ლა ლიგა. X ტური: "ბილბაოს" ხუთი თითივით იცნობს...

AutoSharing Option
"ბარსელონა" 9-დან 8 მოგებითა და ერთი ფრით დამსახურებული ლიდერია.

ჩემპიონ "რეალს" ის უკვე 5 ქულით უსწრებს. ეს ყველაფერი კი დიდწილად, ერნესტო ვალვერდეს დამსახურებაა, რომელიც ამ ზაფხულამდე სწორედ "ბილბაოს" ედგა სათავეში და იქაურობას თავისი ხუთი თითივით იცნობს. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ამ სიტყვებში გაიხსენოს, რა აპათია იყო "ბარსას" ბანაკში ნეიმარის პსჟ-ში სკანდალური და რეკორდული გადასვლის შემდეგ, ამას მოჰყვა ძვირად შეძენილი უსმან დემბელეს სერიოზული ტრავმა...

თითქოს კრიზისი გარდაუვალი იყო, მაგრამ ამის ნაცვლად ვალვერდეს გუნდმა ზედიზედ 7 სასტარტო მატჩი მოიგო და მხოლოდ მადრიდში
"ატლეტიკოსთან" გაჩერდა (თუმცა იქ ფრე ურიგო შედეგი არ არის). რა შეიძლება ითქვას "ბილბაოზე"? ის ცხრილის შუაშია, 11 ქულა აქვს და ლიდერს 14 (!) ქულით ჩამორჩება.

"ბილბაოს" ხოსე სიგანდა წვრთნის. სხვა მხრივ, ბევრი რამ არ შეცლილა, თუნდაც, ის, რომ იკერ მუნიაინს მორიგი სერიოზული ტრავმა აქვს და ეს ნიჭიერი, მაგრამ საშინლად უიღბლო შემტევი ნახევარმცველი არც ლიდერთან იქნება. იერაი ალვარესი კვლავ ებრძვის სიმსივნეს და ფეხბურთში ხელმეორედ დაბრუნებასაც გეგმავს, ტრავმები აქვთ მიკელ ბალენზიაგასა და "ბილბაოს" 10-იან ოსკარ დე მარკოსსაც.

უსმან დემბელეს გარდა "ბარსას" აკლია ჟორდი ალბა, ალეიშ ვიდალი და არდა თურანი. ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშია რაფინიას და, ალბათ, არც ითამაშებს.

"მურსიასთან" სათასო მატჩში (სტუმრად 3:0 მოიგეს) ვალვერდემ "ბარსას" დუბლების ბიჭები დაიხმარა მარკ კუკურელია, ჟოზე არნაისი, კარლეს ალენია...

ასე რომ, ძირითადი გუნდის ფეხბურთელების დიდ ნაწილს არ უთამაშია და ბილბაოში დასვენებულები ჩადიან. ვალვერდემ გოლის ავტორი არნაისი შეაქო და თქვა, რომ მომავალში "ბარსას" ის აუცილებლად დაეხმარება.

"ბილბაოში ძალიან ემოციური მატჩი მელის, ამ გუნდს ბოლო 4 სეზონი ვწვრთნიდი. თუმცა დაკვირვებული ვარ, რომ ყოფილი გუნდების წინააღმდეგ ყოველთვის კარგი მატჩები გამომდის", - განაცხადა 53 წლის ბასკმა სპეციალისტმა, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ დაუსტვენენ "სან მამესზე".

ჩემპიონი "რეალი" კატალონიას ესტუმრება და "მანჩესტერ სიტის" შვილობილ გუნდს, "ჟირონას" გაეჯიბრება. ფიფას დაჯილდოვებიდან ზინედინ ზიდანი საუკეთესო მწვრთნელის პრიზით დაბრუნდა, ხოლო კრიშტიანო რონალდო - საუკეთესო ფეხბურთელის. კატალონიაში "რეალი" უსიტყვო ფავორიტია, რომელსაც ქულების დაკარგვის ლიმიტი თითქმის ამოწურული აქვს. "სამეფო კლუბის" ლაზარეთში რჩებიან გარეთ ბეილი, დანი კარვახალი, მატეო კოვაჩიჩი და კეილორ ნავასი.

სეზონის სენსაცია "ვალენსია", რომელიც წაგების გარეშე ასპარეზობს და მეორე ადგილზეა, ბასკეთში სეზონის იმედგაცრუებას, "ალავესს" სტუმრობს. "ატლეტიკო" კი, რომელიც "სამეფო თასზე" "ელჩეს" დარ გუნდებსაც ვეღარ უგებს, "ვილიარეალს", მასპინძლობს, რომელმაც ასევე ვერ იყოჩაღა თასზე.

ფაქტები
  • "ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 16 შეხვედრიდან 15 მოიგო და მხოლოდ ერთი ითამაშა ფრედ ("ატლეტიკოსთან" მადრიდში).
  • "ბილბაომ" ბოლოს "ბარსელონას" იანვარში მოუგო "სამეფო თასის" გათამაშებაში - 2:1. მაშინ გუნდს სწორედ ერნესტო ვალვერდე წვრთნიდა.
  • "ბილბაო" ლა ლიგაში "სან მამესზე" ბრწყინვალედ თამაშობს, ბოლო 22 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ორი დათმო.
  • ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ბოლოს 35 მატჩიდან "ბარსამ" მხოლოდ სამი დათმო.
  • "რეალმა" ლა ლიგაში ბოლო 13 საგარეო მატჩი მოიგო.
  • "ატლეტიკოს" ლა ლიგაში შინ ბოლო 38 დაპირისპირებიდან 35-ში არ წაუგია.
  • ამ სეზონში "ვილიარეალის" კარში ყველაზე მეტჯერ დაარტყეს სტანდარტული მდგომარეობებიდან - 23.
  • "ვალენსიამ" ლა ლიგაში ბოლო 5 ტური მოიგო.
  • "ალავესმა" ლა ლიგაში ბოლო 9 შეხვედრიდან 8 დათმო.
  • "ვალენსიამ" ბოლო ხუთი ტურის მატჩებში, სულ მცირე, 3-3 გოლი გაიტანა.
  • "ალავესმა" ბოლო 9 მატჩიდან 7-ში საერთოდ ვერ შეძლო გატანა.
ლა ლიგა. X ტური
შაბათი, 28 ოქტომბერი
ალავესი-ვალენსია 15:00
ატლეტიკო-ვილიარეალი 20:30
ბილბაო-ბარსელონა 22:45
სევილია-ლეგანესი 00:30

კვირა, 29 ოქტომბერი
ხეტაფე- სოსიედადი 15:00
ჟირონა-რეალი 19:15
ეიბარი-ლევანტე 21:30
მალაგა-სელტა 23:45

ორშაბათი, 30 ოქტომბერი
ესპანიოლი-ბეტისი 23:59
ლას პალმასი-დეპორტივო 23:59

ბომბარდირები: 11 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 8 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), სიმონე ძაძა (ვალენსია); 6 - ანტონი სანაბრია (ბეტისი); 5 - მასიმილიანო გომესი (სელტა), როდრიგო (ვალენსია).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული