უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა. VI ტურის წინ: დღე, როცა ყველა თამაში უმნიშვნელოვანესია

AutoSharing Option
დღეს, 10 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართება და აბსოლუტურად ყველა შეხვედრის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

E ჯგუფი

"ნაადრევი" შეხვედრები 21:55 საათზე ნეაპოლსა და ზალცბურგში დაიწყება. ორივე მატჩი E ჯგუფის გუნდებს შორის გაიმართება - "ნაპოლი" "გენკს" უმასპინძლებს, ხოლო "ზალცბურგი" "ლივერპულს".

ბოლო ტურის წინ ჯგუფში პირველ ადგილს "ლივერპული" იკავებს 10 ქულით, "ნაპოლის" 9 ქულა აქვს, "ზალცბურგს" - 7. ბოლო პოზიციაზე 1 ქულით მყარად არის განთავსებული "გენკი".

"ნაპოლი" შემდეგ ეტაპზე ფრის შემთხვევაშიც გადის, ხოლო "ზალცბურგს" აუცილებლად გამარჯვება სჭირდება. შესაძლოა, 3
გუნდს 10-10 ქულა დაუგროვდეს და, ჩემპიონთა ლიგას შარშანდელი ტრიუმფატორი "ლივერპული" იმ შემთხვევაში დაემშვიდობება, თუ "ზალცბურგი" ურთიერთშეხვედრებში ბურთების სხვაობით აჯობებს.

F ჯგუფი

F ჯგუფშიც, რომელშიც მილანის "ინტერი" "ბარსას" მიიღებს, ხოლო დორტმუნდის "ბორუსია" - პრაღის "სლავიას", საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, რადგან 1/8-ფინალშიც გასვლის შანსებს "ბორუსია" და "ინტერი" ინარჩუნებენ, რომლებსაც 7-7 ქულა აქვთ. ამ ორ გუნდს შორის უპირატესობა მილანელებს აქვთ, რომლებიც "ბორუსიას" როგორც ბურთების შეფარდებით, ისე ურთიერთშეხვედრების შედეგებით ჯაბნიან.

"ბარსელონას" 11 ქულა აქვს და პირველი ადგილი უკვე განაღდებული აქვს,  ხოლო 2 ქულით ბოლო ადგილზე მყოფ პრაღის "სლავიას" დიდი მოტივაცია არ აქვს.

"ინტერი" სახლში გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გავა, რადგან ურთიერშეხვედრებში უპირატესობა აქვს. მატჩები თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

G ჯგუფი

ყველაზე დაძაბული ვითარება G ჯგუფშია, სადაც "ბენფიკა" "ზენიტს" მიიღებს, ხოლო "ლიონი" - "ლაიპციგს". მათგან 2 გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს, ხოლო მესამე გუნდს ევროპა ლიგაზე გადასვლის შესაძლებლობა აქვს.

ქვეჯგუფში 1-ელ ადგილზე "ლაიპციგია" 10 ქულითა და +2 ბურთების შეფარდებით, გერმანელებს უკვე განაღდებული აქვთ შემდეგი ეტაპი. მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ "ზენიტსა" და "ლიონს" 7-7 ქულა აქვთ და ბურთების სხვაობაც ზუსტად თანაბარი: 7 გატანილი და 6 გაშვებული, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის ხარჯზე მეორე ადგილს რუსები იკავებენ.

ბოლო ადგილზე მყოფ "ბენფიკას" 4 ქულა აქვს და თუ "ზენიტს" 3 ბურთის სხვაობით მოუგებს, ევროპა ლიგის 1/16-ფინალში გავა. E-ჯგუფის მსგავსად, აქაც შესაძლებელია, 3-მა გუნდმა 10-10 ქულა დააგროვოს. ამ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგას "ლიონი" დაემშვიდობება.

H ჯგუფი

H ჯგუფშიც, სადაც "ჩელსი" "ლილს" მიიღებს, ხოლო "აიაქსი" - "ვალენსიას", გარკვეული არაფერია. ჯგუფს ამსტერდამელები ლიდერობენ 10 ქულით. ლონდონელებსა და ესპანელებს 8-8 ქულა და ბურთების თანაბარი სხვაობა (+1) აქვთ, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის ხარჯზე მეორე ადგილს "ვალენსია" იკავებს.

ფრანგულ "ლილს" 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილს თავს ახალი "დიდი აფეთქების" შემთხვევაშიც ვერ დააღწევს.

"ჩელსი" მოგების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გავა, რაც წესით, ფრენკ ლამპარდის გაწვრთნილ გუნდს არც უნდა გაუჭირდეს. მეორე საგზურისთვის კი "აიაქსი" და "ვალენსია" იბრძოლებენ.

ამსტერდამულ კლუბს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნის, ხოლო "ღამურები" ჩემპიონთა ლიგაზე გზას მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში განაგრძობენ.

დღის მატჩები:
  • ნაპოლი-გენკი 21:55
  • ზალცბურგი-ლივერპული 21:55
  • აიაქსი-ვალენსია 23:55
  • ბენფიკა-ზენიტი 23:55
  • ჩელსი-ლილი 23:55
  • დორტმუნდი-სლავია 23:55
  • ინტერი-ბარსელონა 23:55
  • ლიონი-ლაიპციგი 23:55