უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

აიაქსი VS ტოტენჰემი - პოჩეტინოს "ამსტერდამელი ბიჭები" სამშობლოში ბრუნდებიან

AutoSharing Option
"ენფილდზე" "ბარსელონას" განადგურების (4:0) შემდეგ "ლივერპული" ფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც დღეს, 8 მაისს უნდა გაირკვეს.

იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე მეორე ფინალისტის ვინაობას ამსტერდამის "აიაქსი" და "ტოტენჰემი" გაარკვევენ.

პირველი მატჩის შემდეგ უპირატესობა ჰოლანდიელთა მხარესაა. მათ სტუმრად მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს და საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ მნიშვნელოვანი ფორა აქვთ, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია და არაერთხელ დამტკიცდა, რომ პირველ შეხვედრაში არსებული უპირატესობა ხშირად არაფერს ნიშნავს.

ეს ფინალში გასვლით "ლივერპულმაც" დაამტკიცა და რაც მთავარია, დაამტკიცა "აიაქსმა", რომელმაც მადრიდის "რეალსა" და
"იუვენტუსს" სხვაობა "ამოუქაჩა".

ამსტერდამელები შეხვედრას უდანაკარგოდ ხვდებიან და დიდი ალბათობით, მოედანზე მრავალჯერ გამოცდილი შემადგენლობით გამოვლენ. "ტოტენჰემს" კი ამ მხრივ პრობლემები აქვს, მაურისიო პოჩეტინოს დღევანდელ მატჩში მთავარი დამრტყმელი ძალა ჰარი კეინი არ ეყოლება, რომელმაც ტრავმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში მიიღო და სეზონის ბოლომდე ლაზარეთში გადაინაცვლა.

თუმცა ლონდონელთათვის შესანიშნავი ამბავია სონის დაბრუნება, რომელმაც პირველი შეხვედრა ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა. მიმდინარე სეზონში კორეელი შესანიშნავ ფორმაშია და გუნდის ნამდვილი ლიდერია.

"აიაქსი" შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდება. გასულ კვირას მათ ჰოლანდიის თასის ფინალში "ვილემ II" (4:0) გაანადგურეს და სეზონის პირველი ტიტული მოიპოვეს. ამასთან ერთად, ახლოს არიან ერედივიზიონის მოგებასთან - ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პსვ-სთან ერთად გათამაშებას 80 ქულით ლიდერობენ, თუმცა მეტოქეს ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებენ.

"ტოტენჰემი" კი სეზონის დასკვნით ეტაპზე ცუდ ფორმაშია, მაურისიო პოჩეტინოს შეგირდებმა ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 შეხვედრიდან 5 მარცხი იწვნიეს და ერთადერთხელ გაიმარჯვეს.

"პირველ შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ - დაცვაში ორგანიზებულად ვითამაშეთ. იგივე შეტევაშიც უნდა გავიმეორეთ. თამაში უნდა წავიკითოთ და გავიგოთ, რისი საშუალება გვაქვს.

პირველ მატჩში სტუმრად გატანილი გოლი მნიშვნელოვანია. ახლა იმ არენაზე ვითამაშებთ, სადაც საოცარი ატმოსფეროა და იმედი მაქვს, ეს დაგვეხმარება. როდესაც პრემიერლიგის კლუბს ეთამაშები, წნეხი უფრო დიდია", - განაცხადა შეხვედრის წინ ერიკ ტენ ჰააგმა.

"ლონდონში დაფიქსირებული ნეგატიური შედეგი ყველაფერს ართულებს, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ ჩვენს ხელშია. ვიცით, რომ გამარჯვება გვესაჭიროება. ეს ამაღელვებელი მომენტია.

თამაშის დროს მეტი თავისუფლება უნდა ვიგრძნოთ, რადგან დასაკარგი არაფერი გვაქვს. ვერავინ იფიქრებდა იმას, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შანსი გვექნებოდა, ახლა კი მომენტი უნდა შევიგრძნოთ და ჩვენი ძალების ვიწამოთ", - ეს უკვე მაურისიო პოჩეტინოს სიტყვებია.

ფაქტები
  • "აიაქსი" ყველა ტურნირზე ბოლო 10 მატჩია დაუმარცხებელია (9 მოგება, 1 ფრე).
  • "ტოტენჰემმა" ყველა ტურნირზე ბოლო 11 შეხვედრიდან 7 მარცხი იწვნია (4 გამარჯვება).
  • "ტოტენჰემს" ჰოლანდიური კლუბების წინააღმდეგ სულ 18-ჯერ უთამაშია - 9 მოგება, 5 ფრე, 4 მარცხი.
  • "აიაქსმა" მიმდინარე სეზონში იმდენი საპლეიოფო საგარეო მატჩი მოიგო, რამდენიც "მანჩესტერ სიტიმ" ისტორიაში (3-დან 3 გამარჯვება).

8 მაისი. "იოჰან კრუიფ არენა"
აიაქსი-ტოტენჰემი. 23:00
აიაქსი (4-3-3): ონანა, მაზრაუი, ბლინდი, დე ლიხტი, ტალიაფიკო, ვან დე ბეეკი, დე იონგი, შონე, ზიეჩი, ტადიჩი, ნერეში.
ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი, ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი, სისოკო, ვანიამა, ალი, ერიქსენი, მოურა, სონი.
არ იქნებიან: კეინი, ვინქსი, სანჩესი (ყველა ტოტენჰემი).