ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალის წინ: "რეალი" ლიგისთვის დაიქოქა, "უემბლიზე" კი ლიდერები არ იქნებიან

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ბოლო წლების ტრიუმფატორი ამსტერდამში ჩადის სიმპათიურ და, როგორც ყოველთვის, შემტევ "აიაქსთან" სათამაშოდ.

"აიაქსი" ლიგის მერვედფინალში 2006 წლის შემდეგ პირველადაა და მეტოქეც ძალიან ტიტულოვანი და ძლიერი ჰყავს, რომელთანაც ბოლოს სულ მარცხდება. ასე რომ, ჰოლანდიურ კლუბს ორრაუნდიან დაპირისპირებაში ცოტა სასწაულიც სჭირდება.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ ესპანური კლუბი მცირე კრიზისში იყო და მაშინ "აიაქსის" შანსებს უფრო მეტად განიხილავდნენ, მაგრამ სანტიაგო სოლარიმ "რეალს" თავისი ხელი დაატყო და ეს ბოლო თამაშებშიც კარგად აისახა - ფრე სტუმრად კლასიკოზე და გამარჯვება სტუმრად მადრიდულ დერბიში "რეალის" მობილიზების
უტყუარი ნიშანია. თანაც, "სამეფო კლუბს" საკადრო პრობლემები თითქმის არ აწუხებს - გამორიცხული მხოლოდ მარკოს ლორენტეს თამაშია.

ალბათ, არც ისკო იქნება (ზურგის ტკივილების გამო), თუმცა სოლარი ისკოზე აქცენტს მაინც იშვიათად აკეთებს. სამაგიეროდ, შესანიშნავ ფორმაში არიან ქარიმ ბენზემა და ვინისიუს ჟუნიორი, გარეთ ბეილმა კი ახლახან "რეალის" მაისურით თავისი მე-100 გოლი გაიტანა ყველა შეჯიბრებაში და უელსელიც კარგი განწყობით ხვდება ამ დაპირისპირებას.

"აიაქსს" დიდი დანაკლისი ექნება, თუ დე იონგი ან ტალიაფიკო არ ითამაშებენ. მომავალი ბარსელონელი ალბათ ყველაფერს გააკეთებს, რომ "რეალის" წინააღმდეგ ითამაშოს და თავიც გამოიჩინოს.

ფაქტები
  • "რეალმა" "აიაქსს" ბოლო 6 დაპირისპირებაში მოუგო.
  • "აიაქსმა" "რეალი" 1972/73 წლების ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში დაამარცხა.
  • "რეალი" ლიგის ბოლო სამი ტურნირის გამარჯვებულია და ზედიზედ მეოთხე ტიტულისთვის იბრძვის.
  • ამსტერდამის "აიაქსი" მეოთხედფინალში ბოლოს 2003 წელს გავიდა.
  • "რეალი" ბოლო 16 სეზონია, მერვედფინალში გადის; ბოლო 9 წელია, რაც არ ვარდება ამ ეტაპიდან.

ამსტერდამ არენა. 13 თებერვალი
აიაქსი-რეალი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
აიაქსი (4-3-3): ონანა - მაზრაუი, დე ლიხტი, ბლინდი, ტალიაფიკო - დე იონგი, ვან დე ბეეკი, შიონე - ზიეხი, დოლბერგი, ტადიჩი
რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, სერხიო რამოსი, ვარანი, რეგილონი - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბეილი, ბენზემა, ვინისიუსი
არ ითამაშებენ: ბანდე - მ. ლორენტე
საეჭვოა: დე იონგი, ტალიაფიკო, მაგალიანი - ისკო, ვალიეხო
არბიტრი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)

"უემბლიზე" გუნდების პირველი ჯახი მათი ლიდერების გარეშე გაიმართება - "ტოტენჰემი" ჰარი კეინის გარეშე ფრთამოტეხილია, ხოლო "დორტმუნდს" არ ჰყავს მთავარი ძალა - მარკო როისი.

კეინი დიდი დანაკლისია, ამას კი ემატება ის, რომ მაურისიო პოჩეტინოს გუნდს არც დელე ალი ეყოლება. ასეთ შემთხვევაში, უდიდესი მნიშვნელობა ექნება, თუ როგორ ითამაშებს "დორტმუნდთან" კრისტიან ერიკსენი.

სტუმრებს, როისის გარდა, არც მცველი აკანჯი ეყოლებათ. ინგლისში კი დიდი ინტერესით ელიან ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ინგლისელ ფეხბურთელს, ჯეიდონ სანჩოს, რომლის ნიჭიც დორტმუნდში გაიფურჩქნა. ვნახოთ, რას იზამს სანჩო "უემბლიზე", რომელსაც შეტევაში მარიო გიოტცე შეუწყვილდება.

ფაქტები
  • "ტოტენჰემმა" "დორტმუნდი" 2017/18 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ დაამარცხა.
  • სამაგიეროდ, "დორტმუნდმა" "დეზებს" 2015/16 წლების სეზონის ევროპალიგაზე მოუგო მერვედფინალური რაუნდი.
  • ჰარი კეინმა "დორტმუნდს" სამ თამაშში სამი გოლი გაუტანა.
  • "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბოლოს 2010/11 წლების სეზონში გავიდა.
  • "ტოტენჰემმა" ამ სეზონში ყველა ტურნირში სულ 3 მატჩში ითამაშა ფრე. ბოლოს ეს "ბარსელონასთან" მოხდა ჯგუფურ ეტაპზე. მას მერე ინგლისურმა კლუბმა 11 თამაში მოიგო და 4 დათმო.

უემბლი. 13 თებერვალი
ტოტენჰემი-დორტმუნდი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
ტოტენჰემი (4-3-3): ლორისი - ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - ვინკსი, სისოკო, ერიკსენი - ლუკას მოურა, სონი, ლამელა
დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - ჰაკიმი, ვაიგლი, ზაგადუ, შმელცერი - ვიტსელი, დელეინი - სანჩო, ფილიპი, გერეირო - გიოტცე
არ ითამაშებენ: კეინი, ალი - აკანჯი, როისი
საეჭვოა: დევისი -
არბიტრი: ხავიერ ესტრადა (ესპანეთი)

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აიაქსი მოუგებს რეალს)
deus
16:51 13-02-2019
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული