ვის, რა სჭირდება
A ჯგუფი
- "მანჩესტერ იუნაიტედს" ფრეც ჰყოფნის "ბაზელთან" თამაშში საგზურის მოსაპოვებლად. ამით ინგლისური კლუბი პირველ ადგილსაც დაიბევებს.
- "ბაზელი" პლეი ოფის საგზურს გამარჯვების შემთხვევაში მოიპოვებს, თუ ცსკა "ბენფიკასთან" დამარცხდება.
- "ბენფიკამ" აუცილებლად უნდა მოიგოს და იმედი ჰქონდეს, რომ "ბაზელი" დამარცხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯგუფში ჩარჩენას გაიფორმებს.
- პსჟ უკვე გასულია, გუნდს შეუძლია პირველი ადგილის დაბევება თუ ამ ტურში "ბაიერნზე" უკეთ ითამაშებს.
- "სელტიკი" და "ანდერლეხტი" ჯგუფში ჩარჩნენ, მათი მთავარი მოტივაცია მესამე ადგილია.
- "სელტიკს" შეუძლია მესამე ადგილი და ევროპალიგის საგზური გაინაღდოს, თუ ამ ტურში "ანდერლეხტზე" უკეთ ითამაშებს.
- თუ "რომა" მადრიდში ფრედ ითამაშებს, შემდეგ ეტაპზე გადის.
- "რომას" შეუძლია პირველი ადგილის განაღდება. ამისთვის უნდა მოიგოს და "ჩელსიმ" არ უნდა იმარჯვოს.
- "ჩელსი" გადის შემდეგ ეტაპზე, თუ მოიგებს "ყარაბაღთან", ან ფრედ ითამაშებს და "ატლეტიკო" თავის მატჩს ვერ მოიგებს.
- "ატლეტიკოს" შანსი რჩება, თუ მოიგებს, ან ფრედ ითამაშებს და "ჩელსი" თავის თამაშს ვერ მოიგებს.
- თუ "ატლეტიკო" მოიგებს და "ყარაბაღი" წააგებს, მადრიდული კლუბი ევროპალიგის პლეი ოფის საგზურს გაინაღდებს.
- "ყარაბაღს" აუცილებლად მოგება სჭირდება, ჯგუფიდან გასვლის შანსის შესანარჩუნებლად.
- "ბარსელონას" ფრე ჰყოფნის, როგორც საგზურის მოსაპოვებლად, ასევე პირველი ადგილის დასაბევებლად. "ბარსა" წაგებითაც გადის, თუ "სპორტინგი" თავის თამაშს ვერ მოიგებს.
- თუ "სპორტინგი" ვერ მოიგებს, ფრე "იუვენტუსსაც" ეყოფა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.
- "სპორტინგს" ფრე ევროპალიგის პლეი ოფის საგზურს გაუნაღდებს.
- "ოლიმპიაკოსმა" უნდა მოიგოს და დაელოდოს, რომ "იუვენტუსი" დამარცხდეს, შანსების შესანარჩუნებლად.
"იუვენტუს არენაზე" მოგება მასპინძლებს გაახარებს, ფრე და "ბარსას" გამარჯვება სტუმრებს.
მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებს ფრე ჰყოფნით, ძნელი წარმოსადგენია, რომ ერნესტო ვალვერდეს გუნდმა დაცვიდან ითამაშოს, თუმცა ამის პრეცედენტი წლევანდელ ლა ლიგაში უკვე იყო ("ატლეტიკოსთან" თამაშში).
I ტურში "იუვე" "კამპ ნოუზე" ვერას გახდა, 0:3 დამარცხდა ("ტუტოსპორტმა" დაწერა, რომ "იუვეს" "ბარსათერაპია" ჩაუტარა), მაგრამ ეს შოკი გუნდმა იოლად გადაიტანა და მოგება "ბებერ ქალბატონს" სტუმრებთან ქულებით გაათანაბრებს.
ურთიერთშეხვედრები
როგორც ვთქვით, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ბარსამ" "იუვეს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით მოუგო. იმ თამაშში უსმან დემბელემ პირველად ითამაშა "ბარსას" სასტარტოში, დღეს იგი ტრავმირებულია. ლეო მესიმ დუბლი შეასრულა, ხოლო ივან რაკიტიჩმა მეორე ტაიმში ერთი შეაგდო, რაც სავსებით ასახავს კატალონიელთა უპირატესობას იმ თამაშში - 3:0.
აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს 10-ჯერ დაუპირისპირდნენ. "ბარსელონას" მცირე უპირატესობა აქვს - 4 მოგება "იუვენტუსის" სამის წინააღმდეგ. ბურთების შეფარდებაც მის მხარეზეა - 13:10.
ამათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შარშანდელი მეოთხედფინალური დაპირისპირებაა ტურინში, რომელშიც "ბებერმა ქალბატონმა" პირწმინდად აჯობა მეტოქეს, პირველ ტაიმში პაულო დიბალამ დუბლი შეასრულა, ხოლო მეორეში ჯორჯო კიელინიმ ერთიც დაამატა. საპასუხო შეხვედრაში გოლები აღარ გასულა და "ბარსა" ტურნირს დაემშვიდობა.
არ შეიძლება არ გავიხსენოთ 2015 წლის ბერლინური ფინალი, რომელშიც ესპანურმა კლუბმა 3:1 იმარჯვა და ტიტული მეოთხედ მოიპოვა. მაშინ ლუის ენრიკეს გუნდი ივან რაკიტიჩმა დააწინაურა, ალვარო მორატამ გაათანაბრა, მაგრამ ლუის სუარესმა და ბოლოს ნეიმარმა გამარჯვება "ბლაუგრანას" მოუტანეს.
ფორმა
"იუვენტუსი" ესპანურ კლუბებთან შინ ძალიან კარგად თამაშობს - 15 მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 2 დათმო. ბოლოს შინ "იუვემ" ესპანური კლუბებიდან "დეპორტივოსთან" წააგო 0:1 (2004).
"იუვე" ბოლო სამი სეზონია, ჯგუფური ეტაპიდან პლეი ოფში გადის.
"ბარსელონას" შედეგები იტალიურ კლუბებთან სტუმრად ასეთია: 6 მოგება, 9 ფრე, 6 წაგება.
ბოლო ხუთი მატჩია, "ბარსა" იტალიურ კლუბებს სტუმრად საერთოდ ვერ უგებს. ჯგუფური ეტაპი "ბარსამ" ბოლოს 2006/07 წლების სეზონში ვერ გადალახა.
"ბარსელონას" დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ უბრუნდება ჟერარდ პიკე. თუკი ტურინელთა რიგებში არც ტრავმირებულები არ არიან, "ბარსას" უსმან დემბელე, სერხი რობერტო, ხავიერ მასკერანო, ანდრე გომეში, არდა თურანი და რაფინია აკლია.
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - დე შილიო, ბარძალი, კიელინი, ალექს სანდრო - პიანიჩი, მატუიდი - კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი - იგუაინი
ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა - პაულინიო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი
პრესკონფერენცია
მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "უნდა გადავწყვიტო, რა პოზიციაზე ითამაშებენ ხვალ მანჯუკიჩი, დუგლას კოშტა და მატუიდი. იმისთვის, რომ დადებითი შედეგი მივიღოთ, თავი არ უნდა დავზოგოთ. ორი წაგებული ფინალის შემდეგ, მეტს ველით გუნდისგან. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება იოლი, თუმცა შევეცდებით. მათ ჰყავთ მესი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია მოედანზე. დიბალა მასთან შედარებით ბევრად ახალგაზრდაა. ის უფრო სხვა სტილის ფეხბურთელია, ვიდრე მესი, ყველაფერში განსხვავდებიან ერთმანეთისგან - ფიზიკური კონდიციებით, მოედანზე გადაადგილებით და თამაშის მანერით".
ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა): "საუკეთესო "იუვეს" ველით. მეტოქე ძალზე სერიოზულია, რასაც ემატება სტადიონის ატმოსფერო და ფანების დიდი მხარდაჭერა. ხვალ, ალბათ, ბევრ საგოლე შანსს შექმნიან, რადგან მოგება ესაჭიროებათ. რითი უნდა ვაჯობოთ მათ? უფრო მეტი შანსი უნდა შევქმნათ და გამოვიყენოთ. ძალიან საინტერესოა, ვის დარჩება ბურთი, რადგან არც ჩვენ ვაპირებთ მის დათმობას და არც "იუვე". მარტო დიბალა? "იუვეს" რამდენიმე დიდი ფეხბურთელი ჰყავს - პიანიჩი, იგუაინი, კუადრადო... დაცვაში თამაშიც არ უნდა დავივიწყოთ".
ატლეტიკო-რომა
"ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ატლეტიკომ" ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს, მისი მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო, როცა "რომას" ფრეც ჰყოფნის საგზურის მოსაპოვებლად.
ეს გუნდები ერთმანეთს პირველ ტურში დაუპირისპირდნენ და მაშინ გოლი არ გასულა - 0:0. ვინ წარმოიდგენდა, რომ ამის მერე დიეგო სიმეონეს კრებული სულ ორ ქულას შემატებდა მარაგს, მაშინ, როცა ჯგუფში მეტოქედ სუსტი "ყარაბაღი" ჰყავდა, რომელსაც ორჯერ ეთამაშა.
გუნდები ერთმანეთს მეოთხედ ხვდებიან და "ატლეტიკოს" ორი გამარჯვება აქვს, ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდებაც ესპანელების სასარგებლოდაა - 4:2.
მასპინძლებს არ ეყოლებათ ხორვატი შიმე ვრსალიკო, "რომას" აკლია რიკ კარსდორფი, საეჭვოა პატრიკ შიკისა და ალესანდრო ფლორენცის თამაშიც.
პრესკონფერენცია
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ვინ არის ფავორიტი და ვინ არა, არ ვიცი, რადგან მე ტოტალიზატორში არ ვთამაშობ. ამ "ენაზე" საუბარი უბრალოდ არ მესმის. გრიზმანი მოწადინებულია, მას სურს მდგომარეობის გამოსწორება, ის ძალიან შფოთავს. ჩემი აზრით, გრიზმანს მხოლოდ გოლი სჭირდება და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება.
"რომა" ახლა უკეთესია, ვიდრე სექტემბერში იყო, უფრო თავდაჯერებულად თამაშობს... დი ფრანჩესკოს წინააღდეგ რომაულ დერბიში მითამაშია, ის ფიზიკურად ძლიერი იყო და თამაშის მანერით მგავდა კიდეც. მოხარული ვარ მისი წარმატების გამო, რაც მეტი გუნდი ითამაშებს "რომასებურად", მით უკეთესია".
ეუსებიო დი ფრანჩესკო (რომა): "ჩვენი მოწინააღმდეგე დიდი კლუბია, რომელსაც შესაშური შედეგები აქვს ევროსარბიელზე. დიახ, ჩვენ არ გვაქვს ცუდი სატურნირო მდგომარეობა, შეცდომის დაშვების უფლებაც გვაქვს, მაგრამ თავისით არაფერი მოვა, მიზნის მისაღწევად ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. "ატლეტიკოს" რამდენიმე თამაში ვნახე.
დარწმუნებული ვარ, ბურთზე დაგეშილ მეტოქეს ვნახავთ, რომელიც ყოველ ეპიზოდში გააფთრებით იბრძოლებს. ამ გუნდთან მის მოედანზე თამაში არასოდეს ყოფილა იოლი. ჩემი აზრით, გადამწყვეტი თამაშია. გამარჯვება გვინდა, რადგან ჯგუფის პირველ ადგილზე დასრულება გვსურს. მიხარია, რომ გუნდში ამაღლებული განწყობაა".
ოთხშაბათი, 22 ნოემბერი
A ჯგუფი
ცსკა-ბენფიკა 21:00
ბაზელი-მანჩესტერ იუნ 23:45
B ჯგუფი
ანდერლეხტი-ბაიერნი 23:45
პსჟ-სელტიკი 23:45
C ჯგუფი
ყარაბაღი-ჩელსი 21:00
ატლეტიკო-რომა 23:45
D ჯგუფი
იუვენტუსი-ბარსელონა 23:45
სპორტინგი-ოლიმპიაკოსი 23:45
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"