ლა ლიგა. XXIII ტური: მადრიდის "რეალის" რეინკარნაცია [VIDEO]

AutoSharing Option
ისტორიაში 222-ე მადრიდულ დერბიში დებიუტანტმა სანტიაგო სოლარიმ გამოცდილ თანამემამულე დიეგო სიმეონეს კარგი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და ახლა უკვე "სამეფო კლუბია" მეორე ადგილზე...

ვიდეორეფერის პულტთან თუ ისევ ესპანელი რეფერი ზის, მაშინ ახალ ტექნოლოგიას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მადრიდის დერბიში ვიდეორეფერის პულტთან უნდიანო მალენკო იჯდა და, სულ მცირე, ორი საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო - პირველი, როცა ანტუან გრიზმანის გოლი ჩათვალა (არადა, "ატლეტიკოს" ფეხბურთელი საგოლე პასამდე უხეშობდა), შემდეგ კი ხიმენესი აშკარად საჯარიმოს გარეთ ეუხეშა მეტოქეს, მაგრამ ვიდეორეფერიმ პენალტი არ გააუქმა.

საერთო ჯამში, "რეალმა" დამსახურებულად
იმარჯვა დერბიში და ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვანი მატჩის წინ შესანიშნავ ხასიათზეა. უელსელმა გარეთ ბეილმა ამ მატჩში მე-100 გოლი გაიტანა "რეალის" მაისურით. სანტიაგო სოლარის შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს "რეალის" თავკაცის პოსტზე - 13 თამაშში 10 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

სანტიაგო სოლარი ("რეალის" მწვრთნელი): "ეს იყო გუნდური გამარჯვება. სხვა გზა არ არსებობს, რომ ამ სტადიონზე ვინმემ გაიმარჯვოს. თამაშის ყველა ასპექტში ძლიერები ვიყავით. დეკემბრის მერე ასე მაგრად არ გვითამაშია. "რეალი" არასოდეს ნებდება. ჩვენ ახლა მეორე ადგილზე ვართ, მაგრამ ვიცი, "ატლეტიკო" ბოლომდე იბრძოლებს. მეტოქეს უდიდესი მწვრთნელი ჰყავს. ჩვენ მიწაზე მყარად ვდგავართ და მუშაობას ვაგრძელებთ".

დიეგო სიმეონე ("ატლეტიკოს" მწვრთნელი): "ატლეტიკომ" წააგო, რადგან ძლიერი მეტოქე ჰყავდა. მე არასოდეს ვლაპარაკობ ვიდეორეფერის შესახებ. მიმაჩნია, რომ ეს ტექნოლოგია დაიხვეწება და ყველას დაგვეხმარება. მე არ მაქვს საშუალება, ისეთი გამეორება ვნახო, როგორც მათ. ასე რომ, იმედი მაქვს, მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, არ მიმაჩნია, რომ "ატლეტიკომ" ვიდეორეფერის გამო წააგო. ოპონენტი უფრო ძლიერი და მოწადინებული იყო, ვიდრე ჩვენ. "რეალს" შესანიშნავი თამაში გამოუვიდა. მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ და შემდეგი მატჩისთვის მოვემზადებით".


ტურის სხვა მატჩებიდან საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა "სანჩეს პისხუანზე", სადაც "სევილია" 0:2-ს აგებდა "ეიბართან", მაგრამ ევერ ბანეგას გაძევების შემდეგ 10 კაცით უკეთ ათამაშდა და ქულაც იხსნა. აი, "მესტალიაზე" კი პირიქით, ყველა საინტერესო მატჩს ელოდა, მარსელინოს "ვალენსიამ" და "რეალ სოსიედადმა" კი უღიმღამო 0:0 ითამაშეს. ტურის გმირი "ლეგანესის" 21 წლის მაროკოელი ფორვარდი იუსეფ ენ-ნესირია, რომელმაც სამი გოლი გაიტანა და "ბეტისი" დააჩოქა.

დაბოლოს, ლიდერი "ბარსელონა" ლიონელ მესისთან (რომელიც, თითქოს, ტრავმირებული იყო) ერთად ესტუმრა "სან მამესს" - 0:0.

ფაქტები
  • ნესტორ არაუხოს გოლი "ხეტაფეს" კარში ყველაზე სწრაფია "სელტასთვის" ლა ლიგაში 2007 წლის შემდეგ - 1:57 წუთი.
  • "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ატლეტიკომ" პირველ ტაიმში ორი გოლი ისტორიაში პირველად გაუშვა.
  • კაზემიროს გოლი უსწრაფესია მათ შორის, რაც "ატლეტიკომ" ლა ლიგაში გაუშვა "ვანდაზე" - 15:09 წუთი.
  • გარეთ ბეილმა "რეალის" მაისურით მე-100 გოლი გაიტანა (ყველა შეჯიბრება).
  • მხოლოდ ტიბო კურტუამ შეძლო "ვანდაზე" ორჯერ გამარჯვება (1 "ჩელსის" და 1 "რეალის" მაისურით).
  • ესეკიელ ავილია "უესკას" მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგაში დუბლი შეასრულა.
  • გარეთ ბეილი "რეალის" 21-ე ფეხბურთელია, ვინც კლუბის სახელით 100 გოლი გაიტანა.
  • სერხიო რამოსმა (რეალი) ლა ლიგაში 8 პენალტი დაარტყა და 8 გაიტანა.
  • იუსეფ ენ-ნესირიმ "ლეგანესის" ბოლო 7 მატჩში 7 გოლში მიიღო მონაწილეობა.
  • ენ-ნესირი "ლეგანესის" პირველი ფეხბურთელია, ვინც ლა ლიგაში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
  • "ვალენსიამ" სეზონში 13 მატჩი ითამაშა ფრედ, ყველაზე მეტი ევროპის ტოპ-5 ლიგაში.
  • პაბლო სარაბიამ (სევილია) ამ სეზონში (ყველა შეჯიბრება) 5 მატჩში შეძლო გოლი პლუს პასის შესრულება. მეტი ასეთი მატჩი მხოლოდ მესის აქვს - 8.
  • "ბარსელონამ" 1-წლიანი პაუზის მერე (37 მატჩი) ლა ლიგაში ვერ გაიტანა გოლი. ბოლოს ეს 2018 წლის თებერვალში "ხეტაფეს" წინააღმდეგ მოხდა.

ლა ლიგა. XXIII ტური
ხეტაფე-სელტა 3:1
გოლები: 0:1 არაუხო (2), 1:1 მატა (39-პენ), 2:1 მოლინა (62), 3:1 მატა (81)

ატლეტიკო-რეალი 1:3
გოლები: 0:1 კაზემირო (16), 1:1 გრიზმანი (25), 1:2 სერხიო რამოსი (42-პენ), 1:3 ბეილი (74)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, ხიმენესი, გოდინი, ლუკა ერნანდესი - ა. კორეა (65. როდრი ერნანდესი), თომასი, საულ ნიგესი, ლემარი (59. ვიტოლო) - მორატა (71. კალინიჩი), გრიზმანი
რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, რეგილონი - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (84. სებალიოსი) - ლუკას ვასკესი, ბენზემა (89. მარიანო დიასი), ვინისიუსი (57. ბეილი)
გაძევება: თომასი (80)

ესპანიოლი-ვალეკანო 2:1
გოლები: 0:1 ბა (33), 1:1 ბ. იგლესიასი (72-პენ), 2:1 დარდერი (95)

ჟირონა-უესკა 0:2
გოლები: 0:1 ავილია (35), 0:2 ავილია (40)
გაძევება: ესპინოსა (68. ჟირონა)

ლეგანესი-ბეტისი 3:0
გოლები: 1:0 ენ ნესირი (22), 2:0 ენ ნესირი (36), 3:0 ენ ნესირი (66)
გაძევება: ხ. გარსია (80. ბეტისი)

ვალენსია-სოსიედადი 0:0
ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გარაი, რონკალია, გაია - სოლერი, პარეხო, კონდოგბია (62. კოკლენი), ჩერიშევი (75. გედეში) - გამეირო, მინა (66. როდრიგო)

სევილია-ეიბარი 2:2
გოლები: 0:1 ორელიანა (22), 0:2 შარლესი (63), 1:2 ბენ იედერი (88), 2:2 სარაბია (92)
სევილია (3-4-1-2): ვაცლიკი - კარისო (74. ხილი), კიაერი, ვიობერი - პრომესი, ბანეგა, მესა (62. ფ. ვასკესი), ესკუდერო (61. ხესუს ნავასი) - სარაბია - ანდრე სილვა, ბენ იედერი
გაძევება: ბანეგა (84. სევილია)

ბილბაო-ბარსელონა 0:0
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე (88. ვერმალენი), სერხი რობერტო - არ. ვიდალი (64. ალენია), ბუსკეტსი, რაკიტიჩი - მესი, ლუის სუარესი, კოუტინიო (75. დემბელე)

ვალიადოლ.-ვილიარეალი 0:0

ორშაბათი. 11 თებერვალი
ალავესი-ლევანტე 23:59

ბომბარდირები: 21 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 11 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ვისამ ბენ იედერი (სევილია).

მომდევნო ტური
15 თებერვალი: ეიბარი-ხეტაფე
16 თებერვალი: სელტა-ლევანტე, რაიო ვალეკანო-ატლეტიკო, რეალ სოსიედადი-ლეგანესი, ბარსელონა-ვალიადოლიდი
17 თებერვალი: რეალი-ჟირონა, ვალენსია-ესპანიოლი, ვილიარეალი-სევილია, ბეტისი-ალავესი
18 თებერვალი: უესკა-ბილბაო.

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველამ კარქათ ვიცით რა გუნდია რეალი და ნებისმიერი გუნდის დამარცხება რომ შოუძლია.
ფენომენო
11 თებერვალი 2019 16:24
4
მსაჯების რეინკარნაცია!!! რეალი ან ვერ იგებს ან მსაჯების დახმარებით აღწევს გამარჯვებას. სამარცხვინო გუნდი!!!
912
11 თებერვალი 2019 14:40
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული