ვალენსია-ბარსელონა
მესტალიაზე 48 ათასმა ადამიანმა შესანიშნავი მატჩი იხილა, რომელმაც დაამტკიცა, რომ მარსელინოს გუნდის ბოლოდროინდელი წარმატებები შემთხვევითი სულაც არ არის. არბიტრმა იგლესიას ვილანუევამ პირველ ტაიმში "ბარსელონას" 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალა. ლეო მესის დარტყმული ნეტოს ფეხებს შორის გაუძვრა. გოლკიპერმა ბურთი ბოლოს კი მოიგერია, მაგრამ მან კარის ხაზი აშკარად გადაკვეთა. ეს ყველამ შეამჩნია, მოედანზე მყოფი 8 მსაჯის გარდა...
მეორე ტაიმში "ვალენსია" როდრიგომ დააწინაურა, მაგრამ "ღამურებმა" ანგარიში ვერ შეინარჩუნეს - მესის გენიალურ პასს ჟორდი ალბა გამოეხმაურა - 1:1. ასე დასრულდა "ვალენსიას" 8-ტურიანი მოგებათა სერია. ორივე კლუბი ამ სეზონში კვლავ წაუგებელია.
რეალი-მალაგა
"სამეფო კლუბის" ფეხბურთელები სულ უფრო ხშირად აბრალებენ წარუმატებლობას მსაჯებს, თუმცა ეს არასწორია - ზინედინ ზიდანმა "მალაგასთან" თამაშის მერე სწორად შენიშნა, გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთაც უკეთ შეუძლიათ თამაშიო. საყვედური არ ითქმის მხოლოდ ბენზემაზე, ვასკესსა და კარვახალზე, ამ სამეულმა თავგამეტებით იბრძოლა მაინც... ბედად, კრიშტიანო რონალდომ თავისსავე გაცუდებულ პენალტს მიუსწრო და "მალაგა" შინ უქულოდ გაუშვა.
მასპინძელთა რიგებში კი საუკეთესო მაინც კაზემირო იყო. ბრაზილიელს არაფერს ვერჩით, მაგრამ, როცა "სამეფო კლუბის" ვარსკვლავურ შემადგენლობაში საუკეთესო კაზემიროა, რაღაც ვერ არის წესრიგში გუნდში. წარმოიდგინეთ, ის "რეალის" ბომბარდირებში მესამე ადგილზეა...
ზინედინ ზიდანი (რეალი): "კარგად ვითამაშეთ, გავიტანეთ სწრაფი გოლი. ეს იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ შემდეგ ვითარება შეიცვალა. მეორე ტაიმში გაგვიჭირდა. გვიხარია შედეგის გამო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია. ზამთარში გუნდიდან ნამდვილად არავინ წავა, ახალწვეულები კი შეიძლება გვყავდეს".
ფაქტები
- კრიშტიანო რონალდომ (რეალი) "მალაგას" კარში მე-7 პენალტი დაარტყა და მე-4 ვერ გაიტანა. ასეთი ცუდი მაჩვენებელი მას სხვა არც ერთი გუნდის წინააღმდეგ არ აქვს.
- გონსალო "ჩორი" კასტროს (მალაგა) გოლი პირველია, რაც ამ სეზონში "რეალმა" საჯარიმოს გარედან გაუშვა.
- ქარიმ ბენზემამ (რეალი) დაასრულა 7-მატჩიანი უგოლო სერია ლა ლიგაში - ყველაზე გრძელი მას მერე, რაც "სამეფო კლუბში" თამაშობს.
- კაზემირომ "რეალის" მაისურით ზედიზედ ორ საშინაო მატჩში პირველად გაიტანა.
- "მალაგამ" "რეალთან" მატჩში შეძლო სეზონში პირველი გოლის გატანა სტუმრად.
ლევანტე-ატლეტიკო
როგორც იქნა, "ატლეტიკოს" ფორვარდებმა გოლების გატანა დაიწყეს - ანტუან გრიზმანმა და კევინ გამეირომ ვალენსიაში დუბლები მიითვალეს, ერთიც "ლევანტეს" ფეხბურთელებმა საკუთარ კარში გაიტანეს.
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "დღეს ჩვენი ფორვარდები საუკეთესოდ თამაშობდნენ. გრიზმანი და გამეირო გადასარევად ირჯებოდნენ, კორეაც კარგი იყო და შეცვლაზე შესული ტორესიც. არ ვიცით, რატომ, მაგრამ ამ სიტუაციამ გუნდს მეტი მოტივაცია მისცა და მეტად დაგვმუხტა პოზიტიური ენერგიით".
ფაქტები
- 13 მატჩი წაუგებლად - ეს "ატლეტიკოს" ისტორიაში საუკეთესო სტარტია (7 მოგება, 6 ფრე).
- ანტუან გრიზმანმა (ატლეტიკო) ერთ მატჩში გოლი და საგოლე პასი პირველად მიითვალა ამ სეზონში.
- პირველ ტაიმში "ატლეტიკომ" "ლევანტეს" კარში ზუსტად 6-ჯერ დაურტყა, რაც ამ სეზონში მადრიდელთათვის ტაიმის რეკორდია.
- ბოლო 18 საგარეო მატჩია, რაც "ატლეტიკო" ლა ლიგაში არ მარცხდება (10 მოგება, 8 ფრე).
- დიეგო სიმეონემ პირველად მოიგო "სიუტატ დე ვალენსიაზე" მწვრთნელის რანგში - მე-6 ცდაზე.
"ბეტისისა" და "ჟირონას" მატჩში (2:2) ორი გოლი მსაჯის მიერ მე-4 და მე-5 კომპენსირებულ წუთებზე გავიდა, ასეთ რამეს კი იშვიათად თუ ნახავთ.
"სევილიამ" "ლივერპულთან" სასწაულებრივად შემოატრიალა თამაში ჩემპიონთა ლიგაზე, ახლა კი ჯერი ლა ლიგაზე დადგა - გუნდი "ვილიარეალთან" 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ ანდალუსიელებმა სამი გოლის გატანა შეძლეს "ყვითელი წყალქვეშა ნავის" კარში. მოკლედ, ედუარდო ბერიცოს გუნდს მტკიცე ხასიათი გამოუმუშავდა.
სხვა ფაქტები
- "ლეგანესი" ზედიზედ 4 ტურში დამარცხდა. ეს ამ გუნდის უარესი შედეგია პრიმერა დივიზიონში.
- იაგო ასპასმა (სელტა) ლა ლიგაში 11 პენალტი დაარტყა და 11 გაიტანა.
- "ბეტისის" კარში ბოლო 12 ზუსტი დარტყმიდან 8 გოლი გავიდა.
- "ალავესსა" და "ეიბარს" შორის პირველი ბასკური დერბია ლა ლიგაში, რომელიც 0:0 არ მორჩენილა.
- მეორე ტაიმებში გატანილი გოლების წყალობით ყველაზე მეტი ქულა "სევილიამ" დააგროვა - 13.
- "ბილბაოს" უკვე ხუთი ტურია, ვერ მოუგია (2 ფრე, 3 წაგება). ეს კი 2015 წლის იანვრის მერე პირველად მოხდა.
სელტა-ლეგანესი 1:0
გოლი: 1:0 ასპასი (27-პენ)
ალავესი-ეიბარი 1:2
გოლები: 0:1 ხორდანი (33), 0:2 შარლესი (69), 1:2 ბურგუი (91)
გაძევება: სანტოსი (45. ალავესი), შარლესი (83. ეიბარი)
რეალი-მალაგა 3:2
გოლები: 1:0 ბენზემა (9), 1:1 როლანი (18), 2:1 კაზემირო (21), 2:2 გ. კასტრო (58), 3:2 რონალდო (76)
რეალი (4-4-2): კასილია - კარვახალი, ვარანი, ვალიეხო, მარსელო - ისკო (62. მოდრიჩი), კაზემირო, კროოსი (81. ტ. ერნანდესი), ლ. ვასკესი - ბენზემა (89. მაიორალი), რონალდო
გამოუყენებელი პენალტი: რონალდო (76)
ბეტისი-ჟირონა 2:2
გოლები: 0:1 პორტუ (45+1), 1:1 გუარდადო (85), 1:2 პორტუ (94), 2:2 ტელიო (95)
ლევანტე-ატლეტიკო 0:5
გოლები: 0:1 რობერი (5 ს. კ.), 0:2 გამეირო (29), 0:3 გამეირო (59), 0:4 გრიზმანი (65), 0:5 გრიზმანი (68)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - თომასი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - საულ ნიგესი (73. ა. ფერნანდესი), გაბი, კოკე, ა. კორეა (66. ფერეირა-კარასკო) - გამეირო (69. ფ. ტორესი), გრიზმანი
დეპორტივო-ბილბაო 2:2
გოლები: 0:1 სუსაეტა (16), 1:1 ადრიანი (35), 1:2 ვილიამსი (60), 2:2 შერი (76)
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - ბოვედა, ნუნიესი, ლაპორტი, ბალენზიაგა - იტურასპე, მ. რიკო - ვილიამსი, დე მარკოსი (54. რაულ გარსია), სუსაეტა - ადურისი
სოსიედადი-ლას პალმასი 2:2
გოლები: 0:1 ტანა (21), 1:1 ვილიან ჟოზე (31), 2:1 იანუზაი (62), 2:2 ვიერა (67)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, დ. ლორენტე, ი. მარტინესი, როდრიგეში - ჩაბი პრიეტო (70. კანალესი), ილიარამენდი, ზურუტუზა - იანუზაი (80. ხუანმი), ვილიან ჟოზე, ოიარზაბალი (67. ველა)
გაძევება: ოდრიოზოლა (94. რეალ სოსიედადი)
ვილიარეალი-სევილია 2:3
გოლები: 1:0 ბაკამბუ (19), 2:0 ბაკა (53), 2:1 ლონგლე (56), 2:2 ფ. ვასკესი (57), 2:3 ბანეგა (68-პენ)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - მერკადო, გაისი, ლონგლე, კაროლი - ბანეგა, პისარო - სარაბია (90. ხესუს ნავასი), ფ. ვასკესი (68. კრონ-დელი), ხ. კორეა - მურიელი (93. განსო)
გაძევება: რუისი (77. ვილიარეალი)
ვალენსია-ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 როდრიგო (60), 1:1 ალბა (82)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია, გარაი (86. ვეზუ), გაბრიელი, გაია - სოლერი (89. მინა), პარეხო, კონდოგბია, გედეში - ძაძა, როდრიგო (82. ა. პერეირა)
ბარსელონა (4-1-2-1-2): ტერ შტეგენი - სემედუ (80. ა. ვიდალი), უმტიტი, ვერმალენი, ალბა - ბუსკეტსი - რაკიტიჩი (68. დეულოფეუ), ინიესტა (72. დ. სუარესი) - პაულინიო - ლ. სუარესი, მესი
ორშაბათი, 27 ნოემბერი
ესპანიოლი-ხეტაფე 23:59
ბომბარდირები: 12 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 9 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), სიმონე ძაძა (ვალენსია); 8 - როდრიგო (ვალენსია); 7 - იაგო ასპასი (სელტა), ანტონიო სანაბრია (ბეტისი), კრისტიან სტუანი (ჟირონა).
მომდევნო ტური
1-ლი დეკემბერი: მალაგა-ლევანტე;
2 დეკემბერი: ბარსელონა-სელტა, ატლეტიკო-რეალ სოსიედადი, სევილია-დეპორტივო, ბილბაო-რეალი;
3 დეკემბერი: ლეგანესი-ვილიარეალი, ხეტაფე-ვალენსია, ეიბარი-ესპანიოლი, ლას პალმასი-ბეტისი;
4 დეკემბერი: ჟირონა-ალავესი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"