ლა ლიგა. XVIII ტურის წინ: სევილიური დერბი იტალიური პიცით

AutoSharing Option
"ბარსელონამ" წინა 17 ტურში ისე ითამაშა, დარჩენილ 21 ტურში საოცრებები უნდა აკეთოს, რომ ტიტული ვერ მოიპოვოს - ერნესტო ვალვერდეს გუნდი უახლოეს მდევარ "ატლეტიკოს" 9 ქულით უსწრებს, "ვალენსიას" 11-ით, "რეალს" კი 14-ით. მართალია, "სამეფო კლუბს" ერთი მატჩი რეზერვში აქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, "ბარსამ" მადრიდული კლასიკო მოუგო ზინედინ ზიდანის გუნდს.

კატალონიელები "კამპ ნოუზე" "ლევანტესთან" მატჩით იწყებენ 2018-ში ლა ლიგას. 2011 წლიდან მოყოლებული "ბარსა" ყოველთვის უგებს ვალენსიურ კლუბს და ახლაც ფავორიტია.

ახლა ყველა ფილიპე კოუტინიოს შესაძლო ტრანსფერზე ლაპარაკობს, თუმცა "ბარსაში" სხვა სიახლეცაა - უსმან
დემბელემ ტრავმა მოიშუშა და თამაში შეუძლია. მესიმ, ინიესტამ და სუარესმა თასზე დაისვენეს და ჩემპიონატის მატჩისთვის ემზადებიან.

ტურს "სამეფო კლუბი" დაასრულებს, რომელიც ვიგოში "სელტას" ესტუმრება. ზიდანის გუნდმა გასაფლანგავი უკვე გაფლანგა და ახლა ყოველ ქულას მისთვის ოქროს ფასი აქვს. "რეალს" დისკვალიფიკაციის გამო, დანი კარვახალი არ ეყოლება, ხოლო ტრავმის გამო ქარიმ ბენზემა დააკლდება.

დიეგო კოშტამ და ვიტოლომ უკვე ითამაშეს "ატლეტიკოს" რიგებში და სათასო ბატალიების მერე, ახლა ჯერი ჩემპიონატზეა, სადაც "ატლეტიკოს" მადრიდული დერბი აქვს "ხეტაფესთან".

ტურის მშვენება ანდალუსიური დერბია - სევილიაში ერთმანეთის პირისპირ "სევილია" და "ბეტისი" დადგებიან. "სევილია" სევილიური დერბის ისტორიაში დიდ უპირატესობას ფლობს - 60 გამარჯვება 37-ის წინააღმდეგ, 29 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

ახლა ამ დერბის კიდევ ერთი რამ ერთვის - ჩემპიონატში ვინჩენცო მონტელას დებიუტი "სევილიას" თავკაცის პოსტზე (მან უკვე მოიგო კოპა დელ რეიზე).

მასპინძლებს დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლებათ არგენტინელი გვიდო პისარო, სტუმრებს - ხორდი ამატი და მწვრთნელი კიკე სეტიენი.

ფაქტები
  • "ბარსელონამ" "ლევანტეს" ბოლო 7 დაპირისპირება მოუგო.
  • "სევილიამ" "ბეტისს" ზედიზედ ბოლო ხუთი მატჩი მოუგო.
  • "ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 24 მატჩიდან 21 მოიგო.
  • "ატლეტიკოს" "ხეტაფესთან" ბოლო 12 დაპირისპირებაში გოლი არ გაუშვია.
  • "სევილიას" ლა ლიგაში ბოლო 21 საშინაო მატჩი არ წაუგია.
  • "რეალმა" არ წააგო ბოლო 16 საგარეო მატჩიდან 15.
  • ბოლო 20 საშინაო მატჩში "ბარსას" სულ მცირე, 2 გოლი გააქვს.
  • "სევილიამ" ბოლო 7 საშინაო მატჩიდან 5-ში გოლი არ გაუშვა.

ლა ლიგა. XVIII ტური
შაბათი, 6 იანვარი
ატლეტიკო-ხეტაფე 16:00
ვალენსია-ჟირონა 19:15
ლას პალმასი-ეიბარი 21:30
სევილია-ბეტისი 23:45

კვირა, 7 იანვარი
ლეგანესი-სოსიედადი 15:00
ბარსელონა-ლევანტე 19:15
ბილბაო-ალავესი 21:30
ვილიარეალი-დეპორტივო 21:30
სელტა-რეალი 23:45

ორშაბათი, 8 იანვარი
მალაგა-ესპანიოლი 23:59

ბომბარდირები: 15 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 11 - იაგო ასპასი (სელტა); 10 - ლუის სუარესი (ბარსელონა), სიმონე ძაძა (ვალენსია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული