უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

მაურისიო პოჩეტინო: ჰარი კეინის ძირითადში დაყენებას არ ვნანობ

AutoSharing Option
გუშინ ღამით გაიმართა 2018/19 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის ფინალური შეხვედრა. მადრიდში "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ერთმანეთს "ლივერპული" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მერსისაიდელების გამარჯვებით დასრულდა - 2:0.

მატჩი სანახაობრივი არ ყოფილა, პირიქით, ნეიტრალური გულშემატკივარისთვის მოსაწყენიც შეიძლება ყოფილიყო, თუმცა ასეთი ფონი მსგავსი მნიშვნელობის თამაშებს გასდევს. არასანახაობრივ თამაშში "ტოტენჰემმა" ვერაფრით გამოიჩინა თავი, ლონდონელებმა მხოლოდ მეორე ტაიმის ბოლოსკენ დაარტყეს პირველად კარში.

"დეზების" საუკეთესო ბომბარდირი და გამორჩეული ფეხბურთელი ჰარი კეინი მოედანს ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა. ეს ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა 9 აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა და მოედანზე 90 წუთიც
გაატარა. მაგრამ ამ დროში ღირებული ვერაფრის შექმნა ვერ მოახერხა. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ უმჯობესი იქნებოდა ლონდონელთა მთავარ მწვრთნელს კეინი მოედანზე არ გამოეყვანა ან სასტარტო შემადგენლობაში მაინც არ დაეყენებინა. თუმცა, მაურისიო პოჩეტინო სხვანაირად ფიქრობს.

"ეს არ გახლდათ დრამა, ეს გადაწყვეტილება იყო. ჰარი კეინი, რომელსაც გარკვეული დრო ტრავმის გამო გაუცდა, ჩემი აზრით, მატჩის ბოლოსაც კარგად გამოიყურებოდა. მან ვერ გაიტანა, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება განპირობებული იყო ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. მე არ ვნანობ მის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას"- განაცხადა არგენტინელმა მწვრთნელმა Sky Sports-თან საუბარში.

როგორც უნდა იყოს, მთავარი მწვრთნელის ჩანაფიქრმა მაინც ვერ გაამართლა და "ტოტენჰემი", ფაქტობრივად,  უშანსოდ დამარცხდა.