აჯობებს მბაპეს ჰოლანი? დორტმუნდი დიდი მატჩის მოლოდინშია

AutoSharing Option
დღეს, 18 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მეორე 1/8-ფინალურ მატჩში დორტმუნდის "ბორუსია" "პარი სენ ჟერმენს" უმასპინძლებს. "სიგნალ იდუნა პარკი" სანახაობრივი შეხვედრის მოლოდინშია.

"ბორუსია" - "პარი სენ ჟერმენი"


კლუბები ერთმანეთს არსებობის ისტორიის მანძილზე მხოლოდ 2-ჯერ შეხვდნენ. 2010/11 წლების უეფას ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამართული ორივე მატჩი ფრედ დასრულდა. პარიზში გუნდებმა გოლების გატანა ვერ მოახერხეს, ხოლო დორტმუნდში 1-1-ჯერ მოუწიათ მეკარეებს ბურთის საკუთარი კარის ბადიდან გამოღება. სხვათა შორის, დორტმუნდელთა მაშინდელი შემადგენლობიდან ამჟამად გუნდში 3 ფეხბურთელია - მატს ჰუმელსი, მარიო გიოტცე და ლუკაშ პიშჩეკი. ალბათ, არავის
გაუკვირდება, რომ პსჟ-ში 10 წლის წინანდელი შემადგენლობიდან დღეს არავინ თამაშობს.


ბორუსია

დორტმუნდელები ამ სეზონში საკმაოდ კარგ ფეხბურთს აჩვენებენ და ძალიან ბევრი გოლი გააქვთ. ბუნდესლიგის უკანასკნელ 5 მატჩში 23 გოლი გაიტანეს და გატანილი ბურთების ოდენობით მიუნხენის "ბაიერნსაც" უსწრებენ. ლუსიან ფავრის გუნდი ძალიან შემტევი და აგრესიული სტილით თამაშობს და თუ "ლევერკუზენთან" გამართულ მატჩს არ ჩავთვლით, არც ისე ბევრს უშვებს. დორტმუნდელებს დაცვა და მეკარეც ძალიან საიმედო ჰყავთ.

ასევე, ყველა განსაკუთრებულად ელოდება ერლინ ჰოლანის თამაშს პარიზელთა წინააღმდეგ და მის შესახებ კომენტარი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა.

"ამ მატჩისთვის მზადების პროცესში მათი რამდენიმე შეხვედრა ვნახეთ. მათი ფეხბურთელების სტილი გავაანალიზეთ და სათამაშოდ მზად ვარ. პსჟ ძალიან სახიფათო გუნდია, მათ ქვეჯგუფში მადრიდის "რეალსაც" კი აჯობეს. ეს ძალიან ბევრს ამბობს, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკუთარი თამაშია.

რა თქმა უნდა, "ბორუსიას" შემადგენლობაში მოედანზე გასვლა ჰოლანისთვის განსხვავებული იქნება, თუმცა მან ჩემპიონთა ლიგაზე "ზალცბურგის" შემადგენლობაში უკვე ითამაშა. ასე რომ, არ მგონია, ბურთის საპოვნელად დიდი დრო დასჭირდეს".

სავარაუდო შემადგენლობა:

ბურკი, ზაგადუ, ჰუმელსი, პიშჩეკი, ჰაკიმი, გერერო, სანჩო, ემრე ჯანი, ვიტსელი, ჰოლანი, აზარი


პარი სენ ჟერმენი

პსჟ-ზე საუბარი არც ისე ადვილია, რისი მიზეზიც საფრანგეთის ჩემპიონატი გახლავთ, რომლის ბოლო ტურშიც, სხვათა შორის, პარიზულმა კლუბმა ლიგა 1-ის ცხრილის ბოლოსწინა ადგილზე მყოფი "ამიენისაგან" გასვლაზე 4 გოლი გაუშვა. პსჟ შარშანაც ფავორიტი იყო "მანჩესტერ იუნაიტედთან", თუმცა 1/8-ფინალიდან გამოვარდა ისე, რომ "წითლები" გასვლაზე აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელებით თამაშობდნენ.

წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს თამაში არ წაუგია და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა, ორივე გასვლაზე მადრიდის "რეალთან". თუმცა "გალათასარაი" და "ბრიუგე" დაცვის ხაზის საიმედოობის განმსაზღვრელი ვერ იქნება, მით უმეტეს, "ბორუსიასთან" თამაშის წინ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პარიზელთა ამჟამინდელი მწვრთნელი თომას ტუხელი კლუბში დორტმუნდული გუნდიდან მივიდა და ნაცნობ ადგილას ბრუნდება.

"კენჭისყრის შემდეგ ხმამაღლა ვიცინოდი, შემდეგ კი სავარჯიშო მინდვრისკენ გავიქეცი, რადგან ვფიქრობდი: "ვიცი, ეს რთული იქნება, თუმცა იმასაც ვაანალიზებ, რომ სხვა გუნდებისთვის სასურველ მეტოქეთა სიაში არ ვიყავით".

მთელი ქალაქი "ბორუსიით" სუნთქავს. ქალაქი დორტმუნდის "ბორუსიაა" და დორტმუნდის "ბორუსია" - ქალაქი. "სიგნალ იდუნა პარკზე" 90 წუთი დომინაცია შეუძლებელია. ასე რომ, ეს არ უნდა ვცადოთ. ნაცვლად ამისა, მზად უნდა შევხვდეთ ყველა ფაზას და ჩვენი დონე უნდა ვაჩვენოთ".

სავარაუდო შემადგენლობა:

ნავასი, მუნიე, ტიაგო სილვა, კიმპემბე, კურშავა, დი მარია, ვერატი, მარკინიოსი, ნეიმარი, მბაპე, სარაბია

altდღეს ჩემპიონთა ლიგა დიდი მწვრთნელების "ჯახით" ბრუნდება!






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული