ლა ლიგა. XXVII ტური: "ატლეტიკოს" ყველა თამაშის მოგება უნდა

AutoSharing Option
ანტუან გრიზმანს სულ უფრო ხშირად და უფრო გადაწყვეტილად უკავშირებენ "ბარსელონას".

ამბობენ, რომ ზაფხულში ფრანგი 100 მილიონ ევროდ კატალონიურ გრანდში გადაბარგდება. მანამდე კი კვირის მატჩია, "ბარსა"-"ატლეტიკო" - ალბათ, ჩემპიონატის გადამწყვეტი ჯახი. ამ შემთხვევაში კი გრიზმანი "ბარსასთვის" პრობლემაა...

"ატლეტიკოში" ახლა ყველაფერი წესრიგშია. ჩვენ ბარსელონაში ძალიან მშვიდები მივდივართ და ვიცით, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს უნდა ვეთამაშოთ. გრიზმანი ძალიან ნიჭიერია და ეს ძალზე მნიშვნელოვანია", - ამბობს დიეგო სიმეონე, "ბარსას" ერთადერთი მდევრის თავკაცი. რამდენად არის "ატლეტიკო" ჩემპიონობის რეალური კანდიდატი "კამპ ნოუზე" გამოჩნდება.

ანტუან გრიზმანი "ბარსელონასთან"
მატჩს საოცარი შედეგიანობით ხვდება - მან 2 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა (წინა ტურებში - 8). "ლეგანესთან" ფრანგმა პოკერი შეასრულა.

"ბარსელონასთან" შეხვედრას ძალიან კარგ ხასიათზე ვხვდებით. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ. წინ კიდევ 13 მატჩია ჩემპიონატში და ყველას მოგება გვინდა", - ეს უკვე თავად გრიზმანის სიტყვებია.

ამ გუნდების დაპირისპირება I წრეში "ვანდაზე" ("ბარსა" ამ სტადიონზე პირველად თამაშობდა) 1:1 დასრულდა. სიმეონეს გუნდი საულის გოლით კი იგებდა, მაგრამ 82-ე წუთზე ლუის სუარესმა "ბარსა" მარცხისგან იხსნა.

ისე, "ბარსას" ლა ლიგაში "კამპ ნოუზე" "ატლეტიკოსთვის" 2016 წლის იანვრის მერე არ მოუგია. მას მერე იყო გამარჯვება, ოღონდ, ჩემპიონთა ლიგაზე და შემდეგ ორი ფრე ლა ლიგაში და კოპა დელ რეიში (ორივე ერთნაირი ანგარიშით - 1:1).

სტუმართა ბანაკში ერთი სიახლეა, მას მერე, რაც ჩინეთში გაიტანი და ფერეირა-კარასკო წავიდნენ, ნახევარმცველმა თომას პარტეიმ გუნდთან 2023 წლამდე გაახანგრძლივა ხელშეკრულება.

ტურში მესამეადგილოსანი ჩემპიონი "რეალი" მადრიდულ დერბიში "ხეტაფეს" მასპინძლობს. "სამეფო კლუბი" სულ რაღაც ქულით უსწრებს "ვალენსიას", რომელიც "ბეტისს" ეთამაშება. ორივე გუნდს შეტევა უყვარს. ასე რომ, "მესტალიაზე" მხიარული მატჩი გველის. სხვა მატჩებიდან "სევილიასა" და "ბილბაოს" დაპირისპირების გამოყოფა შეიძლება. ასევე ბასკური დერბის "რეალ სოსიედადსა" და "ალავესს" შორის.

ლა ლიგა. XXVII ტური
შაბათი, 3 მარტი
ვილიარეალი-ჟირონა 16:00
სევილია-ბილბაო 19:15
დეპორტივო-ეიბარი 21:30
ლეგანესი-მალაგა 21:30
რეალი-ხეტაფე 23:45

კვირა, 4 მარტი
ლევანტე-ესპანიოლი 15:00
ბარსელონა-ატლეტიკო 19:15
სოსიედადი-ალავესი 21:30
ვალენსია-ბეტისი 23:45

ორშაბათი, 5 მარტი
სელტა-ლას პალმასი 23:59

ბომბარდირები: 23 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 20 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 16 - იაგო ასპასი (სელტა); 15 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 14 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 13 - კრისტიან სტუანი (ჟირონა), მაქსი გომესი (სელტა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული