ლა ლიგა. XXXVIII ტური: 400 დღის შემდეგ... [VIDEO]

AutoSharing Option
ყველაფერი დასრულებულია - "ბარსას" სუპერსერიაც და ლა ლიგის ინტრიგებიც.

43 მატჩი წაუგებლად ევროპის ტოპ-ლიგებში მსოფლიოს რეკორდია, რომელსაც კარგა ხანს ვერავინ შესწვდება. "ბარსას" ეს სვლა ძალზე მოულოდნელად შეწყდა - კატალონიურმა გრანდმა ჩემპიონატის დაუმარცხებლად მოგების შანსიც ხელიდან გაუშვა...

ლიონელ მესი ვალენსიაში არ წასულა და 56-ე წუთისთვის მისი "ბარსა" "ლევანტესთან" 1:5 მარცხდებოდა. ერნესტო ვალვერდეს გუნდი ამის შემდეგ კი გამოცოცხლდა, მაგრამ ბოლომდე ვერ იყოჩაღა და 9-გოლიან თრილერში მაინც წააგო. გამარჯვებულთა რიგებში 21 წლის განელ ემანუელ ბოატენგს გამოვყოფთ, რომელიც ამ სეზონის წინ გადმოვიდა ლა ლიგაში
პორტუგალიიდან. განელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა ტერ შტეგენის კარში. ეს იყო აფრიკელის პირველი ჰეთ-თრიკი კარიერაში. ამ სეზონში კატალონიელთათვის სამი კი არა, აქამდე ორი გოლიც კი არ გაუტანია რომელიმე ფეხბურთელს, როგორც ლა ლიგაში, ისე თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე. "ბარსას" ფილიპე კოუტინიოს ჰეთ-თრიკმაც კი ვერ უშველა.


"ბეტისმა" და "სევილიამ" ისევ უხვგოლიანი დერბი ითამაშეს, მაგრამ პირველი წრის მსგავსად, როცა "ბეტისმა" "სანჩეს პისხუანზე" 5:3 მოიგო, 8 გოლი აღარ გასულა - გუნდებმა 4 "იკმარეს". "ბეტისი" მარკ ბარტრამ დააწინაურა, შემდეგ კი ვისამ ბენ იედერმა კურიოზული გოლით გაათანაბრა. "სევილია" წინ სიმონ კიაერმა გაიყვანა, მაგრამ ლორენმა "ბეტისი" წაგებისგან იხსნა - 2:2.
ამით "ბეტისმა" ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის საგზური გაინაღდა.

ზინედინ ზიდანმა კაპიტანი სერხიო რამოსი დაასვენა, ხოლო დანი კარვახალს და კრიშტიანო რონალდოს ტრავმები აქვთ.
პირველ ტაიმში გარეთ ბეილმა დუბლი შეასრულა. განსაკუთრებით თვალსასეირო იყო უელსელის მეორე გოლი. ტაიმი "რეალმა" 3:0 მოიგო, რადგან ისკომ არანაკლები სილამაზის გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში "რეალის გოლები" ჰაკიმიმ და კროოსმა გაიტანეს (1 ავტოგოლი).

ზინედინ ზიდანი ("რეალის" მწვრთნელი): "დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ კარგი მატჩი გვეთამაშა. დღეს "რეალის" მოთამაშეები საქმეს პროფესიულად მიუდგნენ. ჩვენ 6 გოლი გავიტანეთ და ბრწყინვალედ ვითამაშეთ. შესანიშნავია, როცა კლუბის ბევრი ფეხბურთელი საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ ამის გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის შემადგენლობის დაყენება ჩემთვის დიდი თავისტკივილი გახდა".


მადრიდული დერბი "ხეტაფეს" წინააღმდეგ "ატლეტიკომ" იან ობლაკის წყალობით, მისთვის ტრადიციული ანგარიშით მოიგო - 1:0. სლოვენიელმა გოლკიპერმა კვლავ (მეშვიდედ, რაც "ატლეტიკოშია") მოიგერია პენალტი და მადრიდულმა კლუბმა კოკეს გოლით იმარჯვა. დიეგო სიმეონემ 13 მატჩი გამართა "ხეტაფეს" წინააღმდეგ ბურთების საოცარი სხვაობით - 26:0. აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკოს" ყველა მატჩი არ მოუგია, ერთი 0:0 დასრულდა.

მოიგო "ვალენსიამაც", "ღამურებს" არგენტინელმა ლუსიანო ვიეტომ მოაგებინა. აქაც მეკარემ იყოჩაღა - ხაუმე დომენეკმა ოლუნგას თავური სასწაულებრივი რეაქციის წყალობით მოიგერია.

ლა ლიგის დასრულებამდე ტურით ადრე ცნობილია, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ "ბარსელონა", "ატლეტიკო", "რეალი" და "ვალენსია". ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ "ვილიარეალი" და "ბეტისი", ხოლო ევროპალიგის საკვალიფიკაციო პლეი-ოფში - "სევილია". გავარდნილები არიან "დეპორტივო", "ლას პალმასი" და "მალაგა". ლიონელ მესი 9 გოლით უსწრებს კრიშტიანო რონალდოსა და ლუის სუარესს და ცხადია, პიჩიჩი მას დარჩება. ასე რომ, ესპანეთის ჩემპიონატში, პრაქტიკულად, ყველაფერი გარკვეულია და ბოლო ტური სრულიად უმოტივაციოა.

ფაქტები
  • "რეალი" ლა ლიგაში შინ 9 ტურია, რაც არ დამარცხებულა (7 მოგება, 2 ფრე).
  • გარეთ ბეილმა 4 დუბლი შეასრულა ამ სეზონში. ეს მისთვის საუკეთესო შედეგია, რაც "რეალშია".
  • ემანუელ ბოატენგი დიეგო ფორლანის შემდეგ (2005 წ.) პირველი ფეხბურთელია, ვინც "ბარსელონას" კარში ლა ლიგაში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
  • ემანუელ ბოატენგი ამ სეზონში პირველი ფეხბურთელია, ვინც "ბარსელონას" კარში (ყველა შეჯიბრებაში) ერთზე მეტი გოლი გაიტანა.
  • ლა ლიგის 19 სეზონში 3 ბასკური კლუბი მაინც იყო. ამ 19 სეზონიდან პირველად "ბილბაო" ბასკურ კლუბებში უკანასკნელ ადგილზე დაასრულებს ჩემპიონატს.
  • "ატლეტიკოს" მაისურით იან ობლაკმა 12-დან 7 პენალტი მოიგერია, რაც 58%-ია.
  • მუნირ ელ ჰადადიმ "ალავესის" მაისურით 10 გოლი გაიტანა, ზუსტად იმდენი, რამდენიც წინა სამ სეზონში ერთად.
  • "ვილიარეალმა" საგარეო მატჩში 2014 წლის შემდეგ პირველად შეძლო პირველივე ტაიმში 3 გოლის გატანა.
  • "ბეტისმა" ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა თავით - 15.
  • პაბლო ფორნალსი (ვილიარეალი) ლიონელ მესის დაეწია საგოლე პასების რაოდენობით - 12-12.
  • "ბარსელონამ" ლა ლიგაში 2017 წლის აპრილის შემდეგ პირველად წააგო. ეს იყო "მალაგასთან" ზუსტად 400 დღის შემდეგ.
  • "ატლეტიკომ" "ხეტაფესთან" ბოლო 14 დაპირისპირებაში (აქედან 13 დიეგო სიმეონეს მეთაურობით) ერთი გოლიც კი არ გაუშვა.
  • ლუსიანო ვიეტომ "ვალენსიას" რიგებში 3-თვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.
  • ფილიპე კოუტინიომ "ბარსელონაში" ჰეთ-თრიკი პირველად შეასრულა.

ბომბარდირები: 34 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 25 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლუის სუარესი (ბარსელონა); 20 - იაგო ასპასი (სელტა); 19 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კრისტიან სტუანი (ჟირონა).

ბოლო ტური
19 მაისი: სელტა-ლევანტე, ლას პალმასი-ჟირონა, ლეგანესი-ბეტისი, მალაგა-ხეტაფე, სევილია-ალავესი, ვილიარეალი-რეალი;
20 მაისი: ვალენსია-დეპორტივო, ბილბაო-ესპანიოლი, ატლეტიკო-ეიბარი, ბარსელონა-რეალ სოსიედადი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული