ლა ლიგა. XXXI ტურის წინ: 219-ე დერბი და დიდი რეკორდის მოლოდინი

AutoSharing Option
ტურის მშვენება მადრიდული დერბია - კვირას "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალი" "ატლეტიკოს" დაუხვდება და შეეცდება, 4-ქულიანი ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანოს.

დიახ, ეს რეალურად მეორე ადგილისთვის ბრძოლაა, რადგან დიეგო სიმეონესა და, განსაკუთრებით, ზინედინ ზიდანის გუნდებს "ბარსას" დაწევის პრაქტიკული შანსები აღარ აქვთ...

"ელ დერბი მადრილენიო" ყოველთვის გამორჩეული მოვლენა იყო ფეხბურთში. დერბის დიდი სოციალური და პოლიტიკური წიაღსვლები ჰქონდა ("ატლეტიკო" მუშათა კლასის გუნდად მოიაზრებოდა, ჯერ ის იყო ფრანკოს რეჟიმის "საყვარელი" კლუბი, შემდეგ კი სიმპათიები "რეალისკენ" გადაიხარა). მოკლედ, ისტორიას აღარ ჩავუღრმავდებით და ვიტყვით, რომ ეს არის რიგით 219-ე
მადრიდული დერბი.

პირველ წრეში მადრიდული დერბი ცოტა, მოსაწყენი გამოდგა - 0:0, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გოლები არ გასულა.

"ბარსელონა", რომელმაც 8 ტურით ადრე უკვე ოფიციალურად გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური გაისად, შაბათს "ლეგანესს" მასპინძლობს. თუ კატალონიური გრანდი არ წააგებს (მართლაც ძნელი წარმოსადგენია, რომ "ბარსა" "კამპ ნოუზე" "ლეგანესთან" დამარცხდება), კლუბი ლა ლიგის წაუგებელი სერიის რეკორდს გაიმეორებს, რომელიც აქამდე "რეალ სოსიედადს" ეკუთვნის (1980) - 38 ტური წაუგებლად!

მეორეადგილოსანთა ჯახით სარგებლის ნახვას "ვალენსიაც" აპირებს - "ღამურები" "მესტალიაზე" "ესპანიოლს" ელიან.

ფაქტები
  • 218 დერბიდან 109 "რეალმა" მოიგო, 54 ფრედ დასრულდა და 55-ში "ატლეტიკომ" გაიმარჯვა. ბურთების შეფარდება - 364:275 "რეალის" სასარგებლოდ.
  • ლა ლიგაში 161 მატჩი გაიმართა - 86 "რეალმა" მოიგო, 36 ფრედ დასრულდა, ხოლო 39 მატჩში "ატლეტიკომ" გაიმარჯვა. ბურთების შეფარდება - 285:214.
  • ლა ლიგაში "რეალს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" უკვე 4 თამაშია, რაც ვერ მოუგია "ატლეტიკოსთვის" (1 ფრე, 3 წაგება).
  • ბოლოს "რეალმა" ჩემპიონატში "ატლეტიკოს" 2012/13 წლების სეზონში მოუგო - 2:0.
  • დერბის აბსოლუტური ბომბარდირი კრიშტიანო რონალდოა (რეალი) - 21 გოლი.
  • "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი 37-ე დერბის ითამაშებს და "სუფთა" მესამე ადგილზე გადავა. ხენტოს და სანჩისს 42-42 თამაში აქვთ.
  • "ბარსელონამ" ბოლო 26 საშინაო მატჩიდან 24-ში იმარჯვა.
  • "ლეგანესს" ბოლო 10 საგარეო მატჩიდან 8-ში გოლი არ გაუტანია.
  • "რეალს" ლა ლიგის ბოლო 38 საშინაო მატჩიდან 34-ში არ წაუგია.
  • "ატლეტიკოს" ლა ლიგაში ბოლო 34 მატჩიდან 31-ში არ წაუგია.
  • "ვალენსიამ" ლა ლიგაში ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგო.
  • "ესპანიოლი" ბოლო 14 საგარეო მატჩიდან 13-ში მოუგებელია (ლა ლიგა).

ლა ლიგა. XXXI ტური
პარასკევი, 6 აპრილი
დეპორტივო-მალაგა 3:2
გოლები: 1:0 ლუკას პერესი (6), 1:1, 2:2 დიეგო როლანი (41, 73), 2:1, 3:2 ადრიანი (70, 85) 

შაბათი, 7 აპრილი
ალავესი-ხეტაფე 15:00
სელტა-სევილია 18:15
ბეტისი-ეიბარი 20:30
ბარსელონა-ლეგანესი 22:45

კვირა, 8 აპრილი
ლევანტე-ლას პალმასი 14:00
რეალი-ატლეტიკო 18:15
სოსიედადი-ჟირონა 20:30
ვალენსია-ესპანიოლი 22:45

ორშაბათი, 9 აპრილი
ვილიარეალი-ბილბაო 23:00

ბომბარდირები: 26 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 22 - ლუის სუარესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კრისტიან სტუანი (ჟირონა); 16 - იაგო ასპასი (სელტა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული