"ბარსელონამ" "ლეგანესი" შეცვლაზე მესის შესვლის შემდეგ დაამარცხა

AutoSharing Option
20 იანვარს, ლა ლიგას მე-20 ტურში "ბარსელონამ" სახლში "ლეგანესს" 3:1 სძლია.

ბლაუგრანამ ესპანეთის ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.

"ბარსელონას" ის "ლეგანესი" ესტუმრა, რომელმაც ესპანეთის თასის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "რეალს" 1:0 სძლია, მაგრამ რადგან პირველი შეხვედრა 0:3 ჰქონდა წაგებული, გათამაშებას გამოეთიშა.

"ბარსას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თავდამსხმელი ლეო მესი ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და როდესაც მის გუნდს გაუჭირდა, 64-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე. იმ დროს ანგარიში 1:1 იყო.

71-ე წუთზე მესის  დარტყმული ბურთი მეკარე კუელიარმა "ცხრიანიდან გამოაძრო", თუმცა დამატებაზე ლუის სუარესმა თავისი გუნდი
დააწინაურა. სტუმრები გოლის გაუქმებას ითხოვდნენ, რადგან მიიჩნიეს, რომ ურუგვაელმა იუხეშა, მაგრამ  ვიდეოგამეორების არბიტრების მიერ ნახვის შემდეგ მსაჯმა გოლი ჩათვალა.

კომპენსირებულ დროში კი მესიმ თავადაც დალაშქრა მეტოქის კარი.

"ბარსელონამ" 46 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე მყოფ "ატლეტიკოს" კვლავ 5 ქულით უსწრებს და 27 იანვარს, შემდეგ ტურში "ჟირონას" დაუპირისპირდება, იქამდე კი 24 იანვარს თასზე სტუმრად  "სევილიას" შეხვდება.

69-ე წუთზე სრულიად უწყინარ სიტუაციაში ტრავმა მიიღო პირველი გოლის ავტორმა უსმან დემბელემ (ფეხი გადაუბრუნდა) და შეცვალეს.

მეკარე მარკ-ანდრე ტერ-შტეგენმა პრიმერაზე მე-100 მატჩი ჩაატარა.

ბარსელონა. "ნოუ კამპი". 50 670 მაყურებელი
ბარსელონა - ლეგანესი 3:1
გოლები: 1:0 დემბელე (32), 1:1 ბრაიტვეიტი (57), 2:1 სუარესი (71), 3:1 მესი (90+2)