"ატლეტიკოს" ცხოვრება გრიზმანის შემდეგ

AutoSharing Option
"ჟირონასთან" საგარეო მატჩში ანტუან გრიზმანის გაძევების შემდეგ "ატლეტიკოს" ფანებს ყველაზე მეტად ორი რამ აინტერესებთ - რამდენმატჩიან დისკვალიფიკაციას მიუსჯიან გუნდის ლიდერს მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის და როგორ უნდა ითამაშოს "ატლეტიკომ" მის გარეშე, რა უნდა მოიმოქმედოს დიეგო სიმეონემ...

რაც ფრანგი "ატლეტიკოშია", მან მხოლოდ სამი მატჩი გამოტოვა - ორი დისკვალიფიკაციისა და ერთიც ტაქტიკური მოსაზრებების გამო. ეს კი ნათლად მიუთითებს, რა როლი აქვს გრიზმანს "ატლეტიკოს" ბოლოდროინდელ წარმატებებში.

2014/15 წლების სეზონში დისკვალიფიკაციის გამო მან "ვალენსიასთან" ვერ ითამაშა, გასულ სეზონში კი ამავე მიზეზით "ალავ
ესთან" გამოტოვა დაპირისპირება. ორივე ეს მატჩი ფრედ დასრულდა. ერთხელაც (გასულ სეზონში) სიმეონემ გრიზმანი "ოსასუნასთან" დაპირისპირებაში დატოვა სკამზე და მისი შეყვანა სურდა, მაგრამ ფილიპე ლუიშის მესამე გოლის შემდეგ ფორვარდის გამოყვანის საჭიროება აღარ იყო, თანაც, "ლესტერთან" დაპირისპირება ახლოვდებოდა.

ახალი სიტუაცია

როცა სიმეონემ გრიზმანი "სოსიედადიდან" გამოიყვანა, თავიდან ფრანგი სათადარიგო იყო და შეცვლებზე შედიოდა. გადამწყვეტი "სან მამესზე" შესრულებული ჰეთ- თრიკი იყო. ამის შემდეგ გრიზმანი "ატლეტიკოს" სკამზე მხოლოდ 4-ჯერ ვიხილეთ. ის სიმეონეს გუნდის ისეთივე ფიგურაა, როგორც ობლაკი ან საული. მასზე დიდად არის დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებს "ატლეტიკო" გადამწყვეტ მომენტებში. ერთხელ კი სიმეონემ აღიარა, რომ სასტარტო შემადგენლობის დასახელებისას, სიაში ავტომატურად მხოლოდ გრიზმანის გვარს წერს... ბოლო სამ სეზონში ამდენი "ატლეტიკოში" არავის უთამაშია.

არგენტინელი გამოსავალის ძიებაშია. მან უკვე მიმართა კლუბის ექიმებს და კევინ გამეიროს მდგომარეობა გამოიკითხა. შაბათს, "ლას პალმასთან" საგარეო მატჩში ფრანგი, შესაძლოა, ფრანგმავე ჩაანაცვლოს. გამეირომ ვარჯიში განაახლა, მაგრამ როგორ ფორმაშია, ჯერ კიდევ საკითხავია.

ჯერ კიდევ არის დრო

"ჟირონასთან" 2:2 დასრულებული შეხვედრის შემდეგ გრიზმანმა "ტვიტერზე" უცნაური კრიფტოგრაფიული პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებს იმედი გაუჩინა, რომ ფრანგი "ნისლიან ალბიონზე" გადასვლის საკითხს ისევ დაუბრუნდება. "იუნაიტედის" ფანები გრიზმანს სწერენ, რომ სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და მას სიამოვნებით დაელოდებიან "ოლდ ტრაფორდზე".

მოგეხსენებათ, გრიზმანი არც მალავდა, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდში გადასვლის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, რომ "ატლეტიკოს" ვერ უღალატებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული