უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ჩელსიმ" "ატლეტიკოს" კვლავ სძლია, "ბაიერნმა" კი - "ლაციოს" [VIDEO]

AutoSharing Option
17 მარტს ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ორი განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩი ჩატარდა და ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა.

"ბაიერნმა" "ლაციოსთან" გაისეირნა

"ბაიერნს" პირველი მატჩი რომში 4:1 ჰქონდა მოგებული და საპასუხო შეხვედრა ფორმალობაღა იყო. ანგარიში პირველ ტაიმში პენალტით ლევანდოვსკიმ გახსნა, რომელმაც ტურნირზე უკანასკნელ ორ სეზონში 20 გოლი გაიტანა (ამდენივე მხოლოდ ჰოლანის ანგარიშზეა), ხოლო გოლს პლუს პასის სისტემით (20+5), ეს ამ პერიოდში საუკეთესო მაჩვენებელია.

მეორე გოლი შეცვლაზე შესულმა ჩუპო-მოტინგმა რეინას ბურთზე პირველი შეხებით გაუტანა. ეს ევროტურნირებზე "რეკორდმაისტერის" მე-1000 გოლია. მეტი მხოლოდ "რეალს" (1169) და "ბარსელონას" (1138)
აქვთ გატანილი. შემდეგ პაროლომ პრესტიჟის გოლი გაიტანა. ეგ იყო და ეგ.

"ჩელსიმ" "ატლეტიკო" დაჯაბნა

პირველ შეხვედრაში დამარცხებულ "ატლეტიკოს" (0:1) შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სრულფასოვანი რევანშის აღება სჭირდებოდა, მაგრამ რაც "ჩელსის" ტუხელი ჩაუდგა სათავეში, ამ გუნდის დაცვა შესანიშნავად ირჯება. 34-ე წუთზე ობლაკის კარი ზიეშმა დალაშქრა და მადრიდელთა მდგომარეობა კატასტროფული გახდა. ეს "არისტოკრატებში" ზიეშის პირველი საშინაო გოლია.

მეორე ტაიმში მასპინძლები უფრო აქტიურები იყვნენ. 81-ე წუთზე მსაჯმა ზუმასთან უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით სავიჩი გააძევა და ყველაფერი საბოლოოდ დასრულდა. 90+2-ე წუთზე მოედანზე ჩილუელის ნაცვლად ემერსონი შევიდა და მადრიდელები მანაც დაამწუხრა. ლონდონური გუნდი 2014 წლის მერე პირველად გავიდა 1/4-ფინალში.

"ატლეტიკოს" თავდამსხმელ სუარესს ჩემპიონთა ლიგაზე 2015 წლის შემდეგ გასვლაზე გოლი არ გაუტანია.

მიუნხენი. "ალიანც არენა"
ბაიერნი - ლაციო 2:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (33, პენ), 2:0 ჩუპო-მოტინგი (73), 2:1 პაროლო (82)

ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი"
ჩელსი - ატლეტიკო 2:0
გოლები: 1:0 ზიეში (34), 2:0 ემერსონი (90+3)
გაძევება: სავიჩი (81)

მეოთხედფინალში გავიდნენ: "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", პსჟ, "რეალი", "დორტმუნდი", "პორტუ", "ბაიერნი" და "ჩელსი". კენჭისყრა 19 მარტს ჩატარდება. პირველი 1/4-ფინალები 6-7 აპრილს გაიმართება, საპასუხოები კი - 13-14 აპრილს.