ფილიპე კოუტინიო უკვე ბარსელონაშია

AutoSharing Option
ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო პარტნიორებს დაემშვიდობა, "ლივერპულს" დუბაიში ხანმოკლე შეკრებაზე არ გაჰყვა,  კატალონიაში კერძო თვითმფრინავით მეუღლესთან ენესთან და აგენტთან კია ჯურაბჩიანთან ერთად გაფრინდა და დღეს "ბარსელონასა" და "ლევანტეს" მატჩს დაესწრება.

Sport.es-ის მტკიცებით, კოუტინიოს "ბარსაში" პრეზენტაცია ორშაბათს "კამპ ნოუზე" ჩატარდება. მას 5.5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

როგორც იუწყებიან, მისი ტრანსფერი ასულგრანას 160 მილიონი ევრო დაუჯდება და კლაუსულა 400 მილიონი იქნება. ეს მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში მესამე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.

"ლივერპული" იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც კოუტინიოს მაისურები კლუბის მაღაზიებში იყიდეს, კომპენსაციის სახით 50-ფუნტიან ვაუჩერებს გადასცემენ.

"წითლების" მწვრთნელმა
იურგენ კლოპმა ფილიპეს გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა:"ერთობ უხალისოდ ვემშვიდობებით ჩვენს კარგ მეგობარს, შესანიშნავ ადამიანსა და ფანტასტიკურ ფეხბურთელს.

არავისთვის არაა საიდუმლო, რომ "ბარსას" მისი შეძენა ივლისში უნდოდა, მაგრამ აქამდე მოვახერხეთ შენარჩუნება. შემიძლია ვუთხრა გულშემატკივრებს, რომ ფილიპეს დასატოვებლად ყველაფერი ვიღონე, მაგრამ მან სხვაგვარად გადაწყვიტა.

კოუტინიო მუდამ გუნდის ერთგული იყო, ჩინებულად თამაშობდა და გამარჯვებების მოპოვებაში გვეხმარებოდა. როდესაც ზაფხულში არ გავუშვით ბლაუგრანაში, შვებულებისას ბაზაზე ვარჯიშობდა. ნამდვილი პროფესიონალია.

მესმის, გულშემატკივრები იმედგაცრუებულნი არიან. მუდამ ასე ხდება, როცა განსაკუთრებული ფეხბურთელი ტოვებს გუნდს. რას იზამ, ადამიანებს თავიანთი მიზნები და ოცნებები აქვთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული