ლა ლიგა. XIX ტურის წინ: "ბარსა" სევილიაში, პიკე 2022-მდე

AutoSharing Option
ამ უქმეებზე კიდევ ერთი ტურით მიუახლოვდება "ბარსელონა" სანუკვარ მიზანს - ჩემპიონობას, რომლის დაკარგვაც უფრო რთული უნდა იყოს კატალონიელებისათვის, ვიდრე ამხელა ჰანდიკაპიდან მინიმალურის შენარჩუნება სეზონის ბოლოსთვის.

"ბარსას" უახლოეს კონკურენტ "ატლეტიკოს" 9 ქულა აშორებს ლიდერთან და დიეგო სიმეონეს კრებული, ეჭვიც არ გვეპარება, რომ ბოლომდე იბრძოლებს. მაინც ძნელი წარმოსადგენია, რომ ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ამხელა უპირატესობა გაანიავოს.

"ბარსა" სევილიაში ჩადის და ბოლო ორ შეხვედრაში მოგებებით მოფერიანებულ და ცხრილის ზედა ნახევარში ასულ "ბეტისს" ხვდება. სხვათა შორის, გასულ სეზონში კატალონიელებმა სტუმრად ვერ მოიგეს (1:1), თუმცა ურთიერთშეხვედრებში
ძირითადად მათი უდიდესი უპირატესობაა.

ჟერარდ პიკე ამ მატჩზე ახალკონტრაქტდამშვენებული ჩადის - "ბარსელონამ" 2022 წლამდე გაუხანგრძლივა ხელშეკრულება მას. მოკლედ, იმ დროისთვის ჟერარდი 35 წლის იქნება. გამოდის, რომ მან ლამის კარიერის დასრულებამდე გაინაღდა "ბარსელონაში" ბურთაობა.

პიკემ ლამის მთელი კარიერა "ბარსას" უძღვნა. ლა მასიაში იგი 10 წლის ასაკში მივიდა და, თუ არ ჩავთვლით "იუნაიტედში" გატარებულ 4 სეზონს, სულ კატალონიურ გრანდშია. იერი მინამ 24-ნომრიანი მაისურა აირჩია და შესაძლოა, ითამაშოს კიდეც. რაც შეეხება პაულინიოს ტრავმას, განგაში ცრუ გამოდგა და ბრაზილიელს "ბეტისთან" ელიან.

"ატლეტიკო" "ჟირონას" მასპინძლობს. ამ კასტილიურ-კატალონიურ დაპირისპირებას ისტორია, ფაქტობრივად, არ აქვს - I წრეში "ჟირონამ" 2:2 ითამაშა მადრიდულ კლუბთან, სულ ეს არის. სიმეონეს გუნდს დისკვალიფიკაციამოხდილი დიეგო კოშტა, გაბი და სტეფან სავიჩი უბრუნდებიან.

სამაგიეროდ, ახლა დიეგო გოდინია დისკვალიფიცირებული. ძალზე საეჭვოა ფილიპე ლუიშის თამაში.

მადრიდის "რეალი", რომლისთვისაც საჩემპიონო რბოლა, ალბათ, მარცხით დასრულდა, "დეპორტივოს" მასპინძლობს. ერთ დროს ეს ტურის ცენტრალური მატჩი იქნებოდა, მაგრამ ახლანდელი "დეპორტივო" ძველის აჩრდილია, სტუმრად გალისიელებს საერთოდ სავალალო შედეგები აქვთ.

ფაქტები
  • "ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო 26 მატჩიდან 23 მოიგო.
  • "ბეტისმა" ბოლო სამ შეხვედრაში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაუშვა თითოეულ თამაშში.
  • "დეპორტივომ" ლა ლიგაში ბოლო 28 საგარეო მატჩიდან მოგება 26-ში ვერ შეძლო.
  • "ატლეტიკომ" ბოლო 9 მატჩიდან 7-ში ლა ლიგაში გოლი არ გაუშვა.
  • "ატლეტიკოს" ლა ლიგის ბოლო 23 მატჩიდან 22-ში არ წაუგია.

ლა ლიგა. XIX ტური
პარასკევი, 19 იანვარი
ხეტაფე-ბილბაო 23:59

შაბათი, 20 იანვარი
ესპანიოლი-სევილია 16:00
ატლეტიკო-ჟირონა 19:15
ვილიარეალი-ლევანტე 21:30
ლას პალმასი-ვალენსია 23:45

კვირა, 21 იანვარი
ალავესი-ლეგანესი 15:00
რეალი-დეპორტივო 19:15
სოსიედადი-სელტა 21:30
ბეტისი-ბარსელონა 23:45

ორშაბათი, 22 იანვარი
ეიბარი-მალაგა 23:59

ბომბარდირები: 17 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 13 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 11 - იაგო ასპასი (სელტა); 10 - კრისტიან სტუანი (ჟირონა), სიმონე ძაძა (ვალენსია).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული