მადრიდელებს არ გასჭირვებიათ.

დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" განსაკუთრებით კარგად თამაშობს ევროთასებზე. "ვისენტე კალდერონზე" სიმეონემ 23 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო ევროთასებზე. რა იქნება "ვანდაზე"?

დიეგო კოშტას ყოფილი და მომავალი კლუბების დაპირისპირება კი მართლაც ძალზე საინტერესოა.

ფაქტები
  • "ატლეტიკოს" სტატისტიკა ევროთასებზე შინ - 142-დან 104 მოგება.
  • "ატლეტიკოს" სტატისტიკა ევროთასებზე შინ დიეგო სიმეონეს მწვრთნელობისას - 23 მატჩი 18 მოგება, 4 ფრე და 1 წაგება.
  • "ატლეტიკოს" შინ ევროთასებზე ბოლო 11 მატჩია, არ წაუგია.
  • 4 ურთიერთშეხვედრიდან გუნდებმა თითოში იმარჯვეს.
  • "ჩელსის" მეკარე ტიბო კურტუამ 2011-14 წლები "ატლეტიკოში" გაატარა.

ფაქტები სხვა თამაშებიდან
  • ლეო მესი (ბარსელონა) ევროთასებზე - 120 თამაში 99 გოლი.
  • დავიდ დე ხეა (მანჩესტერი) ამ სეზონში (კლუბი და ქვეყანა) - 10 თამაში - 8 "მშრალი", 4 გაშვებული ბურთი.
  • ლუის სუარესი "ბარსელონას" მაისურით - 100 თამაში, 86 გოლი.
  • აზერბაიჯანი პირველად მასპინძლობს ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს.
  • "რომას" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 9 მატჩია სტუმრად ვერ მოუგია.
  • "ბარსელონამ" ლიგაზე სტუმრად ბოლო 4 დაპირისპირებიდან 3 დათმო.
  • "ბარსამ" სტუმრად ლისაბონის "სპორტინგს" ბოლოს 2008 წლის დაპირისპირებაში მოუგო.
  • "სელტიკს" 16 თამაშია ევროთასებზე სტუმრად ვერ მოუგია.
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 5 საგარეო მატჩიდან 4 წააგო და 1 ფრედ დაასრულა.
  • სერგეი აკინფეევს (ცსკა) ლიგაზე 44-მატჩიანი სერია აქვს "მშრალი" მატჩის გარეშე.
  • ტურინის "იუვენტუსს" შინ ლიგაზე ბოლო 19 მატჩია არ წაუგია.

ოთხშაბათი, 27 სექტემბერი
A ჯგუფი
ბაზელი-ბენფიკა 22:45
ცსკა-მან. იუნ. 22:45

B ჯგუფი
პსჟ-ბაიერნი 22:45
ანდერლეხტი-სელტიკი 22:45

C ჯგუფი
ყარაბაღი-რომა 20:00
ატლეტიკო-ჩელსი 22:45

D ჯგუფი
სპორტინგი-ბარსელონა 22:45
იუვენტუსი-ოლიმპიაკოსი 22:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული