"რეალი": "სამეფო კლუბმა" ფანჯარა დახურა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა ნათლად განაცხადა, რომ "სამეფო კლუბისთვის" სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა - "რეალი" არავის იყიდის. ფრანგი მწვრთნელი ამტკიცებს, რომ არანაირი საჭიროება ახალწვეულებში აღარ არის.

ამით ზიდანს სურს, კლუბში აღარ იფიქრონ სატრანსფერო ამბებზე (დავუშვათ, კილიან მბაპეს ყიდვაზე) და თავიდან ბოლომდე მიმდინარე მოვლენებზე გადაერთონ.

თუმცა "ვალენსიასთან" თამაშმა (2:2) ვერ დაგვანახვა, რომ "რეალი" გაძლიერებას არ საჭიროებს. პრობლემები ჩანს შეტევაში და ცენტრალურ დაცვაშიც, სადაც "ღამურებთან" მატჩში "რეალს" სამი კაცი აკლდა: სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი (რომელიც საფრანგეთის ნაკრებსაც გამოაკლდა) და ხესუს ვალიეხო.

ზიდანი
მიიჩნევს, რომ არც ცენტრფორვარდის პოზიციაზე სჭირდება შევსება - ბორხა მაიორალი "ლიონში" წასულ მარიანო დიასს შეცვლის. გოლების გამტანები კი "რეალს" არ აკლია - კრიშტიანო, ბეილი, ბენზემა და ასენსიო...

შეგახსენებთ, რომ "რეალმა" ამ ზაფხულს "ატლეტიკოდან" ტეო ერნანდესი შეიძინა (30 მილიონი ევრო) და "ბეტისიდან" - დანი სებალიოსი (16,5). მეტი ფეხბურთელი გუნდს არ უყიდია - ბორხა მაიორალი "ვოლფსბურგიდან" დაიბრუნეს, ხოლო ვალიეხო - "აინტრახტიდან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული