ჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტურის წინ: "ლივერპულისა" და "შახტარის" ბედი დღეს წყდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ჯგუფური ტურის ბოლო დღეს ოთხ ჯგუფში ოთხი საგზურის ბედი უნდა გაირკვეს.

E ჯგუფი ჯერ ღიაა, მომდევნო ორი - ნახევრად დახურული, H ჯგუფში კი ინტრიგა უკვე მოკვდა...

ვის რა სჭირდება
E ჯგუფი: "ლივერპული", რომელიც "სპარტაკს" მასპინძლობს, მერვედფინალში გავა, თუ ფრედ ითამაშებს. თუ "წითლები" მოიგებენ ან ფრეს ითამაშებენ და "სევილია" სლოვენიაში ვერ დაამარცხებს "მარიბორს", "ლივერპული" ჯგუფიდან პირველი ადგილით გავა.

თუ "ლივერპული" წააგებს, მას მხოლოდ მეორე თამაშში "სევილიას" მარცხი უშველის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანდალუსიური კლუბიც გადაასწრებს და რუსულიც.

"სევილია" მერვედფინალშია, თუ
"სპარტაკი" ინგლისში ვერ მოიგებს ან თავად ანდალუსიური კლუბი ქულას ჩაიწერს. პირველი ადგილისთვის "სევილიას" მოგება სჭირდება, თან, "ლივერპულმა" "სპარტაკს" ვერ უნდა მოუგოს.

"სპარტაკს" შემდეგ ტურში "ენფილდზე" გამარჯვება გაიყვანს. თუ "სევილია" ვერ მოიგებს, "სპარტაკის" გამარჯვების შემთხვევაში, რუსული კლუბი სულაც პირველი ადგილით დაასრულებს ტურნირს.

"მარიბორი" გავარდნილია, მესამე ადგილიც კი მისთვის მიუწვდომელია.

F ჯგუფი: "მანჩესტერ სიტი" გასულია და თან, გასულია პირველი ადგილით. ასე რომ, "შახტართან" დაპირისპირება პეპ გვარდიოლას გუნდისთვის ფორმალობაა.

თუ დავით ხოჭოლავას "შახტარი" ამ თამაშს არ წააგებს, უკრაინული კლუბი ინგლისურთან ერთად გავა მერვედფინალში. არის მეორე შანსიც - თუ მეორე მატჩში "ნაპოლი" ვერ მოიგებს, "შახტარს" ნებისმიერი შედეგი აწყობს.

"ნაპოლიმ" თავისი მატჩი აუცილებლად უნდა მოიგოს და დაელოდოს, რა მოხდება უკრაინაში. თუ "შახტარი" დამარცხდება, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის წყალობით, მერვედფინალში იტალიური კლუბი გავა.

"ფეიენოორდი" ნებისმიერ შემთხვევაში გავარდნილია.

G ჯგუფი: "ბეშიქთაში" ამ ტურნირის მთავარი სენსაციაა - თურქული კლუბი უკვე გასულია და პირველი ადგილიც განაღდებული აქვს. "ლაიპციგთან" დაპირისპირება "ბეშიქთაშისთვის" უმოტივაციოა.

"პორტუ" "მონაკოს" თუ დაამარცხებს, შემდეგ ეტაპზეა. "ლაიპციგთან" ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში, მერვედფინალში პორტუგალიური გრანდი გავა.

"ლაიპციგს" მარტო ერთი ვარიანტი აწყობს - ბოლო ტურში "პორტუზე" მეტი ქულა უნდა დააგროვოს.

"მონაკოს" მე-4 ადგილი გარანტირებული აქვს.

H ჯგუფი: "ტოტენჰემი" პირველი ადგილით არის გასული, რადგან ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში, "რეალს" ურთიერთშეხვედრებში სჯობს.

"რეალი" აუცილებლად მეორე ადგილით გავა პლეი-ოფში.

"დორტმუნდსა" და აპოელ-ს მხოლოდ მესამე ადგილი დარჩათ გასაყოფი. ორივე თუ ფრეს ითამაშებს, ევროპალიგაზე "დორტმუნდი" გავა.

დღის მატჩი ლივერპული-სპარტაკი
"წითლებმა" რუსეთის "სახალხო გუნდთან" როგორმე თავიდან უნდა აიცილონ მარცხი და ყველაფერი რიგზე იქნება იურგენ კლოპის კრებულისთვის. "ლივერპულს" პირველი ადგილის დაკავების შანსიც რჩება, რაც განთესვისა და მერვედფინალში საპასუხო მატჩის შინ ჩატარების წინაპირობაა. მეორე მხრივ, რა მნიშვნელობა აქვს განთესვას, თუ მოქმედი ჩემპიონი "რეალი" ერთ-ერთი განუთესავთაგანია?

არ დაგვავიწყდეს, რომ 10-წლიანი პაუზის მერე გვაქვს შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ქართველი ითამაშებს. ბოლოს ეს 2008 წელს მოხდა, როცა კახა კალაძის "მილანი" მერვედფინალში "არსენალთან" დამარცხდა, ხოლო ლევან კობიაშვილის "შალკე" სულაც მეოთხედფინალში გავიდა, სადაც "ბარსას" ებრძოლა, მაგრამ დამარცხდა.

ახლა ეს შანსი ერთბაშად ორ ქართველს აქვს: "შახტარის" დავით ხოჭოლავას და "სპარტაკის" ჯანო ანანიძეს. ჯანოს გუნდის გასვლა არ ჰყოფნის საქმეს, პლეი-ოფებამდე ნაოპერაციები ანანიძე უნდა გამოჯანმრთელდეს და ფორმაში შევიდეს. არადა, მას უმძიმესი ტრავმა ჰქონდა. "ენფილდზე", ბუნებრივია, ჯანო ვერ ითამაშებს.

ეს გუნდები ერთმანეთს აქამდე ხუთჯერ დაუპირისპირდნენ. არანაირი უპირატესობა არ არის "ლივერპულის" მხარეს - გუნდებმა 2-2 მატჩი მოიგეს. მხოლოდ ბურთების შეფარდებით სჯობს ინგლისური კლუბი რუსულს - 11:8.

"ლივერპულს" ჯო გომესი და რაგნარ კლავანი უბრუნდებიან, ხოლო ჯოელ მატიპი და ადამ ლალანა ისევ ლაზარეთში არიან.

პრესკონფერენცია
იურგენ კლოპი (ლივერპული): "ეს არის უმნიშვნელოვანესი თამაში. ჩვენი დიდი სურვილია, გავაგრძელოთ ბრძოლა შემდეგ ეტაპზე. კარგი იქნება, თუ თამაშს მოვიგებთ. სწორედ ამისკენ ვისწრაფვით ჩვენც. ვფიქრობ, რომ ახლა უკეთეს ფორმაში ვართ, ვიდრე "სპარტაკთან" წინა დაპირისპირების დროს, მაგრამ მეტოქემაც მოუმატა.

ჩვენ დაგვიბრუნდა რამდენიმე მოთამაშე. ასე რომ, ძალიან საინტერესო მატჩი გველის. "სპარტაკთან" პირველმა დაპირისპირებამ ბევრი რამ გვასწავლა, თუმცა ხვალ ჩვენ უპირატესობა გვექნება - "ენფილდზე" საოცარ ატმოსფეროს ველით. ბოლო დღეებში ყველაფერს, რასაც ვაკეთებდით და ვამუშავებდით, "სპარტაკთან" თამაშზე ფიქრში ვაკეთებდით. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ნებისმიერი თამაშიდან ჩვენთვის სასარგებლო დასკვნები გამოვიტანოთ".

მასიმო კარერა (სპარტაკი): "ხვალინდელი 90 წუთი გადაწყვეტს, რომელია ჩვენ ორში საუკეთესო გუნდი. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, მაგრამ პატივს ვცემთ მეტოქესა და მის ფანებს. გუნდში ბრწყინვალე მოლოდინებია, ყველა ერთ მუშტად არის შეკრული. ხვალ ძალიან ბევრს ვიომებთ მოედანზე. მეტოქეს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა მათი ჩვენ არ გვეშინია.

არ მსურს, ვილაპარაკო ხვალინდელ შემადგენლობასა და ტაქტიკაზე. ჯერ ერთი, ბევრი რამ ისედაც ხვალ გადაწყდება. გუნდში ერთი ფეხბურთელიც არ არის მეორეზე უფრო მნიშვნელოვანი ან ნაკლებმნიშვნელოვანი. ყველა თანასწორი და საჭიროა".

ფაქტები
  • "ლივერპულმა" ბოლო 8 მატჩიდან 7-ში 3 ან მეტი გოლი გაიტანა (6 მოგება, 2 ფრე).
  • მოჰამედ სალაჰს 22 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი, რაც უკვე სჯობს "ლივერპულის" ფეხბურთელის სეზონის მაჩვენებელს, მას მერე, რაც ლუის სუარესმა 31 გოლი გაიტანა სეზონში (2013/14).
  • სალაჰმა "ლივერპულის" ბოლო 10 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
  • 12 საშინაო მატჩია, რაც "ლივერპული" "ენფილდზე" დაუმარცხებელია.
ოთხშაბათი, 6 დეკემბერი
E ჯგუფი
მარიბორი-სევილია 23:45
ლივერპული-სპარტაკი 23:45

F ჯგუფი
ფეიენოორდი-ნაპოლი 23:45
შახტარი-მანჩესტერ სიტი 23:45

G ჯგუფი
ლაიპციგი-ბეშიქთაში 23:45
პორტუ-მონაკო 23:45

H ჯგუფი
რეალი-დორტმუნდი 23:45
ტოტენჰემი-აპოელ 23:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული