ჩემპიონთა ლიგა. IV ტურის წინ: ცხელი მატჩები ზაგრებსა და მადრიდში

AutoSharing Option
დღეს, 6 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება და შესაძლოა, 1/8-ფინალის 5 მონაწილეც გამოვლინდეს.

ქართველი გულშემატკივრისათვის კი განსაკუთრებით საინტერესო, ალბათ, მოსკოვსა და ზაგრებში გასამართი მატჩები იქნება.

რუსეთის დედაქალაქში ადგილობრივი "ლოკომოტივი" ტურინის "იუვენტუსს" მიიღებს და ვნახოთ, იქნებ საბა კვირკველია ცოტა ხნით მაინც შეუშვას სიომინმა სათამაშოდ. შეხვედრაში მონაწილეობის უფრო დიდი შანსი აქვს დავით ხოჭოლავას, რომლის "შახტარიც" გასვლაზე ზაგრების "დინამოს" ეთამაშება.

დღევანდელი შეხვედრებიდან რთულია რომელიმეს გამოყოფა, თუმცა, მადრიდის "რეალისა" და "გალათასარაის" პირველი თამაშიდან გამომდინარე, ყველაზე მეტ ინტერესს ეს შეხვედრა იწვევს.

"რეალი" - "გალათასარაი"

ამ გუნდების პირველი შეხვედრა "რეალმა" 1:0 მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ მატჩში მხოლოდ 1 გოლი გავიდა, საკმაოდ გახსნილი თამაში იყო და ფეხბურთელებმა ბევრი მომენტი შექმნეს.

იმედია, მადრიდში ასეთივე თამაში იქნება და უფრო მეტი გოლიც გავა. დიდი ალბათობით, "რეალი" პირველ ადგილზე ვეღარ გავა და დღეს გამარჯვება მეორე ადგილს, ფაქტობრივად,  დაუბევებს.

დასაკარგი თურქებსაც არაფერი აქვთ. თუ მოიგეს, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის განაგრძობენ ბრძოლას; თუ არა და, ევროპა ლიგაზე გადასვლისთვის "ბრიუგესთან" ელით გადამწყვეტი მატჩი.

  • "რეალი"
მადრიდის "რეალმა" ლა ლიგის ბოლო ტურში "ბეტისს" ვერ მოუგო, გოლიც ვერ გაუტანა და პირველ ადგილზე გადასვლის შანსი დაკარგა. თუმცა, სეზონის სტარტისგან  განსხვავებით, "სამეფო კლუბი" დაცვაში უკეთესად გამოიყურება და ბოლო 3 მატჩში გოლი არ გაუშვია. შესაძლოა, "რეალს" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ფრეც ეყოს, თუმცა...

დანაკლისი მადრიდელებს ნაკლებად აქვთ. შესაძლოა გარეთ ბეილმა ვერ ითამაშოს, თუმცა უელსელს დიდი სარგებლობა არც მოედანზე ყოფნის დროს მოაქვს.

  • "გალათასარაი"
"გალამ" სეზონი არც ისე კარგად დაიწყო და თურქეთის სუპერლიგაში მე-7 ადგილზეა. სტამბულელები ვერც ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავენ და 3 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვთ. მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში ადვილი არცერთი კლუბისთვის არ არის, თან ამას ისიც ემატება, რომ თურქებს რადამელ ფალკაოც დააკლდებათ.

სავარაუდო შემადგენლობები
"რეალი": კურტუა, რამოსი, ვარანი, კარვახალი, მარსელო, მოდრიჩი, კაზემირო, როდრიგო, კროოსი, აზარი, ბენზემა

"გალათასარაი": მუსლერა, მარიანო, ლუინდამა, მარკაუ, ნაგატომო, ნზონზი, ლემინა, ბელჰანდა, ფეღული, ანდონე, ბაბელი

შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა მატჩები

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში პსჟ "ბრიუგეს" უმასპინძლებს. ალბათ, ფავორიტი ისედაც აშკარაა. თუ "გალათასარაი" "რეალს" ვერ მოუგებს, გამარჯვების შემთხვევაში პსჟ 1/8-ფინალში ითამაშებს. ხოლო, თუ მადრიდში მატჩი ფრედ დასრულდება და პარიზელები მოიგებენ, პსჟ ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებს. აღნიშნული მატჩიც თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

ადრეული მატჩები მიუნხენსა და მოსკოვში გაიმართება. "ბაიერნი" "ოლიმპიაკოსს" შეხვდება. მიუნხენური გრანდი ფრანკფურტში "აინტრახტთან" 1:5 განადგურების შემდეგ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. გუნდს ბერძნებთან მატჩში ჰანს დიტერ ფლიკი გაიყვანს.

"ბაიერნი" მოგების შემთხვევაში 1/8-ფინალში გავა. მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაშიც შეუძლიათ შემდეგ ეტაპზე გასვლა ამ ტურშივე გაიფორმოს, თუ "ტოტენჰემი" "ცრვენა ზვეზდას" დაამარცხებს. თუ ბელგრადში მატჩი ფრედ დასრულდება და "ბაიერნი" მოიგებს, გერმანული კლუბი ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებს.

მოსკოვის "ლოკომოტივი" საკუთარ კედლებში "იუვენტუსს" დაუხვდება. რკინიგზელები პირველ მატჩში დიდი ხნის განმავლობაში იგებდნენ, თუმცა დიბალას მარცხენასთან დამარცხდნენ. რთული სათქმელია, რისი შეთავაზება შეუძლია "ლოკოს" "იუვესთვის".

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საბა კვირკველიამ ითამაშოს და თავი კარგად წარმოაჩინოს. თუმცა, საკმაოდ საეჭვოა, მისი ამდენხნიანი უთამაშებლობა მხოლოდ სპორტულ ფორმასთან იყოს დაკავშირებული. რა ხდება ქართველ მცველთან დაკავშირებით, ბუნდოვანია.

"ცრვენა ზვეზდა" საკუთარ მოედანზე "ტოტენჰემ ჰოთსპურს" უმასპინძლებს. სერბებმა პირველი მატჩი ლონდონში 0:5 დათმეს, თუმცა სახლში ეს გუნდი გაცილებით დიდი ჟინით თამაშობს, რისი დამსახურებაც გულშემატკივართა დიდი არმიაა. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში ბელგრადში "ცრვენა ზვეზდამ" 1 შეხვედრა გამართა და "ოლიმპიაკოსი" 3:1 დაამარცხა. "ტოტენჰემმა" კი 1 გასვლითი მატჩი ჩაატარა და "ოლიმპიაკოსს" ვერ მოუგო (2:2). ამ ეტაპისთვის, მერვედფინალური საგზურისთვის ბრძოლა სამივე გუნდს შეუძლია, "ბაიერნზე" არაფერს ვამბობთ.

C ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა ზაგრებში გაიმართება, სადაც "დინამო" დონეცკის "შახტარს" უმასპინძლებს. ორივე გუნდს 4-4 ქულა აქვს და სწორედ ისინი იბრძვიან შემდეგ ეტაპზე გასვლისათვის. პირველი თამაში ფრედ, 2:2 დასრულდა. ამ მატჩში გამარჯვებული კი, 1/8-ფინალისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

ჯგუფის მეორე მატჩში "ატალანტა" "მანჩესტერ სიტის" მიიღებს. ბერგამოელები ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონს ძალიან ცუდად ატარებენ და ყველა მატჩი წააგეს. "სიტი" მოგების შემთხვევაში 1/8-ფინალში გავა. პირველ ადგილს იმ შემთხვევაში გაინაღდებს, თუ თავად მოიგებს, ხოლო ზაგრებში შეხვედრა ფრედ დასრულდება.

ბოლო მატჩი ლევერკუზენში გაიმართება, სადაც ადგილობრივი კლუბი მადრიდის "ატლეტიკოს" მიიღებს. "ლევერკუზენს" ყველა მატჩი წაგებული აქვს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი, ფაქტობრივად, არ აქვს. ევროპა ლიგაზე გადასვლას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მოსკოვში "ლოკომოტივს" დაამარცხებს. ამ ჯგუფიდან "იუვე" შემდეგ ეტაპზე მოსკოვში გამარჯვების შემთხვევაში გავა, "ატლეტიკო" კი იმ შემთხვევაში გავა 1/8-ფინალში, თუ თავად გაიმარჯვებს და "იუვეც" მოიგებს.

ჩემპიონთა ლიგა. IV ტური
ბაიერნი-ოლიმპიაკოსი 22:00
ლოკომოტივი-იუვენტუსი 22:00
ატალანტა-მანჩესტერ სიტი 00:00
ლევერკუზენი-ატლეტიკო 00:00
დინამო (ზ)-შახტარი 00:00
ცრვენა ზვეზდა-ტოტენჰემი 00:00
პსჟ-ბრიუგე 00:00
რეალი-გალათასარაი 00:00
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული