უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა. 1/4 -ფინალი: ეყოფათ „რეალსა“ და „სიტის“ მოპოვებული ფორა? [VIDEO]

AutoSharing Option
6 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი მეოთხედფინალი გაიმართა.

„რეალმა“ „ლივერპული“ დაჯაბნა და ორგოლიანი უპირატესობა მოიპოვა

„რეალმა“, ზიდანის ხელმძღვანელობით, ტურნირზე 50-ე მატჩი ჩაატარა და „ლივერპულთან“ გამარჯვება მოიპოვა. სტუმრებს შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ, დაცვაში კი შეცდომებს უშვებდნენ, რითაც პირველ ტაიმში ვინისიუსმა და ასენსიომ ისარგებლეს და ალისონის კარი დალაშქრეს. „სამეფო გუნდს“ მესამე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ასენსიომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა ბურთი კარს.

შესვენების შემდეგ სალაჰმა ანგარიში შეამცირა (ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიტანა ზედიზედ 4 მატჩში), მაგრამ შემდეგ ვინისიუსმა კიდევ ერთხელ დაამწუხრა „წითლები“ (ეს "რეალში" მისი
პირველი დუბლია) და „რეალი“ „ენფილდზე“ ორბურთიანი ფორით მიემგზავრება.

"რეალმა" "ლივერპულს" ზედიზედ მეოთხედ სძლია საერთო ანგარიშით 10:2. მადრიდული გუნდი პლეი-ოფის პირველ დაპირისპირებაში მოგების შემდეგ 16 შემთხვევიდან 15-ჯერ გავიდა შემდეგ ეტაპზე.

ზიდანის გუნდმა ყველა ტურნირზე უკანასკნელი 12 მატჩიდან 10 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 10 აპრილს ლა ლიგაზე „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე 108-ე მატჩი ჩაატარა, რობერტო კარლოსს გადაასწრო და ამ მაჩვენებლით „რეალში“ კასილიასის (150), რაულის (130) და სერხიო რამოსის (128) შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

„მანჩესტერ სიტიმ“ „დორტმუნდს“ ძლივს მოუგო

მასპინძლები მე-19 წუთზე დე ბრუინმა დააწინაურა, რომელმაც ბოლო 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა. შემდეგ ჰიტცის კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ დაასკვნა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჰოლანმა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. საპასუხოდ ფოდენმა სამჯერ გაუშვა ხელიდან შანსი. სამაგიეროდ, როისმა ივარგა, ანგარიში გაათანაბრა, თუმცა აქტიურმა ფოდენმა ბოლოს მაინც მიაღწია თავისას და „ქალაქელებს“ გამარჯვება მოუპოვა.

გვარდიოლას გუნდმა ტურნირზე ბოლო 9 მატჩიდან 8 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა - საერთო ანგარიში 19:2.

როისმა ჩემპიონთა ლიგაზე "დორტმუნდში" მე-18 გოლი გაიტანა, ლევანდოვსკის გაასწრო და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მადრიდი.“დი სტეფანო“
რეალი - ლივერპული 3:1
გოლები: 1:0 ვინისიუსი (27), 2:0 ასენსიო (36), 2:1 სალაჰი (51), 3:1 ვინისიუსი (65)

მანჩესტერი. „ეტიჰადი“
მანჩესტერ სიტი - დორტმუნდი 2:1
გოლები: 1:0 დე ბრუინი (19), 1:1 როისი (84), 2:1 ფოდენი (90)

განმეორებითი მეოთხედფინალები 14 აპრილს ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ