უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"მეუბნებოდნენ, "ჩელსიდან" წასვლის შემდეგ ვერაფერს მიაღწევო; ხედავთ, სადაც ვარ..." - სალაჰი ფინალის მოსაგებად ემზადება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპული" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. მატჩი 28 მაისსაა ჩანიშნული. ალბათ, ყველას ახსოვს 4 წლის წინ კიევში ამ გუნდების მიერ ჩატარებული გადამწყვეტი მატჩი, სადაც "ბლანკოსმა" მერსისაიდელები 3:1 დაამარცხა. იმ შეხვედრაში მოჰამედ სალაჰმა მხრის დაზიანება მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. ეგვიპტელი ფეხბურთელი რევანშისთვის მზადაა.

"ლივერპულის" ლიდერი შეუდარებელ ფორმაშია და მის პოზიციაზე უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია.

"არ ვუსმენ ყველაფერს, რასაც საუბრობენ. ვცდილობ, ჩემი თამაში გავაუმჯობესო, მასში სიახლეები შევიტანო და გავხადო უფრო მეტად განსხვავებული", - განაცხადა "მომ" BeIN Sports-თან ინტერვიუში.

"თუ მე ჩემს
პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელთან შემადარებთ, არ ვგულისხმობ ჩემს გუნდში მყოფებს, ზოგადად, საუკეთესო ვარ. ამას სტატისტიკაც ადასტურებს. თუმცა ვარჯიშზე ვარ ფოკუსირებული, რათა წინსვლა განვაგრძო.

გუშინდელი დღესავით მახსოვს "რეალთან" ფინალი. ჩემთვის ძალიან რთული იყო, როდესაც მოედანს ვტოვებდი, მაგრამ მივიღეთ ის და ბრძოლა გავაგრძელეთ. ამიტომ მოვიგეთ მეორე წელს ჩემპიონთა ლიგა. მიხარია მათთან კიდევ ერთხელ შეხვედრა. ამჯერად წარმატებული გამოსვლა გვინდა.

მთელი ჩემი ცხოვრებაა ვცდილობ, პოზიტიურად ვიფიქრო და სწორი გზით ვიარო. წარსულში ბევრმა მითხრა, რომ "ჩელსიდან" წასვლის შემდეგ ვერაფერს მივაღწევდი, მაგრამ კი ხედავთ, სადაც ვარ. ვიმედოვნებ, რომ 4 ტიტულის მოგებას მოვახერხებთ. ჩემს მაქსიმუმს ჩემპიონთა ლიგასა და პრემიერლიგაში ვდებ, თუმცა მხოლოდ მე ვერ ვეყოფი, გუნდი ყველაზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა სალაჰმა.

შეგახსენებთ, "ლივერპულმა" ლიგის თასი უკვე მოიგო, FA თასის ფინალში არიან, პრემიერლიგაში კი "მანჩესტერ სიტისთან" ჩამორჩენა 3 ქულაა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით