უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ქართველი - "ნოუ კამპზე", "იუვე" - კიევში, ომი "სტად დე ფრანსზე" - დღეს ჩემპიონთა ლიგა იწყება

AutoSharing Option
დღეს, 20 ოქტომბერს, 20:55 საათზე, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი გათამაშება დაიწყება. 

გასული სეზონი "ბაიერნისთვის" გამოდგა წარმატებული, წელს კიდევ უფრო საინტერესო სეზონი გველოდება.

პირველი ორი მატჩი კიევსა და სანკტ-პეტერბურგში დაიწყება, სადაც ადგილობრივი "დინამო კიევი" - "იუვენტუსს", ხოლო "ზენიტი" "ბრიუგეს" უმასპინძლებს. 

"დინამო კიევი" - "იუვენტუსი"

უკრაინელებს ტიმჩუკი გამოაკლდათ, ხოლო "ბებერი ქალბატონის" დანაკლისი გაცილებით დიდია - რონალდო, დე ლიხტი, მაკკინი, ალექს სანდრო. 

ვნახოთ, რონალდოს გარეშე დარჩენილი "იუვენტუსი" თავის პირველივე შეხვედრაში თუ გაიმარჯვებს. 

"რენი" - "კრასნოდარი"

ფრანგულ-რუსული კლუბების დაპირისპირება. ზოგადად, ორივე გუნდისთვის უკვე დიდი წარმატებაა ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა.

"კრასნოდარიც" და "რენიც" გასული სეზონების განმავლობაში ორივე ევროპა ლიგაზე გამოდიოდნენ, მაგრამ ნავსი გატეხეს და შედეგიც დადეს. 

დღეს ფრანგულ გუნდს მაოასა და ლეა სილიკი გამოაკლდებიან, ხოლო "კრასნოდარს" - არი, ვანდერსონი, სტოტსკი, კაბელა და მარკოვი.

შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.


"ჩელსი" - "სევილია"


ორი ევროპული გრანდის დაპირისპირება - ამ თამაშს შეგვიძლია ასე ვუწოდოთ. 

"ჩელსიმ" გასული წლის გათამაშება წარუმატებლად დაასრულა, სადაც მიუნხენის "ბაიერნთან" ორი მატჩის ჯამში 1:7 განადგურდა. 

ფრენკ ლამპარდის გუნდი წელს გაცილებით ძლიერია და ნამდვილად შესწევთ ძალა  უმაღლესი მიზნებისთვის ბროლისთვის.

"სევილიამ" გასულ წელს ევროპა ლიგა მოიგო, სადაც ნახევარფინალში "მანჩესტერი" 2:1, ხოლო ფინალში "მილანის ინტერი" 3:2 დაამარცხა. 

ორივე გუნდი გაძლიერდა და წინ საინტერესო მატჩები გველოდება.

"ჩელსის" მხრიდან დღეს საეჭვოა ზიეჩისა და მენდის თამაში, ხოლო მარკოს ალონსო არ იქნება. 

"სევილიას" კოუნდე გამოაკლდება, ხოლო ესკუდეროსა და იდრისისის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.


"ზენიტი" - "ბრიუგე"

ორი თითქმის თანაბარი დონის გუნდის დაპირისპირება. 

პირველ მატჩს რუსები უმასპინძლებენ და შეეცდებიან 3 ქულის მოპოვებას.

"ზენიტს" ამ მატჩში დუგლას სანტოსი და მალკომი გამოაკლდება, ხოლო "ბრიუგეს" - მინოლე, კრმენჩიკი, მიტროვიჩი და დელი.


"ლაციო" - "დორტმუნდი"


იტალიურ-გერმანული გრანდები, რომლებიც სანახაობრივ და ლაღ ფეხბურთს გვთავაზობენ. 

მათი პირველი შეხვედრა იტალიაში, კერძოდ, რომში გაიმართება. 

"ლაციო" გასულ სეზონში ევროპა ლიგაზე გამოდიოდა, სადაც ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ვერ გავიდა პლეი-ოფში, ხოლო "დორტმუნდი" მერვედფინალში გამოეთიშა "პარი სენ ჟერმენთან" ორი მატჩის ჯამში - 2:3 და ნაადრევად დაასრულა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება. 

"ლაციოს" დღეს ლაზარი, რადუ და ფერეირა დააკლდებიან. ასევე საეჭვოა ლუის ფელიპეს თამაშიც. 

თავის მხრივ, გერმანელებს  ემრე ჩანის, შულცისა და ზაგადუს გარეშე მოუწევთ თამაში.

მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.


"ბარსელონა" - "ფერენცვაროში"

"ბარსელონა" ახალი მწვრთნელითა და ფეხბურთელებით ხვდება 2020-21 წლების ჩემპიონთა ლიგას, ხოლო "ფერენცვაროშმა" ისტორია უკვე დაწერა, როდესაც მოახერხა და გავიდა ევროპის კლუბებს შორის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე. 

შეგახსენებთ, უნგრელთა რიგებში ქართველი ლაშა დვალი გამოდის. 

გასული წელი კატალონიელებისთვის საშინელი გამოდგა, გუნდი ერთმატჩიან დუელში "ბაიერნთან" განადგურდა - 2:8 და პორტუგალიიდან შერცხვენილები გამოფრინდნენ. 

ეს საშინელი მარცხი მოტივაციაა როლან კუმანისა და მთლიანად "ბარსელონისთვის", რათა ჩამოირეცხონ ეს სირცხვილი. 

თავის მხრივ, "ფერენცვაროშს" ისტორიული შედეგი დაფიქსირებული აქვს და ყველანაირი ზეწოლისგან თავისუფლად ითამაშებენ, შესაძლოა რომელიმე გრანდი გაამწარონ.

შეგახსენებთ, უნგრულ გუნდს "ბარსელონასთან" ერთად ჯგუფში "იუვენტუსი" ჰყავს. 

რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, "ბარსელონას" ალბა და ტერ შტეგენი დააკლდება. ასევე საეჭვოა უმტიტის თამაში, ხოლო "ფერენცვაროში" ოპტიმალური შემადგენლობით იქნება.

მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.


"პარი სენ ჟერმენი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"

დღეს კიდევ ორი ფარული ფავორიტი ჩაებმება საქმეში. 

ფრანგულ-ინგლისური კლუბები ერთმანეთს კარგად იცნობენ, 2018-19 წლების სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს პლეი-ოფის მერვედფინალურ სტადიაზე შეხვდნენ და "მანჩესტერ იუნაიტედმა" სახლში უშანსო მარცხის შემდეგ მეტოქე "პარკ დე ფრანსზე" დაამარცხა 3:1 და შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა.

გასულ წელს "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპა ლიგის ნახევარფინალში "სევილიასთან" დამარცხდა, ხოლო პარიზული გრანდი - ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნთან", ანგარიშით 0:1. 

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, პარიზელები ბერნატის, იკარდის, კერერის, პარედესისა და ვერატის გარეშე გამოვლენ მოედანზე. ასევე საეჭვოა დრაქსლერისა და მარკინიოსის თამაში.

"მანჩესტერ იუნაიტედს" მაგუაიერი, გრინვუდი, ბაილი, ლინგარდი და  კავანი დააკლდებიან. 

მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.


"ლაიპციგი" - "ბაშაკშეჰირი"

გასულ წელს თურქული გუნდი ევროპა ლიგაზე გამოდიოდა, სადაც "კოპენჰაგენთან" ორმატჩიან დუელში დამარცხდა მერვედფინალურ მატჩში, ანგარიშით 1:3, ხოლო "ლაიპციგმა" უბრალოდ საოცარი სეზონი შემოგვთავაზა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდეც კი გავიდა, სადაც შემდეგ პარიზელებთან დამარცხდნენ ანგარიშით 0:3.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, გერმანელები საბიტცერის, ლაიმერის, კლოსტერმანის, ჰარტმანისა და ჰაიდარას გარეშე გამოვლენ მოედანზე, ხოლო თურქები - აზუბუიკეს, ჩადლისა და კალდიმირის.

მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

alt"ბაიერნი", "სიტი", პსჟ - რომელი სამი გუნდია თქვენთვის ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი?