ესპანეთის სუპერთასი. კლასიკოს გამოხმაურება: "ბარსელონას" დრო სექტემბრამდე აქვს

AutoSharing Option
AUTO PLAY
ოთხშაბათს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" საპასუხო მატჩია, თუმცა სტუმრად 3:1-ის მოგების შემდეგ "სამეფო კლუბი" აშკარა ფავორიტია. მაგრამ "ბარსას" პრობლემები იმაზე ღრმაა, ვიდრე ერთი, უკვე თითქმის წაგებული ტიტული...

ნეიმარის გარეშე დარჩენილი "ბარსელონა" ფრთამოტეხილივითაა - იმ დროს, როცა "კამპ ნოუზე" ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩი იმართებოდა, ბრაზილიელს უკვე სულ სხვა კლუბისთვის გაჰქონდა, კატალონიურ გრანდს ვერ უშველა ვერც მესის გენიამ, ვერც რიცხობრივმა უპირატესობამ და ფანების მხარდაჭერამ.

ზინედინ ზიდანის "რეალი" ყველაფერს იგებს და ამის მიუხედავად, ახალგაზრდა მწვრთნელი მუდამ ძიებაშია - ხამესი და მორატა გაიყიდნენ, ახალგაზრდებს კარი ფართოდ
გაუღეს; ის კი არა, გუნდი ნელ-ნელა კრიშტიანო რონალდოს გარეშე თამაშსაც სწავლობს.

სეზონი ახლა იწყება და ფრანგი აშკარად გვეუბნება, რომ მიღწეულის შენარჩუნებაზე არ არის ჩაციკლული.

ცვლილებებია "ბარსელონაშიც", მაგრამ რაღაცნაირი - რაც უნდა იყოს, ნეიმარის წასვლა დიდი დანაკლისია, მარცხენა შემტევის პოზიციაზე ამაზე ძლიერი ფეხბურთელი მსოფლიოში, უბრალოდ, არ არის. კატალონიელთა ტრანსფერები კი, სულ მცირე, საეჭვოა. სემედუ, დეულოფეუ, პაულინიო...

თამაშიც რაღაც არაკლასიკური გამოდგა - ბოლოს როდის ნახეთ "ბარსელონა", რომელიც თმობს ინიციატავას და კონტრშეტევების იმედზეა? ტაიმ-ნახევარი მესის აჩრდილივით აედევნა მატეო კოვაჩიჩი და მხოლოდ ხორვატის გასვლის შემდეგ გაშალა ფრთები არგენტინელმა.

ნეიმარის პოზიციაზე დეულოფეუ და მერე დენის სუარესი ძალიან უკბილოდ მოქმედებდნენ.

მაშინ, როცა ზიდანის ცვლილებებმა თამაში შეცვალა, ვალვერდეს შეცვლები იყო ცვლილებები ცვლილებებისთვის. "ბარსელონას" ხელმძღვანელობას ამ მატჩით განგაშის ძლიერი მესიჯი გაუგზავნეს. შეისმენენ? 1-ელ სექტემბრამდე დრო რჩება.

* * *
ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა): "მგონი, ტაბლოზე ასახული ანგარიში ზუსტად მიუთითებს განსხვავებას ჩვენსა და "რეალს" შორის. ჩვენ კარგად ვთამაშობდით და მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ მთავარი გატანაა. არ მჯერა, რომ ეპიზოდების დასრულებისას ოსტატობა არ გვყოფნის, მაგრამ "რეალმა" ამ კომპონენტში გვაჯობა. მათმა მეორე გოლმა გაგვტეხა. იმედი გვაქვს, რომ საპასუხო მატჩში რეაბილიტაციას შევძლებთ. ცოტა იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ საპასუხო მატჩი წინაა. ჩვენ ვართ "ბარსელონა", ამიტომაც საუკეთესო შემადგენლობა უნდა გვყავდეს".

ზინედინ ზიდანი (რეალი): "გამარჯვება დავიმსახურეთ. ბიჭები ბრძოლას აგრძელებდნენ რიცხობრივ უმცირესობაშიც. ვამაყობ ფეხბურთელებით. ტიტული ჯერ მოგებული არ არის - წინ საპასუხო მატჩია".

სერხიო რამოსი (რეალი): "კრიშტიანო რონალდო იმ ეპიზოდში არ სიმულირებდა, მან, უბრალოდ, დაკარგა წონასწორობა. მსაჯის გადაწყვეტილება საეჭვოა. აი, ჩვენს კარში პენალტი ტყუილად დაინიშნა. ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ვითამაშეთ და ამით კმაყოფილები ვართ".

სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა): "ჩვენ გაძლიერება გვესაჭიროება - "ბარსელონამ" აუცილებლად უნდა იყიდოს ვინმე".

ანდრეს ინიესტა (ბარსელონა): "ტრიბუნებზე რაღაც საოცრება ხდებოდა, "რეალს" გულშემატკივრობდნენ. ეს ძალიან არასწორია".

საპასუხო ჟესტი და 5-მატჩიანი
ყველას ახსოვს, როგორ იზეიმა გოლი ლიონელ მესიმ "სანტიაგო ბერნაბეუზე" 33-ე ტურის მატჩში. ლეომ მაისურა გაიხადა და ტრიბუნებზე გამომწვევად აჩვენა - ეს ჟესტი კრიშტიანომ "კამპ ნოუზე" გაიმეორა, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო (რაც მალე ძვირად დაუჯდა).

"რეალი" კრიშტიანოს წითელი ბარათის გაპროტესტებას აპირებს, თუმცა პორტუგალიელის საქმე შავადაა - წითელი ბარათის მიღების შემდეგ მან ხელი ჰკრა მსაჯს, რისთვისაც 4-12 მატჩით დისკვალიფიკაცია ელოდა. გუშინ მას 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს, რასაც "რეალი" აუცილებლად გააპროტესტებს. 4 მატჩი მას ხელის კვრისთვის ერგო, ერთიც - წითელი ბარათისთვის. სასჯელი ლა ლიგის თამაშებზეც ვრცელდება. თუ გადაწყვეტილებას არ შეარბილებენ, რონალდოს მოედანზე 23 სექტემბრამდე ვერ ვიხილავთ.

შეფასებები

whoscored.com
ბარსელონა: 7.6 - მესი; 7.2 - ლ. სუარესი; 7.0 - ალბა
რეალი: 7.7 - კარვახალი; 7.7 - ისკო; 7.5 - ს. რამოსი

ფაქტები
* ლიონელ მესი გახდა რეკორდსმენი "რეალის" კარში გატანილი გოლებით - მან "სამეფო კლუბს" 24 გოლი გაუტანა. არგენტინელმა ლეგენდარულ ტელმო ზარას გაუსწრო. მესიმ "რეალთან" 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 24 გოლიდან 16 მან ლა ლიგაში გაიტანა, 6 - ესპანეთის სუპერთასზე, 2 - ჩემპიონთა ლიგაზე.

* "რეალმა" ბოლო 5 კლასიკოდან 4 10 კაცით დაასრულა.

* მარკო ასენსიომ პირველად ითამაშა "რეალის" მაისურით სუპერთასზე და გაიტანა. მას ასევე გატანილი აქვს ლა ლიგაში "რეალის" მაისურით დებიუტისას, ასევე, უეფას სუპერთასზე და ჩემპიონთა ლიგაშიც. ერთადერთი ტურნირი, სადაც ეს ასენსიოს არ გამოუვიდა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატია.

* კრიშტიანო რონალდომ "რეალის" მაისურა 396-ჯერ მოირგო. ამ მაჩვენებლით იგი ალფრედო დი სტეფანოს გაუთანაბრდა.

* კრიშტიანო რონალდო "კლასიკოზე" პირველად გააძევეს, არადა, იგი 28-ედ თამაშობდა "ბარსელონას" წინააღმდეგ.

* "ბარსელონამ" ზედიზედ 24-ე კლასიკოზე გაიტანა, რაც ამ კლუბების დაპირისპირების ახალი რეკორდია.

* ჟერარდ პიკე (ბარსელონა) ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც კლასიკოზე ავტოგოლი გაიტანა 21-ე საუკუნეში.

* ლიონელ მესიმ "რეალის" წინააღმდეგ საშინაო 5-მატჩიანი უგოლო სერია დაასრულა.

* Instat-ის მიხედვით, სუპერთასის პირველ მატჩში მესი საუკეთესო იყო კარისკენ დარტყმებით (8), სახიფათო პასებით (8) და წარმატებული დრიბლინგით (9).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსას ბჯერ კიდევ წინა სეზონში აკლდა კვალიფიციური ფეხბურთელები,მხოლოდ შეტევა იყო დაკომპლექტებული,ახლა კი უკვე კატასტროფაა.ნეიმარის ნაცვლად სანჩესი რომ დაბრუნებულიყო კარგი იქნებოდა,მაგრამ არ დაბრუნდება,ახლა კი მგონი რობერტომაც გაიწიაო.გუნდი იშლება.საკუთარ აღზრდილებს გუნდში რომ აღარ იტოვებენ, დიდი ფულის დატრიალებასთან ერთად ბარსას დასუსტების ერთერთი მთავარი მიზეზია.
სოსო
20:44 15-08-2017
1

სიახლეები პოპულარული