ლა ლიგის ფინიშს 9 ტური გვაშორებს. ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონამ" ეს საფინიშო მონაკვეთი, წესით, დიდი პრობლემების გარეშე უნდა დაძლიოს, ერთადერთი მდევარი "ატლეტიკო" 11 ქულით ჩამორჩება და ამხელა უპირატესობას კატალონიური გრანდი არაფრით გაანიავებს.
ტურის ცენტრალური მატჩი "სანჩეს პისხუანზე" შაბათს გაიმართება, ვინჩენცო მონტელას "სევილია" ლიდერ "ბარსელონას" უმასპინძლებს. ამ ეტაპისთვის მე-6 ადგილზე მყოფ "სევილიას" ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის საგზურიც კი არ გაუნაღდებია.
ორივე
მასპინძლებს არ ეყოლებათ პაბლო სარაბია. საეჭვოა კარისოს, კორშიას, ესკუდეროსა და ხესუს ნავასის თამაში. კატალონიელებს სერხიო ბუსკეტსი გამოაკლდათ. საფრანგეთის ნაკრებში დაშავდა ლუკა დინი და ის 3 კვირას ვერ ითამაშებს. "ფიფას დღეებმა" "ბარსას" ხუთი ფეხბურთელი დააზარალა: მესი, გერმანელი მეკარე ტერ შტეგენი, დინი, ანდრეს ინიესტა და ჟერარდ პიკე.
ანდალუსიელებთან საეჭვოა დენის სუარესისა და სემედუს თამაში. მესის რაც შეეხება, ვალვერდემ თქვა, რომ მისი ტრავმა სულაც არ არის სერიოზული, მაგრამ გარისკავს კი არგენტინელით ბასკი მწვრთნელი ლიგის უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების წინ?
შეგახსენებთ, რომ მესის არ უთამაშია მადრიდში, როცა მისი არგენტინა საშვილიშვილოდ შერცხვა ესპანეთთან 1:6.
"რეალი" კანარის კუნძულებზე "ლას პალმასს" სტუმრობს, ზინედინ ზიდანმა ლუკა მოდრიჩს დამატებითი დასვენების უფლება მისცა. ნაკრებში გაბრწყინებულ ისკოს კი კლუბში ისევ უკანა პლანზე მოუწევს გადასვლა. "რეალს" არ ეყოლება დისკვალიფიცირებული დანი კარვახალი.
"ატლეტიკო" "დეპორტივოს" უმასპინძლებს. დიეგო კოშტამ არგენტინის ნაკრებს გოლი გაუტანა და იქვე ტრავმა მიიღო, თუმცა ის ალბათ ითამაშებს გალისიელების წინააღმდეგ. "ატლეტიკო" სანაკრებო პაუზამდე ცუდ ფორმაში იყო ბოლო სამ ტურში ორი მატჩი წააგო (მაშინ, როცა მანამდე მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა ჩემპიონატში). მეოთხეადგილოსანი "ვალენსია" მადრიდში "ლეგანესს" სტუმრობს.
ფაქტები
- ლა ლიგაში ამჟამად ყველაზე დიდი მოგებათა სერია "ბარსელონას", "რეალსა" და "ვალენსიას" აქვთ 33 თამაში.
- ზედიზედ სამი ტურია აგებს "ალავესი".
- "ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 36 მატჩიდან 30 მოიგო.
- "მალაგამ" ბოლო 14 ტურიდან 11-ში გოლის გატანა ვერ მოახერხა.
- "ატლეტიკომ" ლა ლიგაში ბოლო 9 საშინაო მატჩიდან 8 მოიგო.
- ბოლო 5 საშინაო მატჩში "ატლეტიკოს" ბურთი არ გაუშვია.
- "დეპორტივოს" ბოლო 9 საგარეო მატჩიდან 8 წაგებული აქვს.
- "რეალს" ბოლო 23 საგარეო მატჩიდან 21-ში არ წაუგია ლა ლიგაში.
- "ბარსელონამ" "სევილიას" ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირება მოუგო.
- "ბარსელონას" ბოლო 7 ტურში 5 "მშრალი" მატჩი დაუგროვდა.
- "ვალენსიამ" ლა ლიგის ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო.
- "ალავესმა" ბოლო 7 საგარეო მატჩიდან 6 დათმო.
ლა ლიგა. XXX ტური
შაბათი, 31 მარტი
ჟირონა-ლევანტე 15:00
ბილბაო-სელტა 18:15
ლას პალმასი-რეალი 20:30
სევილია-ბარსელონა 22:45
კვირა, 1 აპრილი
ესპანიოლი-ალავესი 14:00
ლეგანესი-ვალენსია 18:15
ეიბარი-სოსიედადი 20:30
მალაგა-ვილიარეალი 20:30
ატლეტიკო-დეპორტივო 22:45
ორშაბათი, 2 აპრილი
ხეტაფე-ბეტისი 23:00
ბომბარდირები: 25 ლიონელ მესი (ბარსელონა); 22 კრიშტიანო რონალდო (რეალი); 21 ლუის სუარესი (ბარსელონა); 17 ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კრისტიან სტუანი (ჟირონა); 16 იაგო ასპასი (სელტა).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"