ლა ლიგა. XIX ტურის წინ: ველით მესის მე-400 გოლს და წრის შეკვრას

AutoSharing Option
11-14 იანვარს ესპანეთის პრიმერა წრეს შეკრავს. უკვე ცხადია, რომ ბარსელონა I წრეს მოიგებს, რადგან ვალვერდეს გუნდი უახლოეს კონკურენტს 5 ქულით უსწრებს, მაგრამ საინტერესოა, შეძლებს თუ არა გუნდის არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლა ლიგაში თავის მე-400 გოლის გატანას...

"ბარსელონა" კვირას "ეიბარს" უმასპინძლებს, ბასკებმა ბოლო 4 ტური ფრედ დაასრულეს, თუმცა ახლა ამ შედეგის გამეორება ძალიან გაუჭირდებათ. აი, ლიონელ მესის კი, წესით, არ უნდა გაუჭირდეს მისთვის საიუბილეო და ევროპის ტოპ-5 ლიგებისთვის სარეკორდო გოლის გატანა, რადგან წინა 18 ტურში 16 გოლის გატანა შეძლო.

ტურის ცენტრალური შეხვედრა
ანდალუსიაში გაიმართება, სევილიური "ბეტისი" "რეალს" მასპინძლობს. თუკი სანტი სოლარის გუნდი კიდევ დაკარგავს ქულებს, არ არის გამორიცხული, რომ არგენტინელს კარისკენ არა სეზონის ბოლოს, არამედ, ახლავე მიუთითონ.

"რეალი" "ბარსას" უკვე 10 ქულით ჩამორჩება. ასეთი ჩამორჩენა კი ლა ლიგაში "ბარსასთან" ჯერ არავის ამოუქაჩავს.

"ბეტისისა" და "რეალის" ბოლო შეხვედრა სევილიაში თებერვალში შედგა და ამ მატჩში 8 გოლი (!) გავიდა, "სამეფო კლუბმა" ზინედინ ზიდანის მეთაურობით 5:3 მოიგო. სუპერმატჩში დაძაბულობა ბოლო წამებზე ბენზემას გოლმა მოხსნა. ამ მატჩში მარკო ასენსიომ დუბლი შეასრულა, სოლარი ამ ფეხბურთელს საერთოდ არ ათამაშებს და გასხვისებას უპირებს.

ერთი გოლი სერხიო რამოსის ანგარიშზეა, რომელიც განსაკუთრებით არ უყვართ "ბეტისის" ფანებს, როგორც ყოფილი სევილიელი. კიდევ ერთი გოლი კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზეა, რომელიც ახლა სულ სხვა ჩემპიონატში თამაშობს, მისი შემცვლელი კი "რეალმა" ვერ შეიძინა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბეტისი (5-3-2): პაუ ლოპესი - ფრანსისი, მანდი, ბარტრა, ფედალი, ტელიო - კანალესი, ვ. კარვალიო, ლო სელსო - სანაბრია, ხოაკინი

რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, სებალიოსი - ისკო, ბენზემა, ვინისიუსი

დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" "ვანდაზე" "ლევანტეს" მასპინძლობს, ხოლო მესამეადგილოსანი "სევილია" თავის მატჩს სტუმრად ბილბაოში მართავს "ატლეტიკთან", რომელიც გასავარდნი ზონიდან წინა ტურში ამოძვრა და ეს საფრთხე ჯერაც სერიოზულად ემუქრება.

ფაქტები
  • "ბეტისის" ბოლო 6 საშინაო მატჩიდან 5-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.
  • "ბარსელონამ" ბოლო 38 საშინაო მატჩიდან 34-ში (ლა ლიგა) სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.
  • "ატლეტიკომ" ბოლო 21 საშინაო მატჩიდან 15-ში (ლა ლიგა) კარი მშრალად შეინახა.
  • "უესკამ" ლა ლიგაში ბოლო 7 საგარეო მატჩი დათმო.
  • "ბარსელონას" ბოლო 38 საშინაო მატჩიდან 37 არ წაუგია (ლა ლიგა).
  • "ეიბარმა" ბოლო 4 მატჩი ფრედ ითამაშა.
  • "ბარსელონამ" ბოლო 5 საშინაო მატჩში მოიგო, როგორც ტაიმი, ისე მთლიანად თამაში (ლა ლიგა).

ლა ლიგა. XIX ტური
პარასკევი, 11 იანვარი
რაიო ვალეკანო-სელტა 4:2
გოლები: 1:0, 2:2, 3:2 დე ტომასი (4, 37, 77), 1:1 არაუხო (13), 1:2 გომეში (18. პენ), 4:2 ბებე (90+1)

შაბათი, 12 იანვარი
ლეგანესი-უესკა 16:00
ვალენსია-ვალიადოლიდი 19:15
ჟირონა-ალავესი 21:30
ვილიარეალი-ხეტაფე 23:45

კვირა, 13 იანვარი
ატლეტიკო-ლევანტე 18:15
ბილბაო-სევილია 20:30
ბარსელონა-ეიბარი 21:30
ბეტისი-რეალი 23:45

ორშაბათი, 14 იანვარი
სოსიედადი-ესპანიოლი 23:59

ბომბარდირები: 16 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 12 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 11 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - იაგო ასპასი (სელტა); 9 - ვისამ ბენ იედერი (სევილია), ბორხა იგლესიასი (ესპანიოლი).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ