ლა ლიგა. XIII ტურის წინ: რა ძალა აქვს "მესტალიას"

AutoSharing Option
ყველაფერი 18 აგვისტოს დაიწყო. მაშინ მარსელინოს სადებიუტო მატჩში "ვალენსიას" თავკაცის პოსტზე "ღამურებმა" სიმონე ძაძას გოლით "ლას პალმასის" კარში ლა ლიგა გამარჯვებით დაიწყეს.

ამას მოჰყვა საგარეო ფრე ყველაფრის მომგებ "რეალთან" - 2:2. თანაც, "სამეფო კლუბი" მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ასენსიოს წყალობით დაუძვრა მარცხს და ყველა მიხვდა, რომ "ვალენსია" ამჯერად აღარ ხუმრობდა.

კიდევ ორ საპატიო ფრეს ("ატლეტიკოსთან" და ქალაქის დერბიში "ლევანტესთან") მოჰყვა საოცარი სერია, რომელიც აქამდე გრძელდება - მარსელინოს გუნდი ზედიზედ 8 ტურია, მხოლოდ იგებს! ასეთი სტარტი გუნდს იმ 6 სეზონშიც
კი არ ჰქონია, როცა ლა ლიგის ჩემპიონი ხდებოდა. სხვათა შორის, თუ თასის მატჩს მივათვლით, "ვალენსია" ზედიზედ 9 მატჩია, მოედნიდან მხოლოდ გამარჯვებული გამოდის.

ყველაფერს აქვს დასასრული და "ვალენსიას" სერიაც აუცილებლად დასრულდება, ეს კი შესაძლოა, ამ ტურში მოხდეს, როცა "მესტალია" ტურის ცენტრალურ მატჩს მასპინძლობს - ლევანტეში ერთპიროვნული ლიდერი "ბარსელონა" ჩადის, რომელსაც მარსელინოს გუნდზე 4 ქულით მეტი აქვს.

სწორედ ეს შეხვედრა ასრულებს ტურს. შესაძლოა, ერთ-ერთმა გუნდმა ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადოს.

ამ შეხვედრას დისკვალიფიკაციების გამო ლუის სუარესი და ჟერარდ პიკე უნდა დაკლებოდნენ, მაგრამ "ბარსამ" ურუგვაელის ყვითელ ბარათზე "ლეგანესთან" მატჩში საჩივარი შეიტანა და სუარესი გაამართლეს. ასე რომ, პიკე ვერა, მაგრამ სუარესი "მესტალიაზე" ითამაშებს.

მასპინძელთა მთავარი დანაკლისი ამ წარმატების შემოქმედი მარსელინოა. მწვრთნელი ბარსელონაში "ესპანიოლთან" მატჩში გააძევეს და ლა ლიგამ იგი ორი მატჩით დასაჯა.

მოვუსმინოთ დავიდ ვილიას, რომელსაც ორივე კლუბში უთამაშია: "დღეისათვის ესპანეთის ორი საუკეთესო გუნდის თამაშია. "ვალენსიასა" და "ბარსელონას" დაპირისპირება ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე კარგი სანახავი დუელია. ორივე გუნდი უშიშარია. ასე რომ, დიდი მატჩი გარანტირებულია. "ვალენსიას" მესის გაჩერება გაუჭირდება, მაგრამ უნდა შეეცადოს. თუმცა კლუბს დიდი უპირატესობა აქვს - სტადიონი. მე კარგად ვიცი, რა ძალა აქვს "მესტალიას".

საბოლოო ჯამში, "ვალენსიას" მოგებათა სერიის გაგრძელება უფრო გამიხარდება", - განუცხადა "ელ გუახემ" "მარკას".

"ბარსას" თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ ლეო მესის მცირე დასვენების საშუალება მისცა, როცა "იუვენტუსთან" მხოლოდ შეცვლაზე შეიყვანა. სხვათა შორის, არგენტინელი ლიგაზე 2003 წლის მერე პირველად ვერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში. ვალვერდემ განაცხადა, რომ მესის დასვენება ესაჭიროებოდა, რომ "ვალენსიასთან" მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს.

ამავე ტურში "სამეფო კლუბი" "მალაგას" მასპინძლობს, რომელსაც "რეალის" ლეგენდა მიჩელი წვრთნის. დაუმარცხებელი "ატლეტიკო" ვალენსიაში "ლევანტეს" სტუმრობს. ძალიან საინტერესოა "ვილიარეალისა" და ლიგის ბოლო ტურის გმირი "სევილიას" დაპირისპირებაც".

ფაქტები
  • "ვალენსიას" ზედიზედ 9 თამაშში (ყველა შეჯიბრებაში) აქვს მოგებული.
  • ბოლოს "ვალენსიამ" მე-13 ტურს დაუმარცხებლად 2001/02 წლების სეზონში უწია. მაშინ "ვალენსია" მეხუთედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
  • ბოლო ტურში დანიელ პარეხომ "ვალენსიას" მაისურით 250-ე მატჩი ჩაატარა.
  • "ვალენსიამ" ბოლო 6 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთი მოუგო "ბარსელონას".
  • "ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 19 მატჩიდან 18 მოიგო.
  • "რეალმა" "მალაგას" ბოლო 14 საშინაო მატჩიდან 12 მოუგო.
  • "მალაგას" ლა ლიგის ბოლო 6 საგარეო მატჩში გოლი არ გაუტანია.
  • "ატლეტიკოს" ლა ლიგაში ბოლო 18 მატჩია, სტუმრად არ წაუგია.
  • "სევილიამ" ბოლო 4 საგარეო მატჩი დათმო ლა ლიგაში.
ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტური
პარასკევი, 24 ნოემბერი
სელტა-ლეგანესი 23:59

შაბათი, 25 ნოემბერი
ალავესი-ეიბარი 16:00
რეალი-მალაგა 19:15
ბეტისი-ჟირონა 21:30
ლევანტე-ატლეტიკო 23:45

კვირა, 26 ნოემბერი
დეპორტივო-ბილბაო 15:00
სოსიედადი-ლას პალმასი 19:15
ვილიარეალი-სევილია 21:30
ვალენსია-ბარსელონა 23:45

ორშაბათი, 27 ნოემბერი
ესპანიოლი-ხეტაფე 23:59

ბომბარდირები: 12 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 9 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 8 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი); 7 - როდრიგო (ვალენსია), ანტონიო სანაბრია (ბეტისი), კრისტიან სტუანი (ჟირონა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული