ლა ლიგა. XXVI ტურის წინ: მორიგი გასეირნება ბარსელონაში?

AutoSharing Option
25-ე და 26-ე ტურებს შორის პაუზა 24-საათიანიც კი არ არის - ლა ლიგაში შუა კვირის ტურია, რომელიც სამ დღეზეა გაწერილი.

ჩემპიონი "რეალი" ბარსელონაში ჩადის სათამაშოდ, ოღონდ "ესპანიოლის" წინააღმდეგ; "ბარსა" კი კანარის კუნძულებზე მიემგზავრება - გადარჩენისთვის მებრძოლ "ლას პალმასთან" დუელი აქვს.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება ყოფილ "კორნელია ელ პრატზეა". "რეალმა" გამოიღვიძა და "სამეფო კლუბის" ბანაკის ირგვლივ ოპტიმისტური განწყობა ჭარბობს.

ხანდახან ნამეტანიც მოსდით - მაგალითად, კლუბის ლეგენდა რაულ გონსალეს ბლანკო ამბობს, რომ ლა ლიგა ხანგრძლივი ტურნირია და "რეალმა" ჩემპიონობისთვის ბოლომდე უნდა იბრძოლოს.

ჩემპიონობისთვის?
როცა ტურნირის დასრულებამდე 13 ტური რჩება და "ბარსასთან" ჩამორჩენა 14 ქულაა (ამასთან, "ატლეტიკოს" "რეალი" 7 ქულით ჩამორჩება), ეს განცხადება გადამლაშებულად გვეჩვენება.

ზინედინ ზიდანის გუნდი ზედიზედ 4 გამარჯვებით იწონებს თავს. მას დისკვალიფიკაციამოხდილი კაპიტანი სერხიო რამოსი უბრუნდება. მარსელოს არყოფნაში მარცხენა ფლანგზე ისევ ტეო ერნანდესი ითამაშებს.

მატეო კოვაჩიჩისა და კაზემიროს პარტნიორობა მოედნის ცენტრში გაგრძელდება, ხოლო ფლანგებზე სასტარტოს ადგილისთვის გარეთ ბეილი, მარკო ასენსიო და ისკო იბრძოლებენ.

რეალი (სავარაუდო): კ. ნავასი - კარვახალი, ს. რამოსი, ვარანი, ტ. ერნანდესი - ისკო, კოვაჩიჩი, კაზემირო, ასენსიო - ბენზემა, რონალდო.

"ბარსა" "ლას პალმასთან" დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტია. გუნდში ბრწყინვალედ ათამაშდა ფილიპე კოუტინიო და ახლა ამ კარგი ფორმის გაგრძელებას ელიან.

ამბობენ, რომ ერნესტო ვალვერდე როტაციას მიმართავს. წინ "ატლეტიკოსთან" მატჩია. ამიტომ, შესაძლოა, მწვრთნელმა ჟერარდ პიკე, ლუის სუარესი და ივან რაკიტიჩი (ან რომელიმე მათგანი) დაასვენოს.

საინტერესო დაპირისპირება გველის "სან მამესზე", სადაც მარსელინოს "ვალენსია" ჩადის. "ვანდაზე" კი მადრიდული დერბია - "ატლეტიკო" "ლეგანესს" მასპინძლობს და ქულების დაკარგვას კვლავ არ აპირებს.

ფაქტები
  • "რეალმა" "ესპანიოლს" ბოლო 11 მატჩი მოუგო (ყველა ტურნირში).
  • "რეალმა" "ესპანიოლთან" ბოლო 10 გასვლიდან 8-ში კარი "მშრალად" შეინახა.
  • "ესპანიოლმა" ლა ლიგაში ბოლო 4 მატჩი ფრედ ითამაშა, "რეალმა" კი - მოიგო.
  • ამ სეზონში ლა ლიგაში ყველაზე მეტი აშკარა საგოლე შანსი ლიონელ მესიმ (ბარსელონა) შექმნა.
  • "ბარსელონამ" ბოლო 32 მატჩიდან 27 მოიგო ლა ლიგაში, 5 კი ფრედ დაასრულა.
  • ბილბაოში "ატლეტიკმა" "ვალენსიას" ბოლო სამი მატჩი მოუგო.
  • "ვალენსიას" ამჟამად 3-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
  • ამჟამად ყველაზე გრძელი მოგებათა სერია "ატლეტიკოს" აქვს - 5.
  • "ატლეტიკომ" "ლეგანესთან" ბოლო 8 დაპირისპირებიდან 6-ში კარი "მშრალად" შეინახა.

ლა ლიგა. XXVI ტური
სამშაბათი, 27 თებერვალი
ესპანიოლი-რეალი 23:00
ჟირონა-სელტა 00:30

ოთხშაბათი, 28 თებერვალი
ხეტაფე-დეპორტივო 22:30
ბილბაო-ვალენსია 22:30
მალაგა-სევილია 22:30
ატლეტიკო-ლეგანესი 00:30
ეიბარი-ვილიარეალი 00:30

ხუთშაბათი, 1-ლი მარტი
ბეტისი-რეალ სოსიედადი 22:30
ლას პალმასი-ბარსელონა 23:59
ალავესი-ლევანტე 00:30

ბომბარდირები: 22 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 20 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 16 - იაგო ასპასი (სელტა); 14 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 13 - კრისტიან სტუანი (ჟირონა), მაქსი გომესი (სელტა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული