ლა ლიგა. XXXII ტურის წინ: რეკორდი თუ "ღამურების" ტრიუმფი?

AutoSharing Option
ესპანური ლა ლიგის 32-ე ტურში ლიდერი და თითქმის ჩემპიონი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში შერცხვენილი "ბარსელონა" მესამეადგილოსან "ვალენსიას" მასპინძლობს და თუ არ წააგებს, ჩემპიონატის ახალ რეკორდს დაამყარებს.

"ბარსამ" უკვე გაიმეორა ლა ლიგის 37-წლის წინანდელი რეკორდი - ზედიზედ 38 ტურში არ წააგო, "კამპ ნოუზე" მატჩი "ღამურების" წინააღმდეგ 39-ე იქნება, მაგრამ რომში 0:3 წაგებული გუნდი ახლა არც ისე კარგ ხასიათზეა, მეტოქისგან განსხვავებით, რომელმაც ბოლო 9 მატჩიდან 8 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

"ვალენსია" ქულით უსწრებს "რეალს" და სამით ჩამორჩება "ატლეტიკოს", მარსელინოს გუნდში ღიად აცხადებენ,
რომ მეორე ადგილი სურთ. რატომაც არა?

"ბარსას" ლუკა დინი დააკლდება, "ვალენსიას" - ფრანსუა კოკლენი. პირველ წრეში ამ გუნდებმა "მესტალიაზე" 1:1 ითამაშეს, როდრიგოს გოლს 82-ე წუთზე ექსვალენსიელმა ალბამ უპასუხა და "ბარსა" მარცხისგან იხსნა. თებერვალში ამ გუნდებმა ესპანეთის თასზე ითამაშეს, თუმცა ამ შემთხვევაში "ბარსას" უპირატესობა გამოკვეთილი იყო - "კამპ ნოუზე" 1:0 მოუგო, ხოლო "მესტალიაზე" 2:0 და ფინალში გავიდა.

ევროპალიგაზე ბატალიებგამოვლილი "ატლეტიკო" გადარჩენისთვის მებრძოლ "ლევანტეს" მასპინძლობს. "ლევანტე" უკვე 8 ქულით უსწრებს გავარდნის ზონას.

"რეალმა" ლიგაზე ბეწვის ხიდზე გაიარა, კინაღამ "ბარსაზე" უარესად შერცხვა, მაგრამ ბოლოს, საკამათო სიტუაციაში დანიშნული პენალტის წყალობით გადარჩა. "სამეფო კლუბი" კვირას "მალაგას" ესტუმრება, რომელსაც ყოფილი სეგუნდას საგზური ლამის ჯიბეში უდევს.

ფაქტები
  • "ვალენსიას" ზედიზედ 5 ტური აქვს მოგებული.
  • "ბარსელონას" 38 ტურია, რაც არ წაუგია.
  • "ბარსელონამ" მოიგო ბოლო 27 საშინაო მატჩიდან 25 ლა ლიგაში.
  • ლა ლიგაში "ატლეტიკომ" ბოლო 35 მატჩიდან 32-ში არ წააგო.
  • "ვალენსიამ" ბოლო 9 ტურიდან 8 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.
  • "ბარსელონამ" "ვალენსიას" ბოლო 13 დაპირისპირებიდან 11 მოუგო "კამპ ნოუზე".
  • "რეალმა" ბოლო 24 საგარეო მატჩიდან 22 არ წააგო ლა ლიგაში.
  • "მალაგამ" ბოლო 16 ტურში მხოლოდ ერთხელ იმარჯვა.
  • 5 ტურია, რაც "ეიბარს" არ მოუგია.
  • ბოლო 6 ტურია, რაც "ატლეტიკოს" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გოლი არ გაუშვია.
  • "ლევანტეს" გასვლაზე ბოლო 26 მატჩიდან მხოლოდ 3 აქვს მოგებული ლა ლიგაში.
  • "სევილიას" "სანჩეს პისხუანზე" "ვილიარეალთან" ბოლო 11 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული.

ლა ლიგა. XXXII ტური
პარასკევი, 13 აპრილი
ჟირონა-ბეტისი 23:00

შაბათი, 14 აპრილი
სევილია-ვილიარეალი 15:00
ბარსელონა-ვალენსია 18:15
ლას პალმასი-სოსიედადი 20:30
ლეგანესი-სელტა 20:30
ბილბაო-დეპორტივო 22:45

კვირა, 15 აპრილი
ეიბარი-ალავესი 14:00
ატლეტიკო-ლევანტე 18:15
ხეტაფე-ესპანიოლი 20:30
მალაგა-რეალი 22:45

ბომბარდირები: 29 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 23 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 22 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - იაგო ასპასი (სელტა); 18 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 17 - კრისტიან სტუანი (ჟირონა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმის მერე რაც გუშინ ჟირონას გაუკეთეს სამი გოლი გაუუქმეს(მესამე საერთოდ ასპროცენტიანი)და ძალით წააგებინეს, არ გამიკვირდება დღეს ბარსასაც გადაუარონ. კატალონიელებზე ნადირობაა ესპანეთში გამოცხადებული.
B A R S E L O N A
14 აპრილი 2018 12:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული