ოთხშაბათი, 7 მარტი
მანჩ. სიტი-ბაზელი 23:45 (4:0)
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ბრავო - დანილო, სტოუნსი, ლაპორტი, ზინჩენკო - დე ბრუინი, გიუნდოგანი, ფოდენი - ბ. სილვა, ჟეზუში, სტერლინგი
ვერ ითამაშებენ: მენდი, ფერნანდინიო
საეჭვოა: -
ბაზელი (5-2-3): ვაჩლიკი - ლანგი, ლაკროა, სუხი, რივეროსი, პეტრეტა - ცუფი, სერეი დიე - შტოკერი, ელიუნუსი, ობერლენი
ვერ ითამაშებენ: ჯაკა (დისკვ)
- "სიტის" საკუთარ სტადიონზე ამ სეზონში არ წაუგია.
- "ბაზელმა" ჯგუფური ეტაპის სამი საგარეო მატჩიდან ორი მოიგო.
- პირველი თამაში "სიტიმ" 4:0 მოიგო.
წინა მატჩი
შვეიცარიაში თითქმის ყველაფერი გადაწყდა - პრემიერლიგის უპირობო ლიდერმა "მანჩესტერ სიტიმ" ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა "ბაზელს". ოთხიდან სამი გოლი პირველ ტაიმში გავიდა, ბოლო გოლი კი - 53-ე წუთზე. სტუმრებს "ტემპი რომ არ დაეგდოთ", "ბაზელი" ალბათ ორნიშნა სხვაობით დამარცხდებოდა.
საბოლოოდ, ილქაი გიუნდოგანმა დუბლი შეასრულა, ხოლო ბერნარდო სილვამ და სერხიო აგუერომ თითო გოლი გაიტანეს.
პრესკონფერენცია
ხოსეპ გვარდიოლა ("მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი): "ჩვენ ისევ ნულიდან ვიწყებთ. არ უნდა დავუშვათ შეცდომები. ჩვენი მიზანია თამაშის კონტროლი და შემდეგ ეტაპზე გასვლა. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
შეიძლება მოთამაშე გაგვიძევონ, შემდეგ მეტოქემ ერთი-ორი გოლი გაიტანოს და თამაშიც დაიძაბოს. დიახ, ჩვენ თითქმის მეოთხედფინალში ვართ და თითქმის ჩემპიონები ვართ პრემიერლიგაში.
მაგრამ ჩვენ ჯერ არც მეოთხედფინალში გავსულვართ და არც ინგლისის ჩემპიონები გავმხდარვართ. ამიტომაც უნდა ვიყოთ ყურადღებით".
რაფაელ ვიკი ("ბაზელის" მწვრთნელი): "დიახ, შეიძლებოდა მეც მეთქვა, რომ ჩვენ გვჯერა საბოლოო წარმატების, მაგრამ თავს ვერ მოვიტყუებთ - უნდა დავისახოთ სხვა მიზნები.
ახლა მსოფლიოში საუკეთესო ორ კლუბს შორის "სიტი" აუცილებლად იგულისხმება. პეპის ხელმძღვანელობით მეორე წელს გუნდი სულ სხვა დონეზე ავიდა.
ჩემს ფეხბურთელებს კი ეს ვუთხარი - საოცარია, რომ მარტში "ბაზელი" ისევ ლიგაზეა. ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ აქამდე მოსაღწევად. ამ დაპირისპირებაში, რა თქმა უნდა, უმძიმეს სიტუაციაში ვართ, მაგრამ უბრალოდ უნდა დავივიწყოთ პირველი მატჩი და ყველაფერი გავიღოთ ხვალ თუნდაც ლოკალური წარმატებისთვის. რაც მთავარია, საკუთარი თამაშისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ".
ოთხშაბათი, 7 მარტი
ტოტენჰემი-იუვენტუსი 23:45 (2:2)
სავარაუდო შემადგენლობები
ტოტენჰემი (4-5-1): ლორისი - ტრიპიერი, სანჩესი, ვერტონგენი, დევისი - დაიერი, დემბელე, სონი, ალი, ერიქსენი - კეინი
ვერ ითამაშებენ: ორიე (დისკვ.)
საეჭვოა: ალდერვეირელდი
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბენატია, კიელინი, ასამოა - ხედირა, პიანიჩი, მატუიდი - დუგლას კოშტა, დიბალა, ალექს სანდრო
ვერ ითამაშებენ: კუადრადო, ბერნარდესკი, მანჯუკიჩი
საეჭვოა: დე შილიო, იგუაინი
- ამ სეზონში "ტოტენჰემმა" ლიგის მატჩები "უემბლიზე" მოგებით დაასრულა.
- "იუვემ" კი ამ სეზონში ლიგაზე მხოლოდ ერთი საგარეო მატჩი მოიგო.
- იტალიაში "ტოტენჰემმა" 0:2 "ამოქაჩა" და 2:2 ითამაშა.
ამ გუნდებს შორის დაპირისპირებას მხოლოდ 3-კვირიანი ისტორია აქვს, თუმცა ეს დაპირისპირება მართლაც დიდებულად დაიწყო ტურინში. ასე რომ, მართლაც დიდ ჯახს ველით. ვნახოთ, როგორ წარიმართება ჰარი კეინისა და ჯანლუიჯი ბუფონის დუელი ამჯერად.
წინა მატჩი
ტურინში ბრწყინვალე ბრძოლა ვიხილეთ. მე-9 წუთისთვის "იუვე" 2:0-ს იგებდა, გონსალო იგუაინის დუბლის წყალობით, მერე კი, მოულოდნელად, ინიციატივა დათმო და ორი გოლიც გაუშვა.
ჯერ ჰარი კეინმა პირველ ტაიმში გამოიჩინა თავი, მეორეში კი კრისტიან ერიქსენმა გაიტანა. პირველ ტაიმში იგუაინს ჰეთ-თრიკის შესრულება შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა.
პრესკონფერენცია
მაურისიო პოჩეტინო ("ტოტენჰემის" მწვრთნელი): "ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს კლუბს ვხვდებით, გუნდს, რომელიც ბოლო სამი სეზონია, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადის.
ეს იქნება ფანტასტიკური ჯახი და თუ ჩვენ ისე ვითამაშებთ, როგორც შეგვიძლია, მოგებისა და გზის გაგრძელების ურიგო შანსი არა გვაქვს. მეოცნებე ვარ და მსურს, ყოველი შანსი გამოვიყენოთ და ბრძოლა გავაგრძელოთ ბოლომდე".
მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ შეიძლება ერთად ითამაშონ იგუაინმა და დიბალამ. ბოლო დღეებია, რაც იგუაინმა ვარჯიში განაახლა, დიბალა ჩინებულად დაბრუნდა "ლაციოსთან" დაპირისპირებაში.
ხვალ ძალიან დიდი მატჩია და ჩვენ არ გვინდა ფანები გავაწბილოთ. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ ფორმაშია, ამ თამაშში ყველამ ყველაფერი უნდა გაიღოს.
არ ვიცი, "დეზები" რას აპირებენ, ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს - ტექნიკურად უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე წინა მატჩში, განსაკუთრებით, მის მეორე ტაიმში. აუცილებელია, თამაშს პოზიტიური კუთხით მივუდგეთ.
ვინაიდან ჩვენთან ბევრს აწუხებს მცირე ტრავმა, სჯობს, ყველაფერი 90 წუთში მორჩეს, რადგან დამატებით დროში გაგვიჭირდება. სხვათა შორის, ხვალ უფრო მეტი სივრცე და შანსი იქნება, ვიდრე ეს "ლაციოსთან" დაპირისპირებაში იყო. მაშინ დიბალამ ერთი შანსი გოლად აქცია. ახლაც ასე უნდა გავაკეთოთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"