რონალდო, მოგეხსენებათ, 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა სუპერთასზე მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. მას კიდევ 3 მატჩი გაუცდება. გრიზმანმა პირველ ტურში მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და 2-მატჩიანით დაისაჯა (ანალოგიურად დაისაჯა "სევილიაში" დაბრუნებული ბანეგაც), ერთი
მოკლედ, ლა ლიგაში ჯერ მხოლოდ ერთი ტური გაიმართა და მეორეში თამაშის უფლება ჯამში 34 (!) ფეხბურთელს არ ექნება, ხოლო პირველ ტურში ხუთი გაძევება ვიხილეთ.
ქვეყნის ჩემპიონი "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ვალენსიას" მიიღებს და ბუნებრივია, ეს თამაში ტურის ცენტრალური დაპირისპირებაა. სანამ რონალდო, ფორმა რომ არ დაკარგოს, ბერნაბეუს ტროფეიზე თამაშობს და გოლიც გააქვს, ზინედინ ზიდანი მის გარეშე სახავს "ღამურების" დამარცხების გეგმებს. ამ შეხვედრაში "რეალს" არც კაპიტანი სერხიო რამოსი ეყოლება. ფრანგი რონალდოს არყოფნაში უპირატესობას 4-3-1-2 სისტემას ანიჭებს, სადაც ისკო ორი ფორვარდის უკან მოთამაშე მთავარი ძრავაა. მან ბეილი და ბენზემა უნდა მოამარაგოს პასებით. ნახევარდაცვის სამეული იგივეა და ეს სამეული უკვე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში - შუაში კაზემირო, აქეთ-იქით მოდრიჩი და კროოსი. რამოსს დაცვის ცენტრში ნაჩო შეცვლის და სწორედ ის შეუწყვილდება რაფაელ ვარანს.
მარსელინოს "ვალენსიამ" პირველ ტურში იმარჯვა, მაგრამ გუნდში საკადრო ცვლილებების პიკი ამ კვირას დაემთხვა - "ლას პალმასთან" ითამაშა ჟოაო კანსელომ და ორ დღეში მილანის "ინტერის" მაისური მოირგო. წამსვლელები გუნდს ვეღარ დაეხმარებიან, აი, ახალწვეულებს კი გარკვეული დრო ესაჭიროებათ. "ვალენსია" მალე პსჟ-დან პორტუგალიელ გონსალო გედეშს დაიმატებს, თუმცა მისი თამაში "სამეფო კლუბთან", რა თქმა უნდა, გამორიცხულია. სამაგიეროდ, დიდი შანსია "ღამურებში" დებიუტი ჰქონდეს ახალწვეულ ჟოფრეი კონდოგბიას, რომელიც პარეხოსა და მედრანთან ერთად ნახევარდაცვის ტრიოს შექმნის. მათ წინ ახალგაზრდა კარლოს სოლერი ითამაშებს, ვინც პასებით სიმონე ძაძასა და როდრიგოს მოამარაგებს.
ცხადია, კეილორ ნავასისთვის უპირველეს საფრთხეს იტალიელი ფორვარდი წარმოადგენს, რომელმაც უკვე მოახერხა ამ სეზონში თავის გამოჩენა. შეგახსენებთ, რომ წლეულს "ღამურებმა" ერთხელ უკვე გაამწარეს "სამეფო კლუბი", როცა "მესტალიაზე" 2:1 მოუგეს, ორ თვეში კი ბრძოლაში ამავე ანგარიშით წააგეს "ბერნაბეუზე".
ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონა" "ალავესს" სტუმრობს. დიდი ალბათობით, თამაში შეეძლება მომჯობინებულ ანდრეს ინიესტას, თუმცა მას უფრო სათადარიგოთა სკამზე უნდა ველოდოთ. ლეო მესის შეტევაში კომპანიონობას ისევ ჟერარდ დეულოფეუ და პაკო ალკასერი გაუწევენ. შუა ხაზში ბუსკეტსა და რაკიტიჩს ისევ სერხი რობერტო დაეხმარება.
დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" კანარის კუნძულებს ესტუმრება. მადრიდელებს ანტუან გრიზმანი არ ეყოლებათ, მასპინძლებს კი - ვიტოლო. სიმეონემ ბევრი იფიქრა გრიზმანის შემცვლელზე და რა მოიფიქრა, ჯერ უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით, შეტევაში ლუსიანო ვიეტოსა და ანხელ კორეას არგენტინულ დუეტს ვიხილავთ, "ელ ნინიო" კი სკამზე დარჩება.
ჩემპიონთა ლიგაზე წვალებით გასული "სევილია" მადრიდს სტუმრობს და ელიტაში დაბრუნებულ "ხეტაფეს" ეთამაშება. ანდალუსიელთა მთავარი ფიგურა სტივენ ნ'ზონზია, მან უნდა გაუმაგროს ზურგი ნახევარდაცვის კვარტეტს - ფლანგებზე გამოცდილ ხესუს ნავასსა და ნოლიტოს, შუაში ბრაზილიელ განსოსა და შედარებით უცნობ ბორხა ლასოს.
ლა ლიგა. II ტური
პარასკევი. 25 აგვისტო
სოსიედადი-ვილიარეალი 22:15
ბეტისი-სელტა 00:00
შაბათი. 26 აგვისტო
ალავესი-ბარსელონა 20:15
ჟირონა-მალაგა 22:15
ლევანტე-დეპორტივო 22:15
ლას პალმასი-ატლეტიკო 00:15
კვირა. 27 აგვისტო
ეიბარი-ბილბაო 20:15
ესპანიოლი-ლეგანესი 20:15
ხეტაფე-სევილია 22:15
რეალი-ვალენსია 00:15
ბომბარდირები: 2 - მაქსი გომესი (სელტა), კრისტიან სტუანი (ჟირონა).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"