უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა. V ტურის წინ: "მესტალიაზე" სუპერმატჩის მოლოდინში

AutoSharing Option
დღეს, 27 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართება.

E ჯგუფი
ამ ჯგუფში თითქმის ყველაფერი გარკვეულია, თუმცა მცირე ინტრიგა მაინც შემორჩენილია. იმ შემთხვევაში, თუ "ნაპოლი" "ლივერპულში" დამარცხდება, "ზალცბურგი" კი გასვლაზე "გენტს" მოუგებს, ავსტრიელებს პლეი-ოფში გასვლის შანსი შეუნარჩუნდებათ.

"ენფილდს" კარლო ანჩელოტის "ნაპოლი" სტუმრობს, რომელიც ბოლო დროს საშინელ ფორმაშია. ამას ემატება ისიც, რომ კლუბის ფეხბურთელებსა და მწვრთნელს პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან ურთიერთობა გაუფუჭდათ.

იტალიურ პრესაში ვრცელდება ცნობა, რომ ექსცენტრიკულმა ლაურენტისმა ფეხბურთელებს შეუთვალა, რომ ცუდი თამაშის გამო დაისჯებიან და ხელფასს აღარ მიიღებენ.

"ლივერპული" კი შესანიშნავ ხასიათზეა და ამ მატჩშიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს, რათა პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდეს.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში "ზალცბურგი" "გენტს" სტუმრობს. ავსტრიელებისთვის ყველაზე ცუდი ისაა, რომ შესაძლოა, ვერ ითამაშოს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ერლინგ ჰალანდმა, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს.

F ჯგუფი
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტრიგა ამ ჯგუფშია დარჩენილი. "ბარსელონა" "დორტმუნდს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფში გავა.

ანტონიო კონტეს "ინტერის" ბედიც სწორედ ამ მატჩზეა დამოკიდებული. მილანელები პრაღას სტუმრობენ, სადაც აუცილებლად ესაჭიროებათ ადგილობრივი "სპარტას" დამარცხება.

მოკლედ, "ინტერმა" თავისი საქმე უნდა გააკეთოს და მეტოქეთა მატჩზე არ იფიქროს. თავის მხრივ, დიდ ინტერესს იწვევს "ბარსელონასა" და "დორტმუნდის" მატჩი და წესით, "ნოუ კამპზე" კარგი შეხვედრა უნდა გაჩაღდეს.

G ჯგუფი
ამ ჯგუფში ჯერ ყველაფერი გასარკვევია და დღეს შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. "ლაიპციგი" დღეს "ბენფიკას" მიიღებს და ქულის აღების შემთხვევაშიც გააღწევს პლეი-ოფში.

"არწივებს" 1/8-ფინალში გასვლის შანსი თითქმის აღარ შემორჩათ და ისინი მე-3 ადგილისთვის თუ იბრძოლებენ, თუმცა ევროპის რანგით მეორე ტურნირზე მოხვედრაც არ იქნება ადვილი.

რაც შეეხება ჯგუფის მეორე შეხვედრას, "ლიონი" სანქტ-პეტერბურგულ ყინვაში "გაზპრომ არენაზე" "ზენიტს" დაუპირისპირდება და რთული გამოცდის ჩაბარებაც მოუწევს.

რუდი გარსიას ბიჭებს წაგების უფლება არ აქვთ, რადგან ეს პლეი-ოფთან ძალიან დააშორებს, ქულის აღების შემთხვევაში კი თითქმის 1/8-ფინალში იქნებიან.

H ჯგუფი
დაბოლოს, ჯგუფი, რომელშიც ყველაზე მეტი ინტრიგაა შემორჩენილი. თავად განსაჯეთ, ჯგუფის სამ წევრს: "აიაქსს", "ვალენსიასა" და "ჩელსის", 7-7 ქულა აქვს.

ერთადერთი მაჩანჩალა "ლილია", რომელსაც მხოლოდ 1 ქულა აქვს მოპოვებული. "ლილს" დღეს "აიაქსი" სტუმრობს და ამსტერდამელებმა გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა, პლეი-ოფის საგზური დღესვე გაინაღდონ.

დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი "მესტალიაზე". ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე თვალსასეირო გუნდი "ჩელსი" "ღამურების" წინააღმდეგობის დაძლევას შეეცდება.

თუ "ვალენსიამ" მოიგო, პლეი-ოფში გადის, რადგან "ჩელსი" მას მხოლოდ ქულებითღა დაეწევა, მაგრამ ესპანელები ლონდონელებს ურთიერთშეხვედრებში ამარცხებენ.

მოკლედ, ფრენკ ლამპარდის ახალგაზრდა ბიჭებს "მესტალიაზე" წაგების უფლება არ აქვთ...

დღის მატჩები:

ვალენსია - ჩელსი 21:55
ზენიტი - ლიონი 21:55
ბარსელონა - დორტმუნდი 00:00
გენკი - ზალცბურგი 00:00
ლილი - აიაქსი 00:00
ლივერპული - ნაპოლი 00:00
ლაიფციგი - ბენფიკა 00:00
სლავია - ინტერი 00:00