უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები: არასოდეს თქვა "არასოდეს"!

AutoSharing Option
არასოდეს თქვა "არასოდეს"! - რომის "ოლიმპიკოზე" მომხდარი სასწაულის შემდეგ დღესაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს, თუმცა "იუვენტუსსა" და "სევილიას" გაცილებით დიდი გმირობის ჩადენა მართებთ. შეუძლიათ კი? ამ კითხვაზე პასუხს საღამოს შევიტყობთ...

ოთხშაბათი, 11 აპრილი
რეალი-იუვენტუსი 22:45 (3:0)

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, კაზემირო, ვარანი, მარსელო - კოვაჩიჩი, მოდრიჩი, კროოსი - ისკო, რონალდო, ბენზემა

იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - დე შილიო, ბენატია, კიელინი, ალექ სანდრო - ხედირა, პიანიჩი, მატუიდი - კუადრადო, იგუაინი, დუგლას კოშტა

არ ითამაშებენ: ნაჩო, სერხიო რამოსი (დისკვ.) - დიბალა
(დისკვ.), ბენტანკური (დისკვ.), ბერნარდესკი, ბარძალი
საეჭვოა: ვასკესი -

ტურინული მატჩიდან ყველაზე მეტად კრიშტიანო რონალდოს სუპერგოლი დაგვამახსოვრდა ჯიჯი ბუფონის კარში. "სამეფო კლუბი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მშვიდად უნდა დაუხვდეს "ბებერ ქალბატონს", რადგან იქ, სადაც სტუმრები იშვიათად იგებენ, 3:0 მოიგო.

არასოდეს, არც ერთ გუნდს, არც ერთ ევროთასზე არ ამოუქაჩავს შინ 0:3 მარცხი. ისტორიას არ ახსოვს ასეთი რამ და, ალბათ, არც მოხდება. კრიშტიანო რონალდოსთვის ეს მატჩი მორიგი რეკორდების დამყარების შესანიშნავი ასპარეზია, მით უფრო, რომ იგი ჩემპიონთა ლიგაზე 150-ე მატჩს თამაშობს. თუ ამ ეტაპს გაივლის, "სამეფო კლუბი" ზედიზედ მერვედ გავა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

ზინედინ ზიდანს დაცვის ცენტრში პრობლემა აქვს - კაპიტანი სერხიო რამოსი დისკვალიფიცირებულია, მისი ბუნებრივი შემცვლელი ნაჩო კი - ტრავმირებული. დიდი ალბათობით, ბრაზილიელი კაზემირო დაცვაში დაიხევს, რადგან შუახაზში მისი შეცვლა თავისუფლად შეუძლია კოვაჩიჩს. "იუვეს" ბენტანკური და დიბალა ჰყავს დისკვალიფიცირებული. ვერ ითამაშებენ ბარძალი და ბერნარდესკიც.

ზინედინ ზიდანი ("რეალის" მწვრთნელი): "პირველი მატჩის შედეგს ჩვენთვის არაფერი შეუცვლია - ეს სულ სხვა თამაშია. რაც მოხდა, მოხდა. ჩვენ მშვენიერი შედეგი მივიღეთ, მაგრამ ეს მხოლოდ ნახევარი საქმეა. ხვალ მეორე ნახევარი გვაქვს. მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობ და არა პოტენციურ ოპონენტებზე ნახევარფინალურ ეტაპზე".

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "ერთადერთი, რაც გვსურს - 0:3-ის შემოტრიალებაა. ძალიან მძიმე მატჩი გვქონდა. ახლა კი უნაკლოდ უნდა ვითამაშოთ, რომ ბრწყინვალე მეტოქესთან დადებითი შედეგი მოვიპოვოთ. ტურინში არავინ ელოდა, რომ უკვე მეორე წუთზე გავუშვებდით. ასე რომ, მსგავსი რამ შეიძლება "რეალსაც" დაემართოს. ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით ლიგისთვის. ხვალ ყველაფერს გავიღებთ, რაც შეგვიძლია".

ოთხშაბათი, 11 აპრილი
ბაიერნი-სევილია 22:45 (2:1)

სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-3-3): ულრაიხი - კიმიხი, ჰუმელსი, ბოატენგი, ბერნატი - ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა, ხამეს როდრიგესი - რიბერი, მიულერი, ლევანდოვსკი

სევილია (4-3-3): სორია - ხესუს ნავასი, მერკადო, ლონგლე, ესკუდერო - ნ"ზონზი, ბანეგა, ფ. ვასკესი - სარაბია, ს. რამირესი, მურიელი

არ ითამაშებენ: ნოიერი, კომანი, ალაბა, ვიდალი - კიაერი
საეჭვოა: - კაროლე, კორშია, მენა

შაბათს "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ტიტული მრავალი ტურით ადრე გაინაღდა, რაც პრინციპში, არავის უკვირს. ახლა კი გუნდმა უნდა ოფიციალურად გაიფორმოს ნახევარფინალისტობა. სევილიაში 2:1 მოგების შემდეგ "რეკორდმაისტერის" საბოლოო წარმატებაში ეჭვი თითქმის არავის ეპარება.

თუ ამ მატჩსაც მოიგებს, იუპ ჰაინკესი რეკორდს დაამყარებს - ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-12 მატჩს მოიგებს.

იუპ ჰაინკესი ("ბაიერნის" მწვრთნელი): "სევილია" გარისკავს და შემოგვიტევს, მაგრამ ჩვენ ჩვენს სათამაშო სტილსა და გეგმას არ ვუღალატებთ. ჩემპიონთა ლიგა ის ტურნირია, რომლის მოგებაც ყოველ ფეხბურთელსა და მწვრთნელს სურს. მეც მათ რიცხვში ვარ".

ვინჩენცო მონტელა ("სევილიას" მწვრთნელი): "ჩვენ კიდევ გვაქვს 90 წუთი და გვრჩება შანსი. არ არის აუცილებელი ეგრევე გატანა, საჩქარო არაფერია. მთავარია, მთელი მატჩის განმავლობაში შევინარჩუნოთ ნახევარფინალში გასვლის შანსი. გოლი არ უნდა გავუშვათ, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"