ლა ლიგა. XXV ტური: BBC-ის ოთხი გოლი, MCS-ის - ექვსი [VIDEO]

AutoSharing Option
ერნესტო ვალვერდეს ლა ლიგის მოგება ეჩქარება, ზინედინ ზიდანს ექსპერიმენტების დრო დარჩა; ლუის სუარესი ყვითელ ბარათს ძალით "იკიდებს", ხოლო კრიშტიანო რონალდო სხვას უთმობს პენალტს...

რეალი-ალავესი
ზინედინ ზიდანმა "ალავესთან" ძველი BBC (ბეილი, ბენზემა, რონალდო) დააბრუნა. ოღონდ უელსელი უფრო ფლანგიდან უტევდა, ისევე, როგორც ლუკას ვასკესი. მოკლედ, ფრანგმა სუპერშემტევი შემადგენლობით არჩია თამაში. ამიტომ იყო, რომ მოედნის ცენტრში კაზემიროს მან კოვაჩიჩი შეუწყვილა.

კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც ბეილმა გაიტანა, ქარიმ ბენზემამ კი პენალტი გამოიყენა და ეს მაშინ, როცა მოედანზე რჩებოდა რონალდო.

მოკლედ, ფრანგს თანაგუნდელები
კრიზისიდან გამოსვლაში ერთობ ეხმარებიან და ბენზემაც სიცოცხლის ნიშნებს ავლენს. ამ თამაშში მან 2 საგოლე პასი მიითვალა. საერთო ჯამში, შემტევმა ტრიომ ბრწყინვალედ ითამაშა და მათ ფეხი ვასკესმაც აუწყო.

ზინედინ ზიდანი ("რეალის" მწვრთნელი): "კმაყოფილი დავრჩი რონალდოს ჟესტის გამო. ეს გუნდური თამაშია და რონალდო და ბენზემა ერთმანეთთან ძალიან კარგად ურთიერთობენ.

ქარიმმა დღეს ბრწყინვალედ ითამაშა და გოლს იმსახურებდა. პირველ ტაიმში გარკვეული სირთულეები გვქონდა. მოსამატებელი გვაქვს დაცვაში თამაში, რომ ჩვენი შეცდომები მომავალში არ გამოიყენონ მეტოქეებმა.

BBC არსად წასულა, ვასკესიც კარგი იყო, შემტევმა ოთხეულმა ბრწყინვალედ ითამაშა. გააგრძელებს თუ არა ბეილი მარცხნიდან თამაშს? ვნახოთ, მან 90 წუთი ითამაშა პოზიციაზე, სადაც დიდი ხანია არ უთამაშია და თავი გაართვა".


ფაქტები
  • კრიშტიანო რონალდომ თავისი 300 გოლი ლა ლიგაში მესიზე სწრაფად გაიტანა - 41 თამაშით.
  • 2016 წლის მერე პირველად მოხდა, რომ "რეალის" შეტევის ვარსკვლავური ტრიოს თითოეულმა წევრმა გაიტანა.
  • "რეალმა" 2004 წლის მერე ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა მეორე ტაიმში - ბეილს ამისთვის 28 წამი დასჭირდა.
  • "რეალი" პირველი ესპანური კლუბია, რომელმაც ყველა შეჯიბრებაში ამ სეზონში უკვე 100 გოლი გაიტანა.

ბარსელონა-ჟირონა
კატალონიური დერბი "ბარსელონასა" და "ჟირონას" შორის ძალზე უთანაბრო გამოდგა და, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები მე-3 წუთზე პორტუმ დააწინაურა, ბარსამ 6:1 მოიგო.

ლუის სუარესმა ჰეთ-თრიკს 2 საგოლე პასიც მიუმატა, ლეო მესის ანგარიშზე დუბლი და 1 საგოლე პასია, ერთი გოლიც ფილიპე კოუტინიომ გაიტანა უსმან დემბელეს პასით.

ერნესტო ვალვერდემ თამამი გადაწყვეტილება მიიღო და ფლანგებზე უსმან დემბელე და ფილიპე კოუტინიო დააყენა. შეტევაში სუარესი-მესის ტანდემი მოქმედებდა. ცენტრს რაკიტიჩი და ბუსკეტსი აკონტროლებდნენ. პაულინიო ამჯერად, შეცვლაზე შევიდა, ხოლო ინიესტას საერთოდ არ უთამაშია - სათადარიგო იყო.

MCS-მა (მესი, კოუტინიო, სუარესი) საბოლოოდ 6 გოლი გაიტანა.

ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონას" მწვრთნელი): "ლუის სუარესს ყვითელი ბარათი ძალით არ მიუღია. ის სულ ასეთია, ასე თამაშობს. როცა დისკვალიფიკაციის გამო ვინმე გვაკლდება, მის ადგილს სხვა იკავებს. ჩვენ გვსურს, ლა ლიგა რაც შეიძლება მალე მოვიგოთ. რაც შეეხება მესის, ის ისეთ რაღაცებს აკეთებს მოედანზე, რომ ყველაფერი იოლი გგონია, არადა, სინამდვილეში ასე არ არის".


ფაქტები
  • მესის ახალი რეკორდი - მან უკვე პრიმერაში 36 სხვადასხვა გუნდს გაუტანა. რაულს და ადურისს 35-35 გუნდისთვის გაუტანიათ.
  • "ბარსელონა" ლა ლიგაში უკვე 32 მატჩია, რაც არ აგებს.
  • კრისტიან პორტუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში "ბარსელონას", "ატლეტიკოსა" და "რეალს" გაუტანა.
  • ლიონელ მესი 148 საგოლე პასით ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი საგოლე პასის ავტორი გახდა. მან გაასწრო მიჩელს (147).
  • ის ასევე ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის ავტორია - 371.
  • სამი ფეხბურთელი, რომელთაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი გოლი აქვთ საჯარიმოს გარედან გატანილი ბოლო 5 სეზონში: მესი - 29, კოუტინიო - 19, რონალდო - 19.
  • ფილიპე კოუტინიომ ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა "ბარსელონას" მაისურით.

სხვა მატჩები
"დეპორტივომ" პირველი ქულა მოიპოვა კლარენს ზეედორფის ხელმძღვანელობით. მეტიც შეეძლო, ლუკას პერესს დიეგო ლოპესისთვის რომ ეჯობნა და პენალტი გაეტანა.

20 წლის მაროკოელმა იუსეფ ენ ნესირიმ "მალაგას" რიგებში ჯერ გოლი გაიტანა "სან მამესზე", შემდეგ პენალტი ვერ გაიტანა და ბოლოს სულაც ანტიგმირად იქცა - წითელი ბარათი მიიღო. ანდალუსიური კლუბი ბილბაოდანაც უქულოდ წავიდა. ვფიქრობთ, "მალაგა" განწირულია.

პენალტისტების შერცხვენა "ვილიარეალი"-"ხეტაფეს" მატჩში უფრო აშკარა იყო - სერხიო ასენხომ ორი პენალტი მოიგერია მადრიდელი ფეხბურთელების შესრულებით და "ყვითელ წყალქვეშა ნავს" მნიშვნელოვანი ქულები მოაპოვებინა.

სანტი მინას დუბლმა "ვალენსიას" "რეალ სოსიედადთან" ჯახში გაამარჯვებინა - 2:1. ტურის ცენტრალურ მატჩში "ატლეტიკომ" "სანჩეს პისხუანზე" მასტერკლასი ჩაუტარა "სევილიას" - 5:2. ანტუან გრიზმანმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და ერთი საგოლე პასიც გააკეთა.


ფაქტები
  • იაგო ასპასმა და მაქსი გომესმა "სელტას" გოლების 67,4% გაიტანეს.
  • "სელტას" ბოლო 22 გოლიდან 21-ში ზემოთ ნახსენები ორივე ფეხბურთელი უშუალოდ მონაწილეობდა.
  • "დეპორტივომ" კარისკენ 17-ჯერ დაარტყა. ბოლო ორ სეზონში ეს გუნდის საუკეთესო მაჩვენებელია.
  • დიეგო ლოპესმა ბოლო პენალტი ლა ლიგაში 2010 წელს მოიგერია, მას მერე კი 16 პენალტი გაუშვა ზედიზედ.
  • ესტებან გრანერომ (ესპანიოლი) ლა ლიგის კარიერაში პირველად "აიკიდა" პენალტი.
  • სანტი მინამ (ვალენსია) დარტყმების 42% გოლად აქცია. ეს ლა ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.
  • მიკელ ოიარზაბალმა (რეალ სოსიედადი) "ვალენსიას" კარში 4 გოლი გაიტანა.
  • ევროპის ტოპ-5 ლიგაში "ვალენსიამ" (ჩელსისთან" ერთად) ყველაზე მეტი გოლი გაიტანა თავით - 13.
  • კეპა არიზაბალაგას (ბილბაო) ლა ლიგაში 3 პენალტი დაურტყეს, რომელთაგანც მან 2 მოიგერია.
  • სერხიო ასენხომ (ვილიარეალი) კარიერაში პირველად შეძლო თამაშში 2 პენალტის მოგერიება.
  • "ვილიარეალის" ბოლო 14 გოლიდან 9-ში მონაწილეობა ბაკამ და უნალმა მიიღეს.
  • ანტუან გრიზმანი ლა ლიგის მეორე ფეხბურთელია, ვინც ამ სეზონში გოლებსა და საგოლე პასებში ორნიშნა რიცხვს უწია (ყველა შეჯიბრებაში) - 16 გოლი და 10 საგოლე პასი. პირველი ლეო მესია (ბარსელონა) - 30 გოლი და 15 პასი.
  • "ატლეტიკოს" ბოლო 9 გოლიდან 7-ში დიეგო კოშტამ უშუალო მონაწილეობა მიიღო (5 გოლი, 2 საგოლე პასი).

ლა ლიგა. XXV ტური
დეპორტივო-ესპანიოლი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: ლ. პერესი (65. დეპორტივო)

სელტა-ეიბარი 2:0
გოლები: 1:0 ასპასი (56), 2:0 მ. გომესი (79)

რეალი-ალავესი 4:0
გოლები: 1:0 რონალდო (44), 2:0 ბეილი (46), 3:0 რონალდო (61), 4:0 ბენზემა (89-პენ)
რეალი (4-2-3-1): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, ნაჩო, ტ. ერნანდესი - კაზემირო (80. მ. ლორენტე), კოვაჩიჩი (73. სებალიოსი) - ლ. ვასკესი, რონალდო, ბეილი - ბენზემა

ლეგანესი-ლას პალმასი 0:0

ბარსელონა-ჟირონა 6:1
გოლები: 0:1 პორტუ (3), 1:1 ლ. სუარესი (5), 2:1 მესი (30), 3:1 მესი (36), 4:1 ლ. სუარესი (44), 5:1 კოუტინიო (66), 6:1 ლ. სუარესი (76)
ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე (64. ვერმალენი), უმტიტი, ალბა - უ. დემბელე, რაკიტიჩი (77. ს. რობერტო), ბუსკეტსი (69. პაულინიო), კოუტინიო - მესი, ლ. სუარესი

ვილიარეალი-ხეტაფე 1:0
გოლი: 1:0 უნალი (3)
გამოუყენებელი პენალტი: ანხელი (36. ხეტაფე), მოლინა (51. ხეტაფე)

ბილბაო-მალაგა 2:1
გოლები: 0:1 ენ ნესირი (13), 1:1 სუსაეტა (17), 2:1 სან ხოსე (44)
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - დე მარკოსი, ი. ალვარესი, ი. მარტინესი, ლეკუე (75. საბორიტი) - ბენიატი (83. ვილიამსი), სან ხოსე - სუსაეტა, რაულ გარსია, კორდობა (66. იტურასპე)
გამოუყენებელი პენალტი: ენ ნესირი (61. მალაგა)
გაძევება: ენ ნესირი (84. მალაგა)

ვალენსია- სოსიედადი 2:1
გოლები: 1:0 ს. მინა (34), 1:1 ოიარზაბალი (54), 2:1 ს. მინა (68)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია, გაბრიელ პაულისტა, მურილიო, გაია - სოლერი (66. ძაძა), პარეხო, კოკლენი, გედეში (73. ფ. ტორესი) - როდრიგო (81. მაქსიმოვიჩი), ს. მინა
რეალ სოსიედადი (4-3-3): რამირესი - ოდრიოზოლა, ელუსტონდო, დ. ლორენტე, დე ლა ბელია - ზუბელდია, ილიარამენდი, ზურუტუზა (79. იონ ბაუტისტა) - კანალესი, ხუანმი (69. იანუზაი), ოიარზაბალი

სევილია-ატლეტიკო 2:5
გოლები: 0:1 დიეგო კოშტა (29), 0:2 გრიზმანი (42), 0:3 გრიზმანი (51-პენ), 0:4 კოკე (65), 0:5 გრიზმანი (81), 1:5 სარაბია (85), 2:5 ნოლიტო (89)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ხესუს ნავასი (18. ლაიუნი), მერკადო, ლონგლე, ესკუდერო - ნ"ზონზი, ბანეგა - სარაბია, ფ. ვასკესი (70. ნოლიტო), ხ. კორეა (60. ბენ იედერი) - მურიელი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - საულ ნიგესი, თომასი (64. ა. კორეა), გაბი, კოკე (71. ვიტოლო) - დიეგო კოშტა (76. გამეირო), გრიზმანი

ორშაბათი, 26 თებერვალი
ლევანტე-ბეტისი 23:59

ბომბარდირები: 22 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 20 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 16 - იაგო ასპასი (სელტა); 14 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 13 - კრისტიან სტუანი (ჟირონა), მაქსი გომესი (სელტა).

მომდევნო ტური
27 თებერვალი: ესპანიოლი-რეალი, ჟირონა-სელტა;
28 თებერვალი: ხეტაფე-დეპორტივო, ბილბაო-ვალენსია, მალაგა-სევილია, ატლეტიკო-ლეგანესი, ეიბარი-ვილიარეალი;
1-ლი მარტი: ბეტისი-რეალ სოსიედადი, ლას პალმასი-ბარსელონა; ალავესი-ლევანტე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული