ქაოსი "ბარსელონაში": უარი სერისა და დემბელეს, სრული სვლით კოუტინიოსკენ

AutoSharing Option
რა ხდება "ბარსელონას" ტრანსფერებთან დაკავშირებით? კატალონიური კლუბის გულშემატკივრებისთვის კარგი არაფერი.

უკვე დიდი ხანია, "ბარსელონას" პოტენციურ ტრანსფერებთან დაკავშირებით სიტუაცია დღეში რამდენჯერმე იცვლება და ძირითადად, უარყოფითისკენ.

გუშინ ცნობილი იყო, რომ კატალონიური კლუბი "ნიცას" ცენტრალურ ნახევარმცველს, ჟან-მიკაელ სერის პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა. გუშინვე "ბარსელონას" წარმომადგენლებმა შეხვედრა ფრანგულ კლუბთანაც გამართეს. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ "ბარსამ" ფეხბურთელზე უარი თავად თქვა. ამის მიზეზი სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებაა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბი აღარც უსმან დემბელეს ტრანსფერზე აპირებს აქცენტის გაკეთებას და მთელ ენერგიას ფილიპე კოუტინიოს შეძენას
მოახმარს. არადა, ინგლისური კლუბი ირწმუნება, ბრაზილიელს არაფრის დიდებით შეველევითო. ჟურნალისტები იმასაც იუწყებიან, "ბარსელონა" დანებებული იყო და კოუტინიოს ვარიანტს ჟან-მიკაელ სერიზე უარის თქმის შემდეგ მიუბრუნდაო.

უსმან დემბელეს ალტერნატივად "ბარსა" ანხელ დი მარიას განიხილავს. ფეხბურთელთან მოლაპარაკებები დასრულებულია, მაგრამ პსჟ არგენტინელის გაშვებას არ აპირებს. ხოლო თუ რას ნიშნავს პსჟ-ის უარი, ეს "ბარსამ" მარკო ვერატის შემთხვევაში კარგად გამოსცადა.

ამასობაში, "ბარსელონას" პირველ გუნდში 27-მა ფეხბურთელმა მოიყარა თავი, არადა, კატალონიელებს მაქსიმუმ 25 მოთამაშის დარეგისტრირება შეუძლიათ. გამოდის, რომ კლუბს მინიმუმ 2 ფეხბურთელის გაშვება მოუწევს, მაგრამ ამ მიმართულებით სიახლე არაფერია - ვის სცალია წამსვლელებისთვის, როდესაც მომსვლელების საკითხი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კი მხოლოდ 8 დღე დარჩა.

როგორც ჩანს, "ბარსელონაში" ქაოტური მდომარეობაა. ეს ყველაფერი კი ნეიმარის წასვლამ გამოიწვია. ბრაზილიელი, რომელიც აქამდე თავგზას მხოლოდ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს უბნევდა, ახლა იმავეს "ბარსელონას" ხელმძღვანელობას უკეთებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული