ლა ლიგა. XXI ტურის წინ: კატალონიურ დერბის მოლოდინში

AutoSharing Option
ლა ლიგის 21-ე ტურში მთავარი მოვლენები კატალონიაში განვითარდება - "ჟირონა" და ლიდერი "ბარსელონა" კატალონიურ დერბის შემოგვთავაზებენ, ბარსელონაში კი "სამეფო კლუბი" ჩადის "ესპანიოლთან" სათამაშოდ.

ეს გუნდები აქამდე სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, რადგან "ჟირონა" მხოლოდ მეორე სეზონს ატარებს ლა ლიგაში. პირველი ორი მარცხის შემდეგ (0:3, 1:6) ამ სეზონში "ჟირონამ" "კამპ ნოუზე" გმირობა ჩაიდინა. რომ არა ჟერარდ პიკე, "ბარსა" სულაც წააგებდა - მესის გოლის შემდეგ, მსაჯმა "ბარსას" ლონგლე გაუძევა. 10 კაცით დარჩენილ მასპინძლებს კრისტიან სტუანიმ დუბლი შეუსრულა ტერ შტეგენის კარში, ვალვერდეს გუნდი პიკეს
გოლმა იხსნა - 2:2.

ბარსა ამ თამაშს ცუდ ხასიათზე ხვდება - კოპა დელ რეიზე "სევილიასთან" 0:2 წააგო. ამ შეხვედრაში შედგა კევინ პრინს ბოატენგის დებიუტი, თუმცა გუნდს ვერაფრით დაეხმარა. ბარსას კიდევ ერთი ახალწვეული ფრენკი დე იონგი 1-ლი ივლისიდან ჩაიცვამს "ბარსას" ფორმას.

"სევილიასთან" ვალვერდეს გუნდი მესის გარეშე თამაშობდა, არგენტინელის გარეშე კი "ბარსა" სულ სხვა გუნდია. "ჟირონასთან" "ბარსას" არ ეყოლება ტრავმირებული უსმან დემბელე.

"შარშან დიდი ენერგია შევალიეთ კოპა დელ რეის და ამის გამო დავისაჯეთ კიდეც, ჩემპიონთა ლიგაზე ძალები აღარ შემოგვრჩა. დიახ, ბოატენგის დაყენება სარისკო იყო. დიახ, მესის დასვენებაც, თუმცა ამას არ ვნანობ. მესის დასვენება სჭირდებოდა", - განაცხადა ვალვერდემ "სევილიასთან" წაგებული მატჩის შემდეგ.

სავარაუდო შემადგენლობები
ჟირონა (5-3-2): ბონო - პედრო პორო, ალკალა, ბერნარდო, ხუანპე, ვალერი - პერე პონსი, ალეიშ გარსია, ბორხა გარსია - პორტუ, სტუანი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური - მესი, ლ. სუარესი, კოუტინიო.

სანტიაგო სოლარის "რეალი" "ესპანიოლს" სტუმრობს, რომელმაც სეზონი დიდებულად დაიწყო, მაგრამ ამის შემდეგ აუტსაიდერივით თამაშობს და უკვე ცხრილის ქვედა ნახევარშია.

"ატლეტიკოს" მადრიდული დერბი აქვს - "ხეტაფეს" მასპინძლობს, რომელიც ბრწყინვალედ თამაშობს და ევროზონაშია. თასზე "ბარსას" დამმარცხებელი "სევილია" "ლევანტეს" უმასპინძლებს.

ფაქტები
  • "ბარსელონას" ბოლო 7 ტურში მოგებული აქვს, როგორც პირველი ტაიმი, ისე მთლიანად თამაში.
  • "ჟირონამ" ბოლო 4 საშინაო მატჩი (ლა ლიგა) ფრედ ითამაშა.
  • "ბარსელონას" ბოლო 7 ტურის მატჩებში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაჰქონდა.
  • ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2011 წელს ამხანაგურ მატჩში შედგა, როცა "ბარსამ" ლობატოს და რივეროლას გოლებით 2:1 იმარჯვა.

ლა ლიგა. XXI ტური
შაბათი, 26 იანვარი
სევილია-ლევანტე 16:00
ატლეტიკო-ხეტაფე 19:15
ლეგანესი-ეიბარი 21:30
ვალენსია-ვილიარეალი 23:45

კვირა, 27 იანვარი
ვალიადოლიდი-სელტა 15:00
ჟირონა-ბარსელონა 19:15
ბილბაო-ბეტისი 21:30
სოსიედადი-უესკა 21:30
ესპანიოლი-რეალი 23:45

ორშაბათი, 28 იანვარი
ალავესი-რაიო ვალეკანო 23:59

ბომბარდირები: 18 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - იაგო ასპასი (სელტა).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ